ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკული მედიის ჟურნალისტებს ვიზებს აღარ უახლებს


პეკინი ამერიკელი ჟურნალისტებისთვის ვიზებისა და აკრედიტაციის გაცემას ზღუდავს. ამერიკელი ჟურნალისტები, რომლებიც ჩინეთში მუშაობენ, ამბობენ, რომ მათ აკრედიტაციასა და ვიზას როგორც წესი, ერთი წლით უხანგრძლივებდნენ, ამჯერად კი მხოლოდ დროებითი აკრედიტაცია და ორთვიანი ვიზები მიიღეს. ეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბული სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობის კიდევ ერთი ნაწილია.

ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-ი ადასტურებს, რომ ჩინეთის გადაწყვეტილება შეეხო ერთ-ერთ მის ჟურნალისტსაც, ამერიკაში დაბადებულ დევიდ კულვერს. "ნიუ-იორკ თაიმსის" თანახმად, CNN-ის გარდა, შეზღუდვა შეეხოთ "უოლ-სტრიტ ჯორნალისა" და "გეტი-იმიჯის" ჟურნალისტებსაც. ეს უკანასკნელი მთელ მსოფლიოში არაერთ მედიასაშუალებას ციფრული ფოტოებით უზრუნველყოფს.

"თაიმსი" წერს, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თუკი ტრამპის ადმინისტრაცია იმ ჩინელი ჟურნალისტების ქვეყნიდან გაძევებას გადაწყვეტს, რომლებიც მაისიდან ახალი სავიზო რეგულალაციებით მუშაობენ, პეკინიც მსგავს საპასუხო ნაბიჯს გადადგამს.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მორგან ორტაგუსი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ამ ცვლილებით და ჩინეთის ქმედებები ქვეყანაში მედია-გარემოს კიდევ უფრო გააუარესებს.

ამ თემაზე უთანხმოება მარტში დაიწყო, როდესაც პეკინმა "ნიუ-იორკ თაიმსის", "ვაშინგტონ პოსტის" და "უოლ-სტრიტ ჯორნალის" რამდენიმე ჟურნალისტი ქვეყნიდან გამოაძევა. ეს კი მას მერე მოხდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთის ხელისუფლების მიერ მართულ, 5 მედია საშუალებებში მომუშავე ჩინელი ჟურნალისტების რაოდენობა ამერიკაში 100-მდე შეამცირა. მას შემდეგ, მაისში, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყველა ჩინელ ჟურნალისტს მხოლოდ 90-დღიანი სამუშაო ვიზა ექნებოდა, ნაცვლად იმ უვადო ვიზებისა, რომლებიც მათ მანამდე ეძლეოდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG