რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები ამა თუ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას ხშირად კარგად ნაცადი ტაქტიკით, ზოგჯერ კი - ინოვაციური მეთოდებით ცდილობენ. „გაჰყევით ფულის კვალს“ - ამბობს "გერმანიის მარშალის ფონდის" მკვლევარი ჯოშ რუდოლფი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ, საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით გვიხსნის თუ როგორ ახდენს რუსეთი ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებზე ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკაზე მავნე გავლენას. ჯოშ რუდელფი ამერიკის სამთავრობო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დროს რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა ფინანსებისა და ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, იყო "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" დირექტორის მრჩეველიც. უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წევრობისას კი ობამას ადმინისტრაციაში რუსეთისთვის დასავლეთის მიერ სანქციების კოორდინირების საქმეს ხელმძღვანელობდა.
- ჯოშ, თქვენ იკვლევთ როგორ იყენებენ ავტორიტარული რეჟიმები ფულს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში გავლენის ოპერაციები გაატარონ. რას ნიშავს ტერმინი „მავნე დაფინანსება“ და რა ადგილი უკავია მას ავტორიტარების მიერ ფართო, საგარეო ჩარევის ისეთ მეთოდებს შორის, როგორებიც კიბერ-თავდასხმები თუ დეზინფორმაციაა?
საკითხის ასე დასმა ნამდვილად მართებულია, რადგან „მავნე დაფინანსება“ ხშირად სწორედ კიბერ-თავდასხმებთან თუ დეზინფორმაციის კამპანიებთან ერთად გამოიყენება. ამ ორ მიმართულებას ამერიკაში დიდ ყურადღებას უთმობენ, რადგან სწორედ ასე ვიცით, რომ რუსეთი 2016 წლის არჩევნებში ჩაერია. ჩვენი კვლევა კი აჩვენებს, რომ ფინანსური თავდასხმები ზუსტად ასევე ემუქრებოდა ჩვენს დემოკრატიას, გასული 10 წლის განმავლობაში. რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს 33 ქვეყანაში იმისთვის, რომ დემოკრატიულ პროცესებში 100-ზე მეტჯერ ჩარეულიყვნენ. მდგომარეობა კი უარესდება:
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ რეალური ძალა არის არა უცხო ქვეყნების დედაქალაქებში, არა მათ კაბინეტებსა თუ სამხედრო დანაყოფებში, არამედ, მაგალითად მინსკის ქუჩებში და საარჩევნო ურნებთან საქართველოსა და ამერიკაში.ჯოშ რუდოლფი
ადრე წელიწადში მხოლოდ ორი-სამი ასეთი შემთხვევა იყო, მაგრამ გასული ათწლეულის შუაში უკვე „წამლეკავი კამპანიები“ დაიწყო და ახლა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველ წელს 15-დან 30-მდე ასეთ შემთხვევას ვაფიქსირებთ.
იქნება ეს უცხოელი დონორები ბრიტანეთში, პარტიის კრედიტები საფრანგეთში, ნავთობით მიღებული შემოსავლები იტალიაში, კანონმდებლების მხარდაჭერა გერმანიაში თუ ულტრა-მემარჯვენე ვებ-გვერდები შვედეთში.
ყველაზე მეტი დარტყმა მაინც შეერთებულ შტატებზე განხორციელდა, პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს. საქართველოში კარგად იციან, რომ კრემლს ასე ვთქვათ, „ინსტრუმენტების, ხელსაწყოების მთელი ყუთი“ აქვს იმისათვის, რომ ფარული ფული გამოიყენოს - იქნება ეს ოკუპირებულ რეგიონებზე ფისკალური მანიპულაცია, ფარული საბანკო გადარიცხვები ე.წ. სამხრეთ ოსეთში თუ „პატრიოტთა ალიანსისთვის“ გამოყოფილი 8 მილიონი დოლარი. ეს არის ლეგალური და არალეგალური ტაქტიკების ნაკრები.
ჩვენ გვსურდა არა მხოლოდ გამოგვევლინა და დაგვეხასიათებინა ამგვარი შემთხვევები, არამედ დაგვეჯგუფებინა ისინი იმ კატეგორიებად, რომლებიც გვაჩვენებს, რა ცვლილებებია საჭირო სამართლებრივ და პოლიტიკის დონეზე იმისთვის, რომ უხოურ ფულს კარი დავუკეტოთ.
- თქვენი კვლევა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეთ, ამბობს, რომ ამგვარი დაფინანსების შემთხვევების 83 % შესაძლებელი გახდა სწორედ იმ სამართლებრივი ხვრელებისა და ჩავარდნების თუ პოლიტიკის უქონლობის გამო, რაც ავტორიტარულმა რეჟიმებმა გამოიყენეს. რა არის დემოკრატიული ქვეყნების ეს სისუსტეები, რომლებსაც ისინი ასე წარმატებულად და ეფექტურად იყენებენ მათივე წინააღმდეგ?
ჩვენთვის, ამერიკაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ბოლო ორი საპრეზიდენტო არჩევნებისასაა გამოყენებული, არის ფაქტი, რომ კამპანიების დაფინანსების შესახებ ჩვენი კანონმდებლობა კანდიდატებს აძლევდა საშუალებას, საიდუმლოდ მიეღოთ ე.წ. „არა ხელშესახები”, არამატერიალური დახმარება უცხოური ძალებისგან.
იქნებოდა ეს ოპონენტებზე კომპრომატები, გამოძიებები, ჰაკერული თავდასხმები, მედია-სერვისები, სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული შესყიდვები ე.წ. მერყევ შტატებში თუ სხვა - ყველაფერი, რისიც, იუსტიციის დეპარტამენტის განმარტებით, ციფრებში გამოხატვა ძნელია.
ამას გარდა, იყო მრავალფეროვანი არხები, რომელთა მეშვეობითაც ავტორიტარული რეჟიმების ფული იყო დახარჯული: ადამიანები, ე.წ. „გამტარი დონორები“, ფიქტიური კომპანიები, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებსაც დონორების გამჟღავნების ვალდებულება არ აქვთ, არამეინსტრიმული მედია-საშუალებები, კრიპტო-დონორი ბოტები, - მთელი ნაირსახეობა იმ ფინანსური არხებისა, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმები ინოვაციურად იყენებდნენ ჩვენს დემოკრატიაში ჩასარევად.
- მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ფინანსური ოპერაციები ყველაზე მეტად, რეგიონულად, ევროპაშია თავმოყრილი, ასკვნით, რომ ამერიკა მაინც ყველაზე ხშირი სამიზნეა. ანგარიშის დასკვნის თანახმად, ამერიკამ ვერ მოახერხა ამ მიმართულებით თავდაცვის გამყარება მას მერეც, რაც 2016 წელს არჩევნებში ჩარევის ეს ტაქტიკები ეროვნული უსაფრთხოების რისკად იქცა. რატომ ფიქრობთ, რომ აქამდე განხორციელებული ცვლილებები არ იყო ეფექტური ან არასაკმარისი?
ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთმა, ჩინეთმა და სხვა ავტორიტარულმა რეჟიმებმა 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს 33 ქვეყანაში იმისთვის, რომ დემოკრატიულ პროცესებში 100-ზე მეტჯერ ჩარეულიყვნენ.
- დიახ, ამერიკას ყველაზე მეტჯერ დაესხნენ თავს, პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს. იქნებოდა ეს გაერთიანებულ არაბთა საამიროების საიდუმლო აგენტების მცდელობა გავლენა მოეხდინათ ჰილარი კლინტონის კამპანიაზე თუ ქვეყნის შიგნით არსებული გავლენები. დონალდ ტრამპმა უცხო ქვეყნის მთავრობებს ხუთჯერ სთხოვა დახმარება ორი საარჩევნო კამპანიის პერიოდში.
ამ პროცესების რამდენიმე ასპექტზე მოხდა გამოძიება. მალერის გუნდმა შეისწავლა, რა მოხდა ტრამპსა და რუსეთს შორის 2016 წელს, მაგრამ ისინი არ წასულან უშუალოდ ფულის კვალზე. იქნება ეს უძრავი ქონებით ფულის გათეთრება, ათწლეულების განმავლობაში არსებული კავშირები მოსკოვთან, რუსი დონორების მიერ, „შაშხანების ეროვნული ასოციაციის“ დაფინანსება გერმანიის ბანკის გავლით თუ სხვა. იგივეა მეორე მხარესაც, მათ არ დაუდანაშაულებიათ საამიროები ჰილარი კლინტონზე გავლენის მოსაპოვებლად წარმოებული საიდუმლო მისიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმომადგენლები დაიჭირეს ერთმანეთისთვის „ვოთსაპ“ მესიჯების მიწერისას - კოდური სახელის მქონე - „ბაქლავის“ ოპერაციის განხორციელებისას. ეს არ მომხდარა და პირველ ყოვლისა, ასეთი გამოძიებების წარმოებაა საჭირო, ფულის კვალზე წასვლა.
ასევე, ჩვენ გვაქვს სამართლებრივი შავი ხვრელები, რომლებიც უნდა დაიხუროს: უდიდესი გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ, არის ის, რომ საგარეო გავლენის, ჩარევის საკითხი ამერიკაში უკიდურესად პოლიტიზებული თემა გახდა. ის ამერიკელებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს, აპირისპირებს და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისკენ გვიბიძგებს.
მაშინ, როცა უკვე გვაქვს კვლევები მონაცემები, ფაქტები, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ნაბიჯი, რისი გადადგმაც შეგვიძლია, არის ის, რომ ვთქვათ, ეს არ ეხება ერთ რომელიმე პარტიას ან კანდიდატს. ეს ჩვენი დემოკრატიის დაცულობის თემაა, სიკვდილ-სიცოცხლისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. და ეს მნიშვნელოვანია მიუხედავად ჩვენი პირადი მოსაზრებებისა თუ პარტიული მიკუთვნებულობისა, ჩვენ ყველანი ამერიკელები ვართ.
- თქვენს კვლევაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთი საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბიუჯეტებს თითქმის სრულად აფინანსებს. მავნე გავლენის ფინანსურ ოპერაციებს შორის ეს ასპექტი ხშირად არ განიხილება მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ არის ოკუპაციის გაგრძელებისკენ მიმართული და ერთ-ერთი ყველაზე დამაზინანებელი, მავნე ზეგავლენის საშუალებაა. როგორ ხედავთ თქვენ ამ პრობლემას?
რუსეთი ეუბნება „პატრიოტთა ალიანსს“, რა გზავნილები გაავრცელოს, რა ღონისძიებები დაეხმარება მას მტრობის გაღვივებაში, ოპონენტებს შორის დაპირისპირების გაზრდაში. საუბარია ქართულ ტელევიზიებში მოსკოვში შექმნილი რეკლამების გაშვებაზეც კი. ეს სანდო, ნამდვილი შემთხვევაა. ხელისუფლებამ ამის შესახებ რამე უნდა გააკეთოს.
ცხადია, ძნელია [ადგილობრივი] თანამდებობის პირებისთვის დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების 90 % რუსეთიდან მოდის, აფხაზეთში კი შემოსავლების - ორი მესამედი. ცხადია, ეს უდიდესი ბერკეტია და კრემლიც სწორედ ასე უდგება ამ საკითხს. ვლადიმირ პუტინი, როგორც “სუკ“-ის ყოფილი ოფიცერი, ფინანსურ სისუსტეს და დამოკიდებულებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდა და საკუთარი სარგებლისთვის იყენებს. ამ ფინანსური არხების გარდა, არის ვაჭრობის თემაც და ის, რომ მათი ეკონომიკა დამოკიდებული იყოს რუსეთის მიერ თუ რუსი ოლიგარქების მიერ მართულ ფინანსურ ორგანიზაციებზე.
სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, რუსეთს არ ეყო ის, რომ მისი ოკუპირება მოახდინა, ის ამ რეგიონს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვისაც კი იყენებს. არსებობს ფარული საბანკო სისტემა სამხრეთ ოსეთის გავლით. მოსკოვს არ შეუძლია პირდაპირ გადარიცხოს თანხები ოფიციალურად არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში, ეს მინსკის შეთანხმების პირობებს დაარღვევდა.
სამაგიეროდ, მან აღიარა სამხრეთ ოსეთი, ფინანსური და უშიშროების კუთხით არსებული საკუთარი ბერკეტების გამოყენებით, აღიარებინა მას აღმოსავლეთ უკრაინის ე.წ. რესპუბლიკები და შექმნა ფინანსური არხი იმისთვის, რომ მოსკოვიდან სამხრეთ ოსეთში გადარიცხული თანხები შემდეგ დონბასში გადაირიცხოს.
ასობით ფიქტიური კომპანია და საბანკო გადარიცხვაა ამაში ჩართული, რუსეთი ამ საკუთარ, „პატარა შვეიცარიას“ იყენებს იმისთვის, რომ მოახდინოს არა მხოლოდ უკრაინის დესტაბილიზაცია, არამედ ისეთი რეგიონებისაც, როგორიც დნესტრისპირეთია ან თუნდაც ყირიმის ნახევარკუნძული თუ საერთოდაც სირია.
აღიარება და სხვა ფინანსური ბერკეტები ერთი მთლიანი, დახვეწილი სქემის ნაწილია იმისთვის, რომ რეგიონში სტაბილურობას საფრთხე შეექმნას.
- ცოტა ხნის წინ საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთისგან შესაძლოა 8 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. რამდენად სახიფათოდ მიგაჩნიათ ამგვარი ფაქტები ქვეყნის დემოკრატიისთვის, მით უფრო საარჩევნო წელს და არჩევნებამდე ასე ახლოს?
საგარეო გავლენის, ჩარევის საკითხი ამერიკაში უკიდურესად პოლიტიზებული თემა გახდა. ის ამერიკელებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს, აპირისპირებს და ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისკენ გვიბიძგებს.
მარტივი, მთავარი ფაქტები არის ის, რომ კრემლს გამოყოფილი აქვს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 8 მილიონი დოლარი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. საუბარია რუსეთის დაზვერვის სამსახურებზე და მათთან დაკავშირებულ მოსკოვურ საკონსულტაციო ფირმაზე, რომელმაც უნდა წარმართოს მათი წინასასრჩევნო კამპანია. რუსეთი ეუბნება „პატრიოტთა ალიანსს“, რა გზავნილები გაავრცელოს, რა ღონისძიებები დაეხმარება მას მტრობის გაღვივებაში, ოპონენტებს შორის დაპირისპირების გაზრდაში. საუბარია ქართულ ტელევიზიებში მოსკოვში შექმნილი რეკლამების გაშვებაზეც კი.
ეს სანდო, ნამდვილი შემთხვევაა. ხელისუფლებამ ამის შესახებ რამე უნდა გააკეთოს. თუმცა თბილისი ალბათ, ამას არ გააკეთებს, რადგან სხვა ქვეყნების მსგავსი შემთხვევბის დროსაც, ასე ხდება. კორუფცია ღრმადაა ფესვგამდგარი, ასე რომ საბოლოოდ ამომრჩევლები იქნებიან ისინი, ვინც უნდა აჩვენონ პოლიტიკოსებს, თუ ვის ემსახურებიან ისინი.
თუმცა თუკი ამას იმ კონტექსტში განვიხილავთ, სამართლებრივმა ხვრელებმა მისცა კრემლს ამის საშუალება თუ ეს არალეგალური საქმიანობაა, უნდა ითქვას, რომ დიახ, საქართველოს კანონმდებლობა კამპანიის დაფინანსების ამა თუ იმ საკითხის კუთხით გასაუმჯობესებელია, მაგრამ რეალური პრობლემა ისაა, რომ ამ დროისთვის არსებული კანონებიც კი მხოლოდ ფურცელზეა და არ არის მკაცრად აღსრულებული.
ჩვენ მსგავსი პრობლემები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვაქვს. განსაკუთრებით კი სწორედ ახლა. იუსტიციის დეპარტამენტის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმე პრეზიდენტის სისხლის სამართლისა თუ პოლიტიკური შედეგებისგან დაცვაა. ასე რომ ორივე ამ ქვეყანაში, 3 დღით დაშორებულ არჩევნებში, ჩვენზე, ამომრჩევლებზეა დამოკიდებული ავიტანთ საგარეო ჩარევასა და კორუფციას, პოლიტიკოსების წინააღმდეგ არსებულ ბერკეტებს, თუ - არა.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ რეალური ძალა არის არა უცხო ქვეყნების დედაქალაქებში, არა მათ კაბინეტებსა თუ სამხედრო დანაყოფებში, არამედ, მაგალითად მინსკის ქუჩებში და საარჩევნო ურნებთან საქართველოსა და ამერიკაში.
- როგორ ფიქრობთ, განსხვავდება ამგვარი გავლენის ოპერაციები და ტაქტიკები დასავლეთის ქვეყნებში და მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ევროპაში, საქართველოსა თუ უკრაინაში? რამდენად უფრო მოწყვლადია მათი დემოკრატიული ინსტიტუტები ასეთი ფარული და მავნე ფინანსური ოპერაციების მიმართ და სად, რა უფრო ეფექტურად მუშაობს კრემლისთვის, არსებობს განსხვავებები ამ კუთხით?
იმ საზოგადოებებისა და მთავრობებისგან, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში ამ ყველაფერს დიდი ხანია უმკლავდებიან, ჩვენც უნდა ვისწავლოთ. ესაა ტაქტიკები, რომლებიც, პირველ ყოვლისა, კრემლმა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა, შემდეგ კი საქართველოსა და უკრაინის, თუ აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების მიმართ. შემდეგ, ვხედავთ ამ ტაქტიკებს უფრო აგრესიულად დასავლეთში, როგორც გასული ხუთი წლის განმავლობაში ვნახეთ.
თუმცა, ჩვენ ასევე ვამჩნევთ, რომ რეჟიმთან ახლოს, აღმოსავლეთ ევროპაში ეს ტაქტიკები და ქმედებები, როგორც წესი, უფრო არალეგალურია ვიდრე - სამართლებრივი ხვრელების გამოყენებით, როგორც ეს მეტწილად დასავლეთის ქვეყნებშია. იგივე ხდება ჩინეთთან და აზია-წყნარ ოკეანესთან დაკავშირებითაც.
როდესაც საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კრემლი საკუთარი საგარეო ინტერესის სფეროდ მიიჩნევს, ის ყოველთვის უნიკალურად იყენებს კონკრეტულ გარემოებებს, იმ მოთამაშეებს, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია, ოლიგარქიულ საცეცებს იმ ქვეყანაში. ვინაა უფრო მოწყვლადი, რომელი პოლიტიკოსი შეიძლება „იყიდოს“, რომელი სამართლებრივი შავი ხვრელი შეიძლება ამ ქვეყანაში გამოიყენოს და ა.შ.
გავლენის ოპერაციები განსაკუთრებით პრობლემურია ისეთ ქვეყნებში, სადაც მეტი კორუფციაა, მეტი უკანონო აქტივობის საშუალებაა. ეს სტრატეგიული ოპერაციები, რომლებიც კრემლის მაღალ ეშელონებში იყო ავტორიზებული, ეს სითამამე, ეს არაკანონიერება და სიხშირე, თითქოსდა ირეკლავს ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც დიდ ძალისხმევას დებს და დიდ პრიორიტეტს ანიჭებს კონტროლის მოპოვებას, ამ ქვეყნების პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, რადაც არ უნდა დაუჯდეს.
დასავლეთში სამართლებრივ შავ ხვრელებთან ერთად ამ პრობლემასთან გამკლავებას ხელს პოლიტიზება უშლის. აღმოსავლეთ ევროპაში კი ხშირად ისეთი შიდა მიზეზები, როგორიც კორუფციაა.
მთლიანობაში, ყველა "ფარული ინსტრუმენტის" ერთობლივი გამოყენება ალბათ მაინც საქართველოსა და უკრაინაში ვნახეთ. შემდეგ კი, ბოლო წლებში, ასევე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ნატოს წევრობას ცდილობდნენ/ცდილობენ, მაგალითად მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ვნახეთ კიბერ-თავდასხმებიც, საინფორმაციო მანიპულაციებიც, რუსი ოლიგარქების მიერ „პოლიტიკაში დახარჯული“ 10-15 მილიონი დოლარიც.
როდესაც საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კრემლი საკუთარი საგარეო ინტერესის სფეროდ მიიჩნევს, ის ყოველთვის უნიკალურად იყენებს კონკრეტულ გარემოებებს, იმ მოთამაშეებს, რომლებიც მისთვის ხელმისაწვდომია, ოლიგარქიულ საცეცებს იმ ქვეყანაში. ვინაა უფრო მოწყვლადი, რომელი პოლიტიკოსი შეიძლება „იყიდოს“, რომელი სამართლებრივი შავი ხვრელი შეიძლება ამ ქვეყანაში გამოიყენოს და ა.შ.
დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ყველაფერი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ. დემოკრატიებმა ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისგან. ჩვენ გვქონდა ესა თუ ის გამოძიება,მაგრამ როდის გავხსნით უფრო მოწყვლადი ასეთი გავლენების მიმართ? ასე რომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდ ავიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ ამ საფრთხეს დავუპირისპირდეთ.
- საგარეო ჩარევის - გავლენის მრავალფეროვანი ოპერაციების განხილვისას ყველაზე მთავარი, რაზეც ანალიტიკოსები თანხმდებიან, ისაა, რომ ამ გავლენის გაზომვა და მისი რეალური შედეგების შეფასება ძნელია. მით უფრო, თუკი პრორუსულ ძალებსა და ჯგუფებზე ვსაუბრობთ, როგორ ავლებთ ზღვარს გულწრფელ მხარდაჭერასა და ხელშესახებ, აშკარად უცხო ქვეყნის გავლენას შორის? ამასთან, ეს ჯგუფები ხშირად ცდილობენ საკუთარი თავი დასავლური ინსტიტუტების თუ მთავრობების მიერ დაფინანსებულ, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან გააიგივონ. თქვან, რომ ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია დასავლეთისგან, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იმართება. რა არის ამაზე პასუხი?
პირველ ყოვლისა, მართლაც ძალიან ძნელია იმის თქმა, რომელიმე არჩევნებში, რა იყო დეზინფორმაციის, პოლიტიკური პარტიების „მავნებლური დაფინანსების“ თუ ადგილობრივ, ქართულ ტელევიზიაში მოსკოვში შექმნილი ვიდეოების გაშვების რეალური გავლენა, და რა - არა. ვერ გვეცოდინება კონკრეტულად რამდენ ამომრჩეველზე იმოქმედებს ეს, ვერ ვიტყვით, რომ ეს არჩევნების შედეგებს გადაატრიალებს. მაგრამ როდესაც ჩვენ მილიონობით დოლარზე ვსაუბრობთ, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ: ამას ექნება გარკვეული გავლენა, მიუღებელი ოდენობის გავლენა. ეს სუვერენიტეტის არალეგიტიმური დარღვევაა, დემოკრატიები ამას უნდა დაუპირისპირდნენ.
რაც შეეხება უცხოური დაფინანსების მავნებლობას, ექსპერტები შეთანხმდნენ მოდელზე, რომელიც სამ შეფასებას აერთიანებს: ეს ფული უნდა იყოს ფარული, იძულებითი და კორუფციული. სწორედ ეს უნდა ავიღოთ, როგორც ფუნდამენტური შეფასება უცხო ქვეყნების მიერ დემოკრატიის გასაძლიერებლად დაფინანსებული პროექტების ავტორიტარული რეჟიმების დაფინანსებული ისეთი გავლენის ოპერაციებისგან განსასხვავებლად, რომლებზეც აქამდე ვსაუბრობდით.
ვლადიმირ პუტინი ამას ამერიკული დაზვერვის სპეცოპერაციად მიიჩნევს, რომელიც დემოკრატიას ძირს უთხრის, მაგრამ ეს კლასიკური „სუკ“-ის აგენტის მსოფლმხედველობაა. მაშინ, როდესაც ეს პროექტები სასამართლოს დამოუკიდებლობის, პრესის თავისუფლების, არჩევნების გამჭვირვალობის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების გაძლიერებისთვისაა დაფინანსებული. ეს გაცილებით გამჭვირვალე საქმეა ყველა მხრიდან და ასე, ხალხს აქვს საშუალება თვითონ გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ეს სწორედ იმის საწინააღმდეგოა, რა ბინძურ და ფარულ „ტრიუკებსაც“ რუსეთი იყენებს მხარეების ასარჩევად და მიზანში ამოღებული საზოგადოების დასაზიანებლად.