ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატის ეროვნული თავდაცვის აქტი საქართველოზე ახალ ცვლილებებს მოიცავს


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. აქტი საქართველოსაც შეეხება და სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს მოამზადოს ანგარიში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ.

2021 საბიუჯეტო წლის დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის თაობაზე, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, საარჩევნო რეფორმის განხორცილების, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების და მედიის უფლებების დაცვის მიმართულებით.

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანი ვალდებულია ამ საკითხებზე ანგარიში კონგრესს 6 თვეში წარუდგინოს.

„ამ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღეში, სახელმწიფო მდივანმა კონგრესის შესაბამის კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, რომელიც მოიცავს:

  1. ანალიზს, თუ რამდენად დგამს საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერბლად; და
  2. ანალიზს, საქართველოს მთავრობა აკეთებს თუ არა შემდეგს:

ა) ეფექტურად ახორციელებს საარჩევნო რეფორმას;

ბ) პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი [ხელისუფლების] ჩარევისგან;

გ) ეფექტურად ახორციელებს საჭირო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, მათ შორის, შეუზღუდავი წვდომა საჯარო ინფორმაციაზე;

დ) იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და დამოუკიდებელი მედიის უფლებებს;" - ნათქვამია დოკუმენტში.

აქტი ასევე ხაზს უსვამს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაუჭიროს „დემოკრატიული ღირებულებების განგრძობად განმტკიცებაში, საარჩევნო რეფორმის გზაზე კორუპციასთან ბრძოლის ვალდებულების შესრულებაში და მცდელობაში, რომ საქართველოს კერძო სექტორში საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყოს, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის და დაცვის კუთხით“.

თავდაცვის აქტი ასევე ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით ახლო თანამშრომლობა. წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მოიხსენიებს, როგორც აშშ-ის „მნიშვნელოვან მეგობარს“ და კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭრას.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის საბოლოო ვერსია მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც წარმომადგენელთა პალატა და სენატი მის საერთო ვარიანტზე შეჯერდება და მოგვიანებით კონგრესის მთელი შემადგენლობით უყრის კენჭს. სენატმა აქტის საკუთარი ვერსია უკვე მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG