რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები საკუთარ როლს თამაშობენ შეთქმულების თეორიების ე.წ. QAnon-ის გასაძლიერებლად. ეს აჩენს ეჭვებს რუსეთის მხრიდან ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ ჩარევასთან დაკავშირებით.
QAnon ინტერნეტში გავრცელებული შეთქმულების თეორიების ერთგვარი სახელია, რომელთა თანახმადაც სამყაროს სატანისტები და პედოფილები მართავენ და რომ ისინი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იბრძვიან. ამავე თეორიების თანახმად, ეს ადამიანები პარალელურად ბავშვების სექს ტრეფიკინგშიც არიან ჩართული მსოფლიოს მასშტაბით.
QAnon-ის მიმდევრებს სჯერათ, რომ ამ ერთგვარ სექტაში ჩართული არიან ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან, მაგალითად, ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა, ჯორჯ სოროსი, ოპრა უინფრი, ტომ ჰენკსი, ელენ დეჯენერესი და ბევრი სხვა. ასევე საუბარია რელიგიურ ლიდერებზეც, მაგალითად, რომის პაპსა და დალაი ლამაზე. ამ თეორიების შემქმნელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამ "გუნდის" წევრები კლავენ და ჭამენ საკუთარ მსხვერპლებს, რათა მათი სისხლიდან სიცოცხლის გახანგრძლივების ელექსირი მიიღონ.
მკვლევარები ამ ფენომენს 2017 წელს ინტერნეტ სივრცეში მისი პირველად გამოჩენის შემდეგ სწავლობენ. თუმცა, მათი თქმით, მაშინ QAnon-ის საქმიანობაში რუსეთის კვალი არ ჩანდა.
მელანი სმიტი, კომპანია „გრაფიკას“ სოციალური მედიის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ 2019 წელს "ინტერნეტის კვლევის სააგენტო", რუსული ე.წ. „ტროლების ქარხანა“ ამერიკის სპეციალური გამომძიებლის რობერტ მალერის ანგარიშში მოხვდა. ამის შემდეგ კი ამავე „ტროლების ქარხანამ“ დაიწყო გააქტიურება და ავრცელებდა ტვიტებს ჰეშთეგებით: #QAnon და #WWG1WGA. ეს უკანასკნელი მოძრაობის სლოგანია და ასე იშიფრება როგორც „Where We Go One, We Go All“ - „სადაც ერთი ჩვენგანი მიდის, იქ ყველა ჩვენგანია“.
ბოლო პერიოდში, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა მედია საშუალებებმა, როგორიცაა RT (წარსულში "რაშა თუდეი") და „სპუტკინკი“, QAnon-ის თეორიების ირგვლივ მასალების მომზადებაც კი დაიწყეს. მათ გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ჰილარი კლინტონს აკავებდნენ გაურკვეველი ბრალდებით. შემდეგ კი ამას დაემატა თემები ბავშვების ტრეფიკიგნთან და კორონავირუსთან დაკავშირებით.
დეზინფორმაციის ექსპერტი სინდი ოტისი, ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს მედიასაშუალებები და კრემლის მიერ მხარდაჭერილი სხვა მედიები QAnon-ის შესახებ წერენ და მას ასეთ ნარატივს არგებენ: „ამერიკა ნაწილებად იშლება, შეხედეთ როგორი დაყოფილია ის“.
მას შემდეგ, რაც ტვიტერმა QAnon-ის ათასობით ანგარიში დაბლოკა RT-მ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უფრო მეტ ყურადღებას მიაპყრობდა მოძრაობისადმი და დაამატა: „ამან [ანგარიშების წაშლამ] QAnon-ს მიმდევრებს მისცა ის მტკიცებულება, რასაც ეძებდნენ“.
გასულ კვირას, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა გააუქმა, QAnon-ის ჯგუფების, დაახლოებით, მესამედი და აკრძალა დანარჩენი ნაწილი, RT-მ მსგავსი შინაარსის სტატია ისევ გამოაქვეყნა.
მათი მხარდამჭერი სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, შეთქმულების თორიების მიმდევრებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს რუსული წყაროების გაზიარება სოციალურ მედიაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „გრაფიკა“ ავრცელებს.
„რუსეთი სულ უფრო მეტად ინტერესდება QAnon-ით“, ამბობს „გრაფიკას“ ინოვაციების უფროსი ოფიცერი კამილ ფრანსუა.
მკვლევრები „გრაფიკაში“, სტენფორდის უნივერსიტეტში და ყველგან, სადაც ამ თემას იკვლევენ, ამბობენ, რომ ჯერჯერობით QAnon-ი ძირითადად ამერიკის შიდა ფენომენია. თუმცა, სულ უფრო რთული ხდება იმის გარკვევა, თუ რომელია QAnon-თან დაკავშირებული ანგარიში და რომელი უბრალოდ კონკრეტული პოლიტიკოსის, თუ პარტიის მხარდამჭერი.
Facebook Forum