ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაიცანით კამალა ჰარისი- პოლიტიკოსი ქალი, რომელიც ისტორიაში უკვე შევიდა


სამშაბათს, დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა თავისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა. ის კამალა ჰარისია, 55 წლის, დემოკრატი სენატორი კალიფორნიიდან. კამალა ჰარისი თავად იბრძოდა იმისთვის, რომ დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, 2019 წლის დეკემბერში წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა, მოგვიანებით კი ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ სწორედ ის არის ლიდერი, ვისაც ხალხის გაერთიანება შეუძლია.

მაშინ, როდესაც კამალა ჰარისმა საკუთარი კანდიდატურა დააყენა და საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებისთვის იბრძოდა, მისთვის აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში დასმულ შეკითხვაზე რამდენად იბრძოლებდა ის უკრაინაში რუსული აგრესიის შესაკავებლად მან უკრაინასთან ერთად საქართველოც ახსენა და თქვა: " ორივეგან, უკრაინაში და საქართველოში რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა დემოკრატიულად არჩეული მთავრობისთვის ძირის გამოსათხრელად".

თუ ბაიდენი და ჰარისი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებენ, მაშინ კამალა ჰარისი ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ვინ არის კამალა ჰარისი და რატომაა მისი დასახელება ისტორიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი?

ისტორიული ნომინაცია

კამალა ჰარისი ამერიკის ისტორიაში მესამე ქალია, რომელიც ვიცე-

ვოლტერ მონდეილი და ჯერალდინ ფერარო
ვოლტერ მონდეილი და ჯერალდინ ფერარო

პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს. პირველი ქალი, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 1984 დემოკრატებმა დაასახელეს. ჯერალდინ ფერარო იყო ასევე, პირველი იტალიური წარმოშობის ამერიკელი ქალი, რომელიც ამ თანამდებობისთვის იბრძოლებდა და მას ძალიან კარგად ესმოდა, თუ რამდენს ნიშნავდა მისი ამ პოზიციაზე წარდგენა ქალებისთვის.

ჯონ მაკკეინი და სარა ფალინი
ჯონ მაკკეინი და სარა ფალინი

ამ ისტორიული წარდგენიდან 24 წლის შემდეგ, 2008 წელს რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თავის თანამებრძოლად და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სარა პალინი დაასახელა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატმა ბარაკ ობამამ მოიგო და ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა.

ვერც ჯერალდინ ფერარომ და ვერც სარა პალინმა ვიცე-პრეზიდენტობა ვერ შეძლეს, ვინაიდან მათი პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებმა მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები წააგეს. თუმცა, ეს მოვლენები, კამალა ჰარისის დასახალების მსგავსად, ისტორიული და უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო ამერიკის ისტორიაში. პალინმა კამალა ჰარისს ნომინაცია მიულოცა და თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა: „ამოდი ჩემი და ჯერალდინ ფერაროს მხრებზე ?? და ყველაზე შესანიშნავი ხედიდან შენს ცხოვრებაში გაითვალისწინე გაკვეთილები, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ“. პალინმა ჰარისს რჩევებიც მისცა: „იბრძოლე, რათა შენი გუნდი სულ შენთან იყოს“, „არ დაგავიწყდეს ქალები, რომლებიც შენამდე იყვნენ“.

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული მესამე ქალია, თუმცა ის პირველი შავკანიანი და პირველი ინდური წარმოშობის ამერიკელი ქალია, რომელიც ამ პოზიციაზე დაასახელეს.

ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს წელს განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს. ჯო ბაიდენი ახლა 77 წლისაა. იმ შემთხვევაში თუ ის პრეზიდენტი გახდება, ინაუგურაციის დროს, ანუ 2021 წლის იანვარში ის 78 წლის იქნება და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პრეზიდენტი გახდება. ბაიდენს აქამდე თავადაც უთქვამს და ექპსერტებიც თანხმდებიან, რომ, დიდი ალბათობით, ის მეორე ვადით კენჭს აღარ იყრის. ეს კი დემოკრატების მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისს აქცევს. მას შანსი ექნება, რომ ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს.

„სენატორი ჰარისი არის უდრეკი და ინოვატორი ლიდერი და ის იქნება არაჩვეულებრივი თანამებრძოლი კამპანიის დროს“, თქვა სიუზან რაისმა, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

გზა პროკურორობიდან სენატორობამდე

2003 წელს კამალა ჰარისმა სან-ფრანცისკოში, ოლქის პროკურორად იყარა კენჭი და თავის ყოფილ უფროსს ტერენს ჰალინანს მოუგო არჩევნები, სადაც ხმების 56,5 % აიღო. მაშინ ჰარისი პირველი შავკანიანი და პირველი ქალი გახდა, ვინც ეს თანამდებობა დაიკავა კალიფორნიის შტატში. ის 2010 წელს ასევე გახდა პირველი შავკანიანი ქალი, ვინც კალიფორნიაში გენერალური პროკურორის თანამდებობა მიიღო და ის თავიდან აირჩიეს 2014 წელს.

სანამ კამალა ჰარისს ოლქის პროკურორის ოფისში მუშაობდა, მან მოახერხა და შეცვალა მიდგომა თინეიჯერების პროსტიტუციასთან დაკავშირებით. მან სამართალდაცავებს შეუცვალა ორიენტაცია იმისა, თუ როგორ აღიქვამდნენ და ეპყრობოდნენ არასრულწოვან გოგონებს. ისინი აღარ იყვნენ კრიმინალები, რომლებიც სხეულით ვაჭრობდნენ, მათ უკვე აღიქვამდნენ, როგორც მსხვერპლებს.

კამალა ჰარისს აკრიტიკებენ მისი რამდენიმე სადაო გადაწყვეტილების გამო, რომელიც მან პროკურორობის დროს მიიღო. მათ შორის იმ კანონის მხარდაჭერისთვის, რომელიც იმ მშობლებს სჯიდა, ვინც ვერ ახერხებდა შვილების სკოლაში გაგზავნას. კრიტიკა გამოიწვია იმანაც, რომ 2004 წელს მან არ მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ კაცი, რომელმაც სან-ფრანცისკოელი პოლიციელი ისააკ ესპინოზა მოკლა. მოგვიანებით, მან არ დაუჭირა მხარი ორ კანონპროექტს, რომელიც სიკვდილით დასჯას აკრძალავდა. მაშინ, ჰარისს ბრალი პოლიტიკურ "ოპორტუნიზმში" დასდეს.

2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ჰარისს იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ მისი პროკურორობის დროს, მარიხუანის მოხმარების გამო, ბევრს იჭერდნენ. ჰარისი ახლა ამბობს, რომ მიდგომა ამ საკითხზე შეცვალა და ასეთი მკაცრი ზომების მომხრე აღარაა.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რომელიც ჰარისს, როგორც გენერალურ პროკურორს ჰქონდა, „ღია სამართლის“ პლატფრომის შექმნა იყო. ეს არის ონლაინ პლატფორმა, სადაც სისხლის სამართლის საქმეებზე წვდომა საზოგადოებასაც გაუჩნდა. ამ მონაცემების ბაზამ შესაძლებელი გახადა პოლიციის პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება გაზრდილიყო, ვინაიდან საჯარო გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, ან დაშავდა პოლიციის მიერ მათი დაკავების დროს.

კამალა ჰარისი 2016 წლიდან კალიფრონიის სენატორის თანამდებობას იკავებს აშშ სენატში. მაშინ მან არჩევნებში 20-წლიანი გამოცდილების მქონე დემოკრატ ლორეტა სანჩესს მოუგო. კამალა ჰარისი ცნობილია თავისი რთული შეკითხვებით, რომელსაც ის სენატში სხვადასხვა საკითხზე მისულ მოწმეებს უსვამს ხოლმე. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული 2017 წელს, მაშინდელი მთავარი პროკურორის ჯეფ სეშენსის დაკითხვა იყო რუსეთის გამოძიების საკითხზე. სამნახევარი წუთის შემდეგ პრკურორმა თქვა: „ძალიან მაჩქარებთ, ასე არ შემიძლია! ეს ძალიან მანერვიულებს“.

ჰარისმა კიდევ ერთი რთული დაკითხვა მოუწყო 2018 წელს ბრეტ კავანას, რომლის კანდიდატურაც მაშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უნდა დამტკიცებულიყო. კამალა ჰარისის შეკითხვები იმდენად მწვავე იყო კავანასთვის, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის წარდგენილი იყო ამ თანამდებობაზე, რომ მოგვიანებით, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პრეზიდენტმა ტრამპმაც გააკეთა. პრეზიდენტმა სენატორ ჰარისზე თქვა, რომ ის „საზიზღრად“ მოექცა მოსამართლის კანდიდატ კავანას.

კამალა ჰარისი სენატის რამდენიმე კომიტეტის აქტიური წევრია. ის მონაწილეობს იურიდიულ კომიტეტში, დაზვერვის, ბიუჯეტის კომიტეტებში და სენატის შიდა უსაფრთხოების და სამთავრობო საკითხების კომიტეტში. სენატორმა ჰარისმა განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი ამერიკელებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი უზენაესი მოსამართლეების დამტკიცების პროცესებზე. 2017 წლიდან მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაში, რომელთა შორის ის უშუალოდ სპონსორობდა 4 ცვლილებას, რომელიც კანონად დამტკიცდა. მათ შორისაა ისტორიული ღირშესანიშნაობების დაცვის და სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარების აქტები.

„შესაძლოა ბევრ რამეში პირველი იყო, მაგრამ დარწმუნდი, რომ არაფერში ხარ ბოლო“

კამალა ჰარისი ხშრად ამბობს, რომ დედამისი მისი მისაბაძი ადამიანი იყო. „დედა ხშირად ამბობდა ხოლმე-შესაძლოა ბევრ რამეში პირველი იყო, მაგრამ დარწმუნდი, რომ არაფერში ხარ ბოლო“, იხსენებს ჰარისი.

კამალა ჰარისი ოკლენდში, კალიფრონიის შტატში 1965 წლის 20 ოქტომბერს დაიბადა. დედამისი შიამალა გოპალანი, მკერდის კიბოს მკვლევარი იყო ინდოეთიდან, ხოლო მამა, დონალდ ჰარისი, ეკონომისტი იამაიკიდან. კამალა უფროსი ქალიშვილია და მას და, მაია ჰარისი ჰყავს. მშობლები მაშინ გაშორდნენ, როდესაც კამალა 7 წლის იყო. მას შემდეგ დებს დედა ზრდიდა, რომელიც ამავდროულად ადამიანის უფლებების დამცველი და აქტივისტი იყო.

კამალას სახელიც დედამ შეურჩია. სახელს „კამალა“ ინდური წარმოშობა აქვს და „ლოტუსს“ ნიშნავს, ის, ასევე, ინდუიზმის ქალღმერთის, ლაკშმის მეორე სახელიცაა.

კამალა ჰარისი დედასთან ერთად. ფოტო ჰარისის ფეისბუქიდან
კამალა ჰარისი დედასთან ერთად. ფოტო ჰარისის ფეისბუქიდან

ბავშვობაში ჰარისი დაჰყავდათ როგორც შავკანიანთა ბაპტისტურ ეკლესიაში, ისე ინდურ ტაძარში, რათა არ დაეკარგა არც სამხრეთ აზიური ფესვები, და არც შავკანიანთა იდენტობა. „დედაჩემი ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ის ორ შავკანიან გოგოს ზრდიდა“, წერს კამალა ჰარისი თავის ავტობიოგრაფიაში. "ის მოწადინებული იყო, რომ ჩვენ გავიზრდებოდით თავდაჯერებული, ამაყი შავკანიანი ქალები“.

კამალაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს მისმა ბებია-ბაბუამაც, რომლებიც ინდოეთში ცხოვრობდნენ. ბაბუამისი მაღალი თანამდებობის მქონე ოფიციალური პირი იყო, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ბებია კი აქტივისტი, რომელიც სოფლებში დადიოდა და ქალებს ოჯახის დაგეგმარებას ასწავლიდა.

გახდება თუ არა კამალა ჰარისი პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, ამის შესახებ ცნობილი 2020 წლის 3 ნოემბრის შემდეგ გახდება. სწორედ ამ დღესაა დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ხალხი ირჩევს როგორც პრეზიდენტს, ისე ვიცე-პრეზიდენტს. კორონავირუსის პანდემიის გამო ზოგიერთი შტატში ხმის მიცემა ფოსტით იქნება შესაძლებელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG