ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენი კატკო აგვისტოს ომს იხსენებს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს


რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. ამერიკა, რომელიც 2008 წელს ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და აქტიურად იყო ჩართული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში, დღემდე საქართველოს მოკავშირედ და პარტნიორად რჩება.

ამერიკაში კარგად ახსოვთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის სისხლიანი მოვლენები. სწორედ ამას ეხებოდა კონგრესმენ ჯონ კატკოს წერილი, რომელიც მან რამდენი საათის წინ თავის "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა:

"ამ კვირაში 12 წელი გადის მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა. საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ანექსია და განგრძობითი ოკუპაცია არის მძლავრი შეხსენება იმისა, რომ საჭიროა პარტნიორობა ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირეებთან საზღვრებს გარეთ. მათ შორის ბევრი დამოკიდებულია ამერიკის დახმარებაზე მტრულად განწყობილ ქვეყნებთან გამკლავებაში. მაშინ, როდესაც არ უნდა გვჭირდებოდეს სამყაროსთვის იმის შეხსენება, რომ პატივი უნდა ვცეთ [ქვეყნების] სუვერენიტეტს, სამწუხაროდ გვიწევს ეს გავაკეთოთ, ვინაიდან აგრესია და ოკუპაცია მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება.

რუსეთის მხრიდან შეჭრა მოხდა არა მხოლოდ საბრძოლო ტერიტორიაზე, არამედ კიბერსივრცეშიც, სადაც მათ შეტევა მიიტანეს კრიტიკულად მნიშნელოვან ინფრასტრუქტურულ და საკომუნიკაციო წერტილებზე და ამით მნიშვნელოვნად შეასუსტეს საქართველოს უნარი ჰქონოდა საპასუხო მოქმედებები. მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსადმი, ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ მსგავსი შეტევები თავიდან ავიცილოთ და დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირეებს მზადყოფნაში ასეთი თავდასხმის მოსაგერიებლად", წერია კონგრესმენის განცხადებაში.

კონგრესმენი ჯონ კატკო რესპუბლიკური პარტიის წევრი და ნიუ-იორკის 24-ე ოლქის წარმომადგენელია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში. ის ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG