გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები ახალი სასწავლო წლიდან ჩვეული რეჟიმით ვერ იხსნებიან, ეს კი შესაძლოა მთელ თაობაში საგანმანათლებლო კრიზისის გამომწვევი გახდეს.
გუტერეშმა ამის შესახებ სამშაბათს, ვიდეო ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ გაერო ახალ კამპანიას იწყებს "გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი", რისი მიზანიც პოსტ-პანდემიურ სამყაროში ოფიციალური, ფორმალური განათლების აღდგენა და წახალისებაა.
გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ივლისის შუა რიცხვების მონაცემებით, დაახლოებით ერთი მილიარდი ბავშვი 160-ზე მეტ ქვეყანაში ოფიციალურ განათლებას ვერ იღებდა. 40 მილიონი ბავშვი კი წინასასკოლო განათლებას ვერ იღებს. გუტერეში ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ასევე უმცირესობათა წარმომადგენლები, ლტოლვილები თუ იძულებით გადაადგილებული ბავშვები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან, რომ შესაბამის განათლებას ვერ მიიღებენ.
გუტერეში ამბობს, რომ 250 მილიონი ბავშვი მსოფლიოში ისედაც სკოლის კედლებს მიღმა იყო და სათანადო განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ახლა კი ეს "თაობის კატასტროფაა, რომლის შედეგადაც შესაძლოა დაიკარგოს ადამიანური პოტენციალი, შესუსტდეს ათწლეულების განმავლობაში მიღწეული პროგრესი და გამწვავდეს ისედაც ფესვგადგმული უთანასწორობა", - ამბობს გუტერეში.
მისივე თქმით, მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს მას შემდეგ, რაც პანდემია კონტროლს დაექვემდებარება. მან ასევე მოუწოდა ყველას, რომ განათლების სფეროში დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში მეტი ინვესტიცია ჩაიდოს. განსაკუთრებით კი ციფრული ცნობიერების გაზრდის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
Facebook Forum