ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული საინფორმაციო ომი და საფრთხეები, რომელსაც ევროპა და ამერიკა უნდა გაუმკლავდნენ


დეზინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები და ინფოდემია. ეს ის საფრთხეებია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთისგან მოდის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ისე ამერიკის მიმართულებით.

ნინა ჯენკოვეცი
ნინა ჯენკოვეცი

როგორ ვერბძოლოთ რუსეთისგან მომავალ დეზინფორმაციას, რა ხერხებს და მეთოდებს იყენებს ის და როგორია იმ ქვეყნების წარმატებული მაგალითი, ვინც მოახერხა რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა? ეს საკითხები განიხილეს სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა ცენტრში წიგნის „როგორ წავაგოთ საინფორმაციო ომი“ პრეზენტაციაზე. წიგნის ავტორი ნინა ჯენკოვიცია, უილსონის ცენტრის მკვლევარი დეზინფორმაციის მიმართულებით.

წიგნში აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის გამოცდილებაზეა საუბარი. ავტორმა იკვლია ის, თუ რა სახის დეზინფორმაციას და ინფორმაციულ ომს ჰქონდა რუსეთის მხრიდან ადგილი საქართველოში, ესტონეთში, უკრაინაში, ჩეხეთსა და პოლონეთში.

ჯენკოვეცი თვლის, რომ ერთ-ერთი მთავარი ტრენდი რუსეთის მხრიდან ქვეყნის შიგნით არსებული მცირე კონფლიქტების გაღვივება და შემდეგ ამ კონფლიქტებისთვის მხარდაჭერა, მათი წახალისებაა. ზუსტად ასე მოიქცა ის ესტონეთში, უმცირესობაში მყოფი ეთნიკურად რუსი ხალხის ესტონეთის მთავრობის წინააღმდეგ წახალისების დროს.

თუმცა, წიგნის ავტორის თქმით, ესტონეთის მთავრობამ სწორად დაინახა პრობლემა და იმის მაგივრად, რომ ეთნიკურად რუსი ხალხისთვის, ან მათი ლიდერებისთვის, პირდაპირ გაეწია წინააღმდეგობა, ინვესტიციების ჩადება დაიწყო განათლების და რუსულენოვანი მედიის განვითარების სფეროში. ასე მთავრობამ ეტაპობრივად, ნაბი-ნაბიჯ დეზინფორმაციასა და ცრუ ახალ ამბებს სიმართლე და განათლება დაუპირსპირა. ეთნიკურად რუს ხალხს და კი აჩვენა, რომ მთავრობას მათი ესმის და მათ პრობლემებსა თუ გულისტკივილს იზიარებენ.

მედია წიგნიერიების მიზანიც ისაა, რომ წაახალისოს ონლაინ მომხმარებლები, შეცვალონ საკუთარი ქცევა და მხოლოდ სათაურის წაკითხვის, ან დაუყოვნებლიც სტატიის გაზიარების ნაცვლად, გადაამოწმონ ის რასაც კითხულობენ


სწორედ მეტი სიმართლის დაპირისპირებას ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის განვითარებას და საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის მიწოდებას თვლის რუსეთის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწორ გზად.

თუმცა, როგორც წიგნის ავტორი ამბობს, ამ სიმართლის მიწოდებასაც სწორი ფორმები და შინაარსი უნდა ჰქონდეს. სწორად უნდა გვესმოდეს მედია წიგნიერების შინაარსიც და მისი მთავარი მიზნებიც:

“ვფიქრობ, ხშირად არასწორად იგებენ იმას, თუ რა არის მედია წიგნიერება. ეს არ არის მხოლოდ ვინმესთვის ონლაინ სტატიიის გაგზავნა და იმის ჩვენება, რომ აი აქ არის სტატია, სადაც ფაქტებია გადამოწმებული და შენ მტყუანი ხარ. ეს [მედია წიგნიერება] ბევრად უფრო რთული საკითხია. ეს განმეორებითი პროცესია, რომლის მიზანიც არა მხოლოდ ისაა, რომ ადამიანებმა მიიღონ და დაიჯერონ გადამოწმებული ფაქტები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, არამედ ისიც, რომ თავად დაიწყოს ხალხმა ფაქტების გადამოწმება.

და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არ შეუძლია, რომ ზუსტად გადაამოწმოს ინფორმაცია, იმას მაინც მიხვდება, რომ კონკრეტული წყარო საეჭვოა და სხვაგან დაიწყებს ინფორმაციის გადამოწმებას. მედია წიგნიერიების მიზანიც ისაა, რომ წაახალისოს ონლაინ მომხმარებლები, შეცვალონ საკუთარი ქცევა და მხოლოდ სათაურის წაკითხვის, ან დაუყოვნებლიც სტატიის გაზიარების ნაცვლად, გადაამოწმონ ის, რასაც კითხულობენ“, ამბობს წიგნის ავტორი.

ეს გამოსავალი ჯენკოვეცს სწორად ესახება არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, არამედ ამერიკისთვისაც, რომელსაც რუსეთი მუდმივად თავს ესხმოდა და ესხმის. როგორც მაგალითად, 2016 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოხდა, ან როგორც ცოტა ხნის წინ, კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო. თუმცა, ამერიკის შემთხვევაში, მკვლევარი თვლის, რომ რუსეთისგან წამოსული საინფორმაციო საფრთხეები მთავრობაში ბევრად უფრო მაღალ დონეზე უნდა განიხილონ.

„პირველ რიგში, მთავრობის ძალიან მაღალ ეშელონებში უნდა აღიარონ, რომ დეზინფორმაცია ნამდვილად საფრთხეა და არ აქვს მნიშვნელობა, ის გარე აქტორებისგან მოდის, თუ ქვეყნის შიგნიდან ვრცელდება. ამასთან ერთად, კარგი იქნება, თუ მთავრობა ოფიციალურ პირს დანიშნავს და მისი მოვალეობა იქნება ამ თემაზე ამერიკის მთავრობასთან მუშაობა და კიდევ ერთხელ ვამბობ, არამარტო საგარეო, არამედ შიდა სახის დეზინფორმაციაზეც“, ამბობს ჯენკოვეცი.

თუმცა მისი აზრით, მხოლოდ მთავრობის დონეზე მუშაობა არ არის საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში განათლების სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთოს. „მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განათლების დეპარტამენტი და სხვადასხვა ქვეყნის სახლმწიფო მდივნები, ხალხი, ვინც არჩევნებს კურირებს, ასევე ჩაერთონ ამ სამუშაო ჯგუფში. საჭიროა, რომ ყველა, ვინც ამ დეზინფორმაციის სპექტრშია, ჩაერთოს და ერთად იმუშაოს… ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დეზინფორმაცია ხალხს ეხება,“ თქვა ჯენკოვეცმა.

წიგნის ავტორი თვლის, რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელსაც რუსეთის მხრიდან საინფორმაციო ომში უწევს ჩაბმა, მნიშვნელოვანია გაიაზროს, თუ რა მასშტაბის საფრთხესთან აქვს საქმე და ეროვნული უსაფრთხოების დონეზე მიუდგეს ამ საკითხს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG