ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი საფრანგეთს მოუწოდებს, უარი თქვას შუამავლის როლზე ყარაბაღის კონფლიქტში


აზერბაიჯანის პარლამენტმა საფრანგეთს მოუწოდა უარი თქვას მედიატორის როლზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. პარლამენტის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც საფრანგეთის სენატმა მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

საფრანგეთმა რეზოლუცია 25 ნოემბერს მიიღო, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჩარევით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მთიან ყარაბაღში, სომხური ჯარების უკან დახევა და ცეცხლის შეწყვეტა გამარჯვებად აღიქვა აზერბაიჯანმა. ყარაბაღში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აზერბაიჯანის ტერიტორიად აქვს აღიარებული, ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. კონტროლს ტერიტორიაზე 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სომხეთი ფლობდა. ახლა კი ტერიტორიაზე კონტროლი, კვლავ აზერბაიჯანმა აიღო.

აზერბაიჯანის პარლამენტმა მოუწოდა თავის მთავრობას, გადახედოს პარიზთან ურთიერთობებს და მიმართოს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციას, რათა გააუქმოს საფრანგეთის როლი, როგორც 1992 წელს შექმნილი კონფლიქტის შუამავლობის ე.წ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარისა. საფრანგეთთან ერთად, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან შეერთებული შტატები და რუსეთი.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საფრანგეთის სენატის რეზოლუციამ, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა, შეარყია საფრანგეთის რეპუტაცია, როგორც სამართლიანი შუამავლისა და ეჭვქვეშ დააყენა მისი ნეიტრალიტეტი. განცხადებაში რეზოლუცია აღწერილი იყო, როგორც პროვოკაცია.

ოთხშაბათს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო სენატის რეზოლუცია და თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება საფრანგეთის ნეიტრალურ პოზიციას. მან იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ყარაბაღის დამოუკიდებლობა სომხეთსაც კი არ უღიარებია.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG