ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა "ფაიზერის" ვაქცინის დამტკიცებას ელოდება


ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია "ასტრაზენეკას" მიერ შემუშავებულ ვაქცინასთან დაკავშირებით ახალი ცნობები ვრცელდება. კვლევის შედეგების თანახმად, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა დაახლოებით 70 %-ით ეფექტურია.

ჯანდაცვის სპეციალისტები "ასტრაზეენეკას" ვაქცინაზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ მისი დაბალი ფასის, ხელმისაწვდომობისა და შენახვის სიმარტივის გამო. თუმცა, მთავარ კითხვად რჩება, რამდენად დაიცავს ის ინფიცირებისგან 55 წელზე ასაკოვან ადამიანებს.

ზოგიერთ სხვა კანდიდატ ვაქცინასთან შედარებით, დაცულობის დაბალი მაჩვენებლებისა და ჩატარებული კვლევების გარშემო არსებული კითხვების მიუხედავად, ექსპერტების აზრით, ამ ვაქცინას მალე დაამტკიცებენ.

სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ვაქცინის კვლევების შედეგების ნაწილი გამოქვეყნდა. ამ მონაცემებით - 23,745 მონაწილეს შორის ვაქცინით დაცული 11,636 აღმოჩნდა. თუმცა ამ შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების გამოტანა რთულია, რადგან მონაწილეთა ნაწილმა პირველ შემთხვევაში დოზის მხოლოდ ნახევარი მიიღო, შემდეგ კი ვაქცინაციის მეორე ეტაპზე - სრული დოზა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათგან, ვინც თავდაპირველად ნახევარი დოზა მიიღო, ვაქცინამ დაავადებისგან 90% დაიცვა, ორი სრული დოზის მიღების შემდეგ კი - 62%. თუმცა, ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტის აზრით, მეორე ჯგუფი ზედმეტად პატარა იყო და მხოლოდ 2 741 ადამიანისგან შედგებოდა. ეს კი მათი აზრით ძალიან ცოტაა ეფექტურობის განსასაზღვრად. ამასთან, მათ შორის, ვინც ნახევარი დოზა მიიღო, 55 წელზე ხანდაზმული ადამიანები არ იყვნენ. მთლიანად კვლევაში კი მათი რაოდენობა 12%-ს შეადგენდა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს მონაცემები საკმარისი იმისთვის, რომ ვაქცინა ბრიტანეთის ან სხვა ქვეყნების მთავრობებმა დაამტკიცონ.

ამ კვლევების პარალელურად, დიდ ბრიტანეთში უკვე დაიწყო მოსახლეობის ნაწილის "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ვაქცინით აცრა. ამ ვაქცინის და მეორე, ამერიკელი მეცნიერების მიერ "მოდერნასთან" ერთად შემუშავებული ვაქცინის ეფექტურობა თითქმის 95%-ია.

შეერთებულ შტატებში "საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ" "ფაიზერის" ვაქცინას დადებითი შეფასება მისცა. სამშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კითხვები არ არსებობს.

კომპანიებმა ადმინისტრაციისგან ვაქცინის გავრცელების ავტორიზაცია მოითხოვეს. კანდიდატი ვაქცინა ამერიკაში გამოსაყენებლად შესაძლოა ამ კვირის ბოლოსაც კი დამტკიცდეს.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი პირობა დადო, რომ დამტკიცების შემთხვევაში პირველივე 3 თვეში ამერიკაში ვაქცინის 100 მილიონი დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც 50 მილიონი ამერიკელის აცრისთვისაა საჭირო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG