დემოკრატიული პარტიის ნომინაცია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, სენატორმა კამალა ჰარისმა ოთხშაბათს საღამოს ოფიციალურად მიიღო. ამით ის უკვე შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც მესამე ქალი და პირველი შავკანიანი ქალი, ვინც ერთ-ერთმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ასეთ მაღალ თანამდებობაზე წარადგინა. სენატორმა ჰარისმა სიტყვით გამოსვლის დროს მოუწოდა ხალხს, რომ იბრძოლონ "ამერიკისთვის, რომელიც ვიცით, რომ შესაძლებელია არსებობდეს".
55 წლის კამალა ჰარისი არის როგორც პირველი შავკანიანი, ასევე, პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ამერიკელი, ვინც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. კამალას დედა ინდოელი ემიგრანტი იყო, რომელიც ამერიკაში ძუძუს კიბოს კვლევებზე მუშაობდა. მან კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ფილიალში სადოქტორო პროგრამა დაასრულა. მამა კი ეკონომისტია, რომელიც ამერიკაში იამაიკიდან ჩამოვიდა. კამალა სულ 5 წლის იყო, როცა მშობლები გაცილდნენ და დედა მას და უმცროს დას მაიას მარტო ზრდიდა. ის 2009 წელს გარდაიცვალა.
დემოკრატიული პარტიის ყრილობის, ე.წ კონვენციის, მესამე დღეს კამალა ჰარისმა ამომრჩეველებს სიტყვით მიმართა. მან მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი პრეზიდენტი და რესპუბლიკელების 2020 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი. ჰარისმა თქვა, რომ პრეზიდენტი ვერ გაუმკლავდა კორონავირუსის პანდემიას და ვერ შეძლო ეკონომიკის ჩავარდნა თავიდან აეცილებინა. ჰარისის თქმით, "მისი [პრეზიდენტის] მმართველობის ჩავარდნა, ხალხს სიცოცხლის ფასად დაუჯდა".
იმავე საღამოს, სიტყვით გამოვიდა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა. მანაც გააკრიტიკა ტრამპი და თქვა, რომ ის პრეზიდენტობას ისე ეპყრობა, როგორც "კიდევ ერთ რეალითი შოუს", რომელიც პოპულარობას მოუტანს. ობამას თქმით, ტრამპი დემოკრატიას საფრთხეში აგდებს თავისი მმართველობის ავტორიტარული სტილით.
დემოკრატების საარჩევნო ბარათზე, მეორე ნომრად არჩევის შემდეგ, ჰარისმა ისაუბრა იმ პრობლემებზეც, რომელიც მისი აზრით ამერიკულ საზოგადოებაშია. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რასიზმი კვლავ პრობლემად რჩება და ეს მოსაგვარებელია. ვიცე-პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თქმით, აუცილებელია იმის გააზრება, რომ კანონით გათვალისწინებული სამართალი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს.
"არ შეგეშალოთ, იცოდეთ, რომ გზა რომელიც წინაა, მარტივი არ იქნება... მაგრამ გეფიცებით, რომ უკან არ დავიხევ და ყველა გამოწვევას პატისონად გავუმკლავდები. ჩვენ სიმართლეს ვიტყვით და ვიმოქმედებთ იმავე რწმენით, რომელსაც ახლა თქვენ ჩვენგან ითხოვთ", თქვა ჰარისმა თავის საზეიმო სიტყვაში.
ახლა უკვე ოფიციალურადაა ცნობილი, რომ დემოკრატების მხრიდან საარჩევნო ბიულეტენზე ჯო ბაიდენის და კამალა ჰარისის სახელები იქნება დატანილი. ხოლო რესპუბლიკელების მხრიდან მათ მოქმედი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი დაუპირსპირდებიან.
დღეს დემოკრატთა ეროვნული კონვენციის დასკვნითი დღეა, რომელზეც საზეიმო სიტყვით ჯო ბაიდენი გამოვა. რესპუბლიკელთა ეროვნული კონვენცია კი მომავალ კვირას, 24-27 აგვისტოს გაიმართება.
ამერიკელები არჩევანს 3 ნოემბერს გააკეთებენ. შტატების ნაწილში ხმის მიცემა ტრადიციული მეთოდით იქნება შესაძლებელი. ნაწილი, კი კორონავირუსის გამო ხმის ფოსტით მიცემას მიანიჭებს უპირატესობას. სწორედ ასეთი ცვლილების გამო, ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის გამოცხადდება არჩევნების საბოლოო შედეგები.
ხმების დათვლის შემდეგ ახალი პრეზიდენტი თავის საქმიანობას ოფიციალურად 2021 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.
Facebook Forum