ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატის იურიდიულმა კომიტეტმა ემი ბარეტის კანდიდატურას მხარი დაუჭირა


შეერთებული შტატების სენატის იურიდიულმა კომიტეტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, ემი კონი ბარეტის კანდიდატურას კენჭი უყარა და დაამტკიცა. ახლა ჯერი სენატის მთლიან შემადგენლობაზეა. სენატში უმრავლეოსბა რესპუბლიკელებს აქვს, ბარეტი კი პრეზიდენტ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურაა, ამიტომ, დიდი ალბათობით, სენატიც მხარს დაუჭერს მის დანიშვნას უზენაესი სასამართლოს მეცხრე მოსამართლის თანამდებობაზე.

იურიდიულ კომიტეტში მყოფმა დემოკრატებმა, ხმის მიცემას ბოიკოტი გამოუცხადეს და მხარი არ დაუჭერიათ კონსერვატორი ბარეტისთვის.

დემოკრატების პოზიცია, სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გააჟღერა. დემოკრატების აზრით, პრეზიდენტის მხრიდან, არასწორი იყო რუთ ბეიდენ გინსბურგის ადგილას, ემი კონი ბარეტის კანდიდატურის წარდგენა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ასე ცოტა დროა დარჩენილი. დემოკრატები თვლიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

შუმერმა მაგალითი 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდიდან მოიყვანა, როდესაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოსამართლე მერიკ გარლანდის კანდიდატურა წარადგინა უზენაეს სასამართლოში, თუმცა სენატის რესპუბლილებმა პროცესი დაბლოკეს. მაშინ მათი არგუმენტი დემოკრატების ახლანდელ არგუმენტს ეთანხმებოდა და ისინი ფიქრობდნენ, რომ მოსამართლის დანიშვნის უფლება, უკვე ახალ პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა.

„როდესაც მერიკ გარლანდი, არჩევნებამდე 8 თვით ადრე წარადგინეს, მაშინ უნდა მოგვეცადა არჩევნებამდე, ახლა კი, როდესაც საარჩევნო პროცესი დაწყებულია, ჩვენ ნომინაციის პროცესს ვაჩქარებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტია, რაც კი სენატს უნახავს“, თქვა შუმერმა.

მან ბარეტის დანიშვნის პროცესს უწოდა „ყველაზე ნაჩქარევი, პარტიულად ყველაზე მიკერძოებული და ნაკლებად ლეგიტიმური პროცესი, უზენაესი მოსამართლეების ნომინაციის ისტორიაში“.

კომიტეტის თავმჯდომარე ლინდსი გრემმა თქვა, რომ დემოკრატების მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება კენჭისყრისთვის „ზიანს აყენებს მოსმაართლე ბარეტს, რომელიც იმსახურებს ხმის მიცემას, მის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ“.

რესპუბლიკელებს სენატში 53, ხოლო დემოკრატებს 47 ადგილი უჭირავთ. გრემმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი ძალთა თანაფარდობით, ბარეტი მიიღებს სენატის თანხმობას.

„მოსამართლე ბარეტი იმსახურებს, რომ უზენაეს სასამართლოში იყოს და მისი კანდიდატურა დამტკიცდება“, თქვა გრემმა.

სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელი გეგმავს, რომ იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებას მიჰყვეს კვირას, როდესაც ბარეტის კანდიდატურის პროცედურული მოსმენები გაიმართება სენატის სრულ შემადგენლობაში.

თუ ბარეტის კანდიდატურა დამტკიცდება და მას სენატის საბოლოო თანხმობა ექნება, მაშინ უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი კონსერვატორი მოსამართლების მხარეს გაიზრდება. ამერიკას უზენაეს სასამართლოში 6 კონსერვატორი და 3 ლიბერალი მოსამართლე ეყოლება. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინსბურგი ლიბერალი მოსამართლე იყო და კოსნერვატორებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ.

უზენაესი მოსამართლეები ამერიკაში სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებიან და მათი გადარჩევა არ ხდება. ისინი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ემიგრაცია, კლიმატის ცვლილებები, არჩევნები, ერთსქესიანთა ქორწინება, ჯანდაცვის პროგრამა და ა.შ სწორედ ამიტომ, ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როდის და ვის წარადგენს პრეზიდენტი უზენაესი მოსამართლის კანდიდატად.

რუთ გინსბურგი და მისი ხმის მნიშვნელობა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:01 0:00

წელს ამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია, თავად არჩევნების დღემდე, 3 ნოემბრამდე კი 12 დღეა დარჩენილი. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე თქვა, რომ ფოსტით ხმის მიცემას არ ენდობა და არც ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემაზეა თანახმა, თუ არ დარწმუნდება, რომ არჩევნები, ნამდვილად, სამართლიანად ჩატარდა. თუ არჩევნებში რომელიმე მონაწილე მხარე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, მაშინ ჯერი უკვე უზენაეს სასამართლოსა და მოსამართლეებზეა. სწორედ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე გადაწყვეტს ამ შემთხვევაში არჩევნებისა და ამერიკის ბედს, მომავალი 4 წლის განმავლობაში.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG