ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამალა ჰარისი - ამერიკის არჩეული პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის ისტორია და მნიშვნელობა


„ჩვენ, ხალხს გვაქვს ძალა, რომ ავაშენოთ უკეთესი მომავალი“ - ეს სიტყვები ამერიკის არჩეულ 49-ე ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ეკუთვნის. მან ეს თავის საზეიმო სიტყვაში თქვა, რომელიც გამარჯვების ღამეს წარმოთქვა. 7 ნოემბრის ღამეს, კამალა ჰარისი სუფრაჟისტების მოძრაობის პატივსაცემად, თეთრებში იყო გამოწყობილი. სწორედ სუფრაჟისტებმა მოიპოვეს 100 წლის წინ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლება ამერიკაში. თეთრი ფერი კი მათი სიმბოლოა.

კამალა ჰარისის სიტყვაში ძალიან დიდი ადგილი სწორედ ქალებს ეკავათ. თავის სამადლობელ სიტყვაში, ჰარისმა დედამისიც გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. კამალა ჰარისის მშობლები იმიგრანტები იყვნენ. დედა - ინდოეთიდან, მამა კი - იამაკიდან. მათ ერთმანეთი ამერიკაში გაიცნეს და შვილებს, კამალას და მაიასაც იქ ზრდიდნენ.

„...[მადლობელი ვარ] დედაჩემის, შამალა გაპალან ჰარისის, ქალის, რომელიც ყველაზე მეტადაა პასუხისმგებელი ჩემს აქ ყოფნაზე... როდესაც ის ინდოეთიდან, 19 წლის ასაკში [ამერიკაში] ჩამოვიდა, ამ მომენტს ვერ წაროიდგენდა, თუმცა ყოველთვის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. ასე რომ, დღეს მე ვფირობ მასზე და ქალების თაობებზე, შავკანიან, აზიელ, თეთრკანიან, ლათინოს, მკვიდრ ამერიკელ ქალებზე, რომლებმაც ამ მომენტამდე მოგვიყვანეს. ქალებზე, რომლებმაც იბრძოლეს და დიდი მსხვერპლი გაიღეს ყველას თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“, თქვა ჰარისმა 7 ნომბერს, დელავერის შტატის ქალაქ უილმინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს.

კამალა ჰარისი გახდა პირველი ქალი, პირველი ფერადკანიანი, პირველი ინდური წარმოშობის და იმიგრანტების პირველი შვილი, ვინც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად ამერიკელმა ხალხმა აირჩია. გარდა ამისა, ამერიკას ეყოლება ისტორიაში პირველი - მეორე ჯენტლმენი, ჰარისის ქმრის, დაგ ემჰოფის სახით.

56 წლის კამალა ჰარისი ისტორიაში დარჩება, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, თუმცა აქამდე ის იყო პირველი ქალი, ვინც კალიფორნიის ოლქის პროკურორად აირჩიეს, ასევე პირველი ქალი, ვინც ორი ვადით იკავებდა მთავარი პროკურორის თანამდებობას. ახლა კი ის ამერიკის პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ქვეყანაში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე, მეორე ადამიანი იქნება.

„მე შეიძლება ამ ოფისში პირველი ქალი ვიყო, მაგრამ, ნამდვილად არ ვიქნები ბოლო“, თქვა ჰარისმა. ის გახდა ამერიკაში, და არამხოლოდ, ყველა გოგონას იმედი, რომ ერთ დღეს, მათაც შეუძლიათ ჰარისის ადგილას ყოფნა. „ქალების ადგილი არის ყველგან, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება“, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი, მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის ეს სიტყვები, ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ისტორაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აირჩიეს.

კამალა ჰარისი - ისტორიული ნომინაცია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00

ექსპერტი ვირჯინიის უნივერისტეტიდან, ბარბარა პერი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქალები გადამწყვეტ პოზიციებს იკავებდნენ, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში: „ჩვენ გვყავს ქალები უზენაეს სასამართლოში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, მაგრამ არასდროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ გვყოლია ქალი ვიცე-პრეზიდენტი და არც პრეზიდენტი. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ის ფერადკანიანი ქალი, იმიგრანტების შვილია, ვინც ამ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრებისთვის ჩამოვიდა“.

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტად ჯო ბაიდენმა აგვისტოში წარადგინა. მაშინ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ჰარისი ძალიან სწორი არჩევანი იყო და ის ბაიდენს შავკანიანი ამომრჩევლების ხმებს მოუტანდა. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, რობერტ გრიფინი „დემოკრატიის ფონდიდან“ ამბობდა, რომ ჯო ბაიდენს ახალგაზრდა აფროამერიკელ ამომრჩეველში იმაზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ჰილარი კლინტონს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „მას [კამალა ჰარისს] შეუძლია ის გააკეთოს, რომ ფოკუსირდეს ამ ახალგაზრდა აფროამერიკელების ჯგუფზე და დაუბრუნოს ამ პარტიას ის მხარდაჭერა, რომელიც მას 2016 წელს ჰქონდა აღნიშნულ ჯგუფში“.

რა ვიცით კამალა ჰარისის შესახებ - ჩართვა "მაესტროში"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:01 0:00

სულ რაღაც 55 წლის წინ, ფერადკანიან ამერიკელებს არ ჰქონდათ არჩევნებში თანაბრად და თავისუფლად მონაწილეობის მიღების უფლება, ვიდრე 1965 წელს „ხმის მიცემის უფლებების აქტი“ არ შეიქმნა. 1960 წელს რუბი ბრიჯი პირველი ფერადკანიანი გოგონა იყო, რომელიც ე.წ თეთრკანიანების სკოლაში მივიდა. მისი უსაფრთხოების გარანტირებისთვის კი მას პოლიცია მიჰყვებოდა თან. კამალა ჰარისიც, როგორც თავად ამბობს, ხშირად გამხდარა კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი. ერთ-ერთ ინტერვიუში ის იხსენებს, როგორ არ ეთამაშებოდნენ მას და მის დას, მაიას, სხვა ბავშვები იმიტომ, რომ მათ მშობლებს არ სურდათ, რომ შვილებს შავკანიან გოგონებთან ეთამაშათ. ახლა კი კამალა ჰარისი ამერიკის პირველი ფერადკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტია. შენონ ბოუ ობრაიენი ტეხასის უნივერსიტეტიდან, ამბობს, რომ „მნიშვნელოვანია, ხალხი ხედავდეს ძალაუფლების მქონე ისეთ ხალხს, ვინც მათნაირია“.

„დღეს დილით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატარა გოგონებმა გაიღვიძეს, განსაკუთრებით კი შავკანიანმა გოგონებმა, რომლებიც, შესაძლოა გრძნობენ, რომ მათ ზემოდან უყურებენ და საკმარისად არ აფასებენ საზოგადოებაში. მაგრამ დღეს, შეიძლება, ისინი საკუთარ თავს ახალი თვალი უყურებენ სარკეში“, თქვა ბაიდენმა ერთ-ერთ სიტყვით გამოსვლაში, როდესაც კამალა ჰარისზე და მისი ნომინაციის მნიშვნელობაზე საუბრობდა.

ვიცე-პრეზიდენტი ნებისმიერ დროს მზად უნდა იყოს ჩაენაცვლოს პრეზიდენტს და საჭიროების შემთხვევაში, მისი მოვალეობა შეასრულოს. ვიცე-პრეზიდენტის როლი წელს, გამორჩეულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან 78 წლის ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტია. ექსპერტები ვარაუდოებენ, რომ კამალა ჰარისი გამორჩეულად აქტიური იქნება თავისი მოვალეობების შესრულების დროს. ჯო ბაიდენმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის არ აპირებს მეორე ვადით კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებში, რაც, სავარაუდოდ, კამალა ჰარისს დემოკრატების მხრიდან, მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად აქცევს. მას ექნება შანსი გახდეს ამერიკის 47-ე და პირველი ქალი პრეზიდენტი.

თუმცა, ჰარისისა და ბაიდენისთვის თეთრ სახლში შესვლამდე კიდევ დიდი გზაა გასავლელი. მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ თმობს თავის პოზიციას, არ აღიარებს აქამდე გამოქვეყნებულ შედეგებს და ამის მაგივრად, არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად, სასამართლოში სარჩელები შეაქვს. სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ სასამართლო დავებს ძალიან ცოტა შანსი აქვთ, რომ არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოახდინონ.

საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება და ოფიციალურად მიანიჭებს გამარჯვებულს კოლეგიის ხმათა უმრავლესობას. შემდეგ ეს მონაცემები კონგრესს გადაეგზავნება და ოფიციალურად გამოცხადდება გამარჯვებული. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოფიციალური იანაუგურაცია კი 20 იანვარს გაიმართება და ამის შემდეგ ახალი პრეზიდენტი საქმიანობის შესრულებას შეუდგება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG