ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფრონტის ხაზი - არჩევნები 2020


2016 წლიდან დღემდე ამერიკაში არჩევნების უსაფრთხოებაზე საუბრისას გამორჩეულად დიდი ყურადღება დეზინფორმაციას და ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მცდელობას ეთმობოდა. განსაკუთრებით კი გავლენის იმ ოპერაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იმართებოდა. ხელისუფლება, სოციალური ქსელების კომპანიები და მკვლევრები წელს ამ გამოწვევას უფრო ორგანიზებულად და მომზადებულნი შეხვდნენ.

არჩევნებთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის საწინააღმდეგო ძალისხმევის სამიზნე ბოლო პერიოდში ამერიკის პრეზიდენტიც არაერთხელ გახდა: 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდეც და კენჭისყრის დღის შემდეგაც დონალდ ტრამპის განცხადებებს „ტვიტერი“ ხშირად სპეციალურ განმარტებას ურთავს. ეს განმარტებები ზოგჯერ ამ მტკიცებების სიმცდარეზე და ფაქტების არარსებობაზე მიუთითებს, ზოგან კი - დამატებითი ოფიციალური ინფორმაციის მოძიებას გვირჩევს.

2016 წლის შემდეგ კრემლთან დაკავშირებული მასშტაბური ონლაინ-ქსელები გამოვლინდა, რომლებიც კოორდინირებულად ცდილობდნენ ამერიკელთა განწყობებზე გავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან, ირანსა თუ ჩინეთთან დაკავშირებულ ძალებს 2016 წლის მსგავსად, არც წელს ჰქონდათ კეთილი განზრახვები, ანალიტიკოსების აზრით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ ძლიერი გავლენის მოხდენა ვეღარ მოახერხეს. ამასთან, მიუხედავად გავლენის აშკარა და ღია წყაროებისა, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებას დაუფარავად ცდილობდნენ, საინტერესოა, რომ ნაკლებ წარმატებული იყო სწორედ ის ფარული ოპერაციები, რომლებიც ყველაზე მეტ დაბნეულობას და მეტ დაპირისპირებას იწვევს საზოგადოებაში.

ყოველდღე გვეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა ირანთან, ჩინეთსა თუ რუსეთთან დაკავშირებულ ყალბ ანგარიშებს დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობა? დიახ, ისინი ამას აკეთებდნენ, თუმცა გავლენის გარეშე,
კამილ ფრანსუა

„ჩვენ უნდა განვასხვაოთ უცხო ქვეყნის გავლენა იმის მიხედვით ვისგან მოდის ის. არ უნდა განვიხილოთ ერთად ისეთი წყაროები, როგორებიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული მედია - „სპუტნიკი“, „რაშა თუდეი“ და სხვები“, - ამბობს კამილ ფრანსუა „გრაფიკას“ ინოვაციის მთავარი ოფიცერი და განმარტავს:

„ხშირად ამას ვურევთ ისეთ ფარულ საინფორმაციო ოპერაციებში, როგორებიცაა მაგალითად რუსი ტროლების მიერ თავის ამერიკელებად მოკატუნება. ამას ყოველდღე გვეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა ირანთან, ჩინეთსა თუ რუსეთთან დაკავშირებულ ყალბ ანგარიშებს დისკუსიის წარმართვის შესაძლებლობა? დიახ, ისინი ამას აკეთებდნენ, თუმცა გავლენის გარეშე.“

მკვლევრები ამბობენ, რომ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში გააქტიურებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა, გამოვლენილი ასობით ყალბი ქსელისა თუ გვერდის და ფიქტიური პიროვნებების წაშლამ მათი გავლენაც შეამცირა. კამილ ფრანკოისი ამბობს, რომ პირველი რუსული კამპანია, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს ეხებოდა 2019 წლის დეკემბერშივე გამოვლინდა. „ბევრი ასეთი მცირე ქსელის საქმიანობის გამოძიება და ჩახსნა მალევე, არჩევნებამდევე მოხერხდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომ ვერ ვხედავთ მათ ფართო, დიდ გავლენას არის ის, რომ ბევრი მათგანი უკვე გამოაშკარავებულია არჩევნებამდე თვეებით ადრე. ზოგიერთი სხვა ქსელი კი ზოგჯერ სხვა ალტერნატიულ პლატფორმაზე გადასვლას და დამავლას ცდილობს და შესაბამისად, მათი გავლენაც ნულია“, - ამბობს მკვლევარი.

„ფაბრიკა“, „ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორია “, „სტენფორდის ინტერნეტის ობსერვატორია“ და რამდენიმე სხვა ორგანიზაცია რამდენიმე თვის წინ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კვლევისა და ძალისხმევის უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად, გაერთიანდნენ და 3 ნოემბრის წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდს ერთობლივად აკვირდებიან.

ექსპერტებს არჩევნების პერიოდში დეზინფორმაციის რამდენიმე კონკრეტული მიმართულება და შესაძლო შედეგი განსაკუთებით აშინებდათ. მაგალითად, ყალბი ცნობები იმაზე, თუ როგორ უნდა მიეცათ ხმა ამერიკელებს პანდემიის დროს; შესაძლო ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, არეულობის ხელშეწყობა, შეთქმულების თეორიები, რომლებიც ადამიანების მეხსიერებაში ილექება; ასევე კენჭისყრის დღეს ყალბი ცნობები არჩევნებში გამარჯვებულ-დამარცხებულის შესახებ.

„საარჩევნო დეზინფორმაციასთან საბრძოლველად სხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობით მუშაობა ზაფხულშივე დავიწყეთ, მაშინვე ვხედავდით კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც შემდეგ უკვე დიდ, მეტა-ნარატივებად ყალიბდებოდა. მაგალითად იმის თაობაზე, რომ არჩევნების მასშტაბური გაყალბება მოხდებოდა - მცდარი ნარატივი, რომელიც არჩევნებამდე, ადრევე იყო თითქოს სივრცეში ჩაშვებული იმისთვის, რომ შემდგომ ცალკეული, კონკრეტული ფაქტები მისი ნაწილი გამხდარიყო და ამავე ყალბი მტკიცებისა და დეზინფორმაციის ჩარჩოში გაერთიანებულიყო“, - განმარტავს ქეით სტარბირდი, მკვლევარი, ორგანიზაციიდან „ადამიანზე ორიენტირებული დიზაინი და ინჟინერია“.

ალექს სტამოსი კი, „სტენფორდის ინტერნეტის ობსერვატორიის“ დირექტორი ამბობს, რომ ყველაზე მეტი კითხვა სწორედ საგარეო ჩარევის მცდელობასთან დაკავშირებით ჩნდება: "დიახ, ბევრი იყო ასეთი აქტივობა, თუმცა მეტწილად ღია, აშკარა წყაროებისგან. იმ მედიასაშუალებებისა თუ „ტვიტერ“ ანგარიშებიდან, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობებს ღიად უკავშირდება. თუმცა გავლენის ფარული ოპერაციები ცოტა იყო".

სტამოსი ფიქრობს, რომ 2020 წლის წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციას ხშირად ადგილობრივი ჯგუფები ან პირები უფრო აქტიურად, და რაც მთავარია, უფრო წარმატებულად ავრცელებდნენ, ვიდრე უცხო ქვეყნის მავნე გავლენის ოპერაციების ავტორები.

"ამჯერად პრობლემის უდიდესი ნაწილი ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც სოციალურ ქსელებში მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. მათ შეუძლიათ აიღონ ერთი კონკრეტული, მანამდე ნაკლებად ცნობილი იდეა ან ნარატივი, გააზიარონ და გააძლიერონ მისი გავლენა. ზოგჯერ უფრო ადვილია იმსჯელო იმაზე, როგორ შეიმუშავო წესები რუსი ტროლების წინააღმდეგ. მაგრამ როგორ უნდა გაუმკლავდე იმ ადამიანებს, რომლებსაც მილიონობით ადამიანი უსმენს და რელიგიური ერთგულებით შეიძლება ეცნობოდეს მათ სიახლეებს „ფეისბუქსა" თუ „იუთუბზე“, - ხსნის სტამოსი.

მართალია ხელისუფლებამ, კერძო კომპანიებმა და დეზინფორმაციის ექსპერტებმა 2020 წელს უცხოელი აქტორების ძლიერი გავლენის პრევენცია მოახერხეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე აღარ არსებობს. ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საჭიროა ესა თუ ის რეგულაცია, რომელიც ამერიკაში კერძო კომპანიების შიგნითვე ამოქმედდა დეზინფორმაციის გამოსავლენად და მასთან საბრძოლველად, ამ ყალბი ქსელების გავლენის შესამცირებლად სხვა ქვეყნებმაც გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG