სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, იზრდება შეშფოთება ბავშვების მიერ ახალი კორონავირუსის ინფექციის კიდევ უფრო გავრცელების გამო. პანდემიამ წლის დასაწყისიდან 791 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 22.6 მილიონს აჭარბებს.
მასაჩუსეტსი პირველია ამერიკის შტატებს შორის, რომელმაც ოთხშაბათს, საბავშვო ბაღებში, საშუალო სკოლებში და კოლეჯებში გრიპის ვირუსის აცრა სავალდებულო გახადა. შემოდგომის და ზამთრისთვის დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შტატის ჯანდაცვის უწყებას სურს ამით კოვიდ-19-ის გავრცელების რისკები და შესაბამისად, დაავადებისთვის დამახასიათებელი გართულებების ალბათობა მინიმუმზე დაიყვანოს.
ბევრი დიდი მოცულობის კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვებს ახალი კორონავირუსი, უფროსებთან შედარებით, მსუბუქად გადააქვთ. მაგრამ, ჯანდაცვის სისტემებისთვის სწორი სტრატეგიის შესამუშავებლად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად ავრცელებენ ბავშვები ვირუსს და ამით რა რისკს უქმნიან მათ გარშემო მყოფ ადამიანებს.
უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები კოვიდ-19-ის ვირუსს (სარს-კოვ-2) ავრცელებენ მაშინაც კი, როცა თვითონ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ. "ეპიდემიოლოგიური მონაცემების მიხედვით და გავრცელებული შეხედულებების საწინააღმდეგოდ, პანდემია ბავშვებს არ ზოგავს" - ამბობს ექიმი ალესიო ფასანო, მასაჩუსეტსის ცენტრალურ საავადმყოფოში იმუნოლოგიური და ბიოლოგიური კვლევების დირექტორი და ამ საკითხზე ერთ-ერთი უახლესი კვლევის ხელმძღვანელი.
ექიმი ფასანო და მისი ბოსტონელი კოლეგები ამტკიცებენ, რომ ინფიცირებულ ბავშვებში ვირუსით დატვირთვა გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ზრდასრულებში, რომლებიც კოვიდ-19-ის გამო რეანიმაციაში იმყოფებიან. ამასთან, ვირუსით სარს-კოვ-2 მაღალი დატვირთვა ნაპოვნია ყველა ასაკში, ჩვილი ბავშვებიდან დაწყებული, 17 წლამდე მოზარდებით დამთავრებული.
მასაჩუსეტსის ექიმების და მეცნიერების კვლევა დღეს გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემა "პედიატრიის ჟურნალში". მასში მონაწილე ბავშვების მეოთხედს ვირუსი უპოვეს. ვირუსის მაღალი დატვირთვა კი იმას ნიშნავს, რომ ისინი კოვიდ-19-ის გავრცელების ძალიან მაღალი რისკის მატარებლები არიან.
კვლევაში მონაწილე ინფიცირებული ბავშვების თითქმის მესამედს კავასაკის სინდრომი აღმოაჩნდა. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი ახალი კორონავირუსის ძალიან სერიოზულ გართულებად ითვლება, რომელიც ზოგჯერ ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება და შესაძლოა სასიკვდილო იყოს.
შეერთებულ შტატებში სკოლების ნაწილი უკვე გაიხსნა. ქვეყნის მასშტაბით ერთიანი რეგულაცია არ არსებობს, სასწავლო დაწესებულებები ჯანდაცვის ადგილობრივი სიტუაციის მიხედვით გაცემულ რეკომენდაციებზე დაფუძნებით იხსნება.
სწავლა ამერიკაში ზოგან ფიზიკური დასწრებით, ზოგან მხოლოდ ონლაინ მიმდინარეობს, ბევრი კი უპირატესობას შერეულ მეთოდს ანიჭებს. მთავრობები აცხადებენ, რომ სკოლების დახურვა საზიანოა საზოგადოებისთვის და ვნებს აკადემიურ პროგრესს, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას, თუ საკვების უსაფრთხოებას.
Facebook Forum