ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ დაიწყო ომი? რუსული პროპაგანდა საქართველოში


აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირების დაწყებისას, კრემლი უარყოფდა ცნობებს, რომ მისი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებოდნენ. მოსკოვი აცხადებდა, რომ მის ტექნიკას და ჯარისკაცებს საზღვარი არ გადაუკვეთიათ. მოსკოვის სახელმწიფო მედია ცენტრალურ მთავრობას კიევში „ფაშისტთა ხუნტად“ მოიხსენიებდა. თუმცა დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიუხედავად, რუსული ვერსია ცოტამ თუ ირწმუნა. ნაწილობრივ, ამის მიზეზი, 2008 წლის საქართველოს გამოცდილება იყო.

რუსული პროპაგანდა, მსგავსად უკრაინის მოვლენებისა, საქართველოს შემთხვევაშიც აცხადებდა, რომ მოსკოვის მიზანი მხოლოდ სამშვიდობოების დაცვა იყო და რომ იქ ოსების გენოციდის თავიდან აცილებას ცდილობდა. ის თბილისს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა და ცდილობდა საერთაშორისო არენაზე ეს მესიჯი გაევრცელებინა. 2009 წელს, მკლევარი სვანტე კორნელი წერდა, რომ რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა „რათა მსოფლიოსთვის დაეჯერებინა, რომ ომი არა რუსეთმა, არამედ საქართველომ დაიწყო“.

უკრაინის მოვლენებმა გაფანტა ეჭვები რუსეთის მიზნების შესახებ და გააქრო 2008 წლის მოვლენების გარშემო არსებული კითხვები, მიუხედავად ამისა, საქართველოში დებატები იმაზე, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, არ წყდება. გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით ბრალს სააკაშვილის მთავრობას და საქართველოს მხარეს დებენ. ეს ადამიანები ნებით თუ უნებლიეთ იმეორებენ კრემლის პროპაგანდას 2008 წლის ომთან დაკავშირებით.

„ჩვენ გვესმოდა იგივე უკრაინის შემთხვევაში, ბევრი უკრაინას დებდა ბრალს. რუსეთს ბევრი არაფრის გაკეთება არ სჭირდება, რადგან არსებობს მოსაზრება (რომელიც საინტერესო გამოსაკვლევია) ჰეგემონის თაობაზე, რაც საქართველოშიც და უკრაინაშიც გვესმის, რომ არ უნდა გავაკეთოთ არაფერი, რათა არ მოვახდინოთ რუსეთის პროვოცირება, რადგან ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს რუსეთი, ჩვენ ვიცით, რომ ისინი აგრესიულები არიან და ვიცით როგორ უპასუხებენ. ჩვენ ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ“, - ამბობს ავტორი და მკვლევარი პიტერ პომერანცევი. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა ამ მესიჯებს ღიად ავრცელებს სოციალურ და ტრადიციულ მედიაში და შეფარვითი გავლენის აგენტების, იმ ადამიანების გამოყენებით, რომლებიც ამ მესიჯებს იმეორებენ.

მედიის განვითარების ფონდის დირექტორი, თამარ კინწურაშვილი საუბრობს იმ მიზნებზე, რის მიღწევასაც ეს გამოცემები თუ გავლენის აგენტები ცდილობენ.

„მიზანი არის, რომ რუსეთს მოუხსნან ყველა იმ ქმედებაზე პასუხისმგებლობა, რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში. ისინი ამკვიდრებენ აზრს, რომ ამერიკას და დასავლეთს არ აქვს ინტერესი რუსეთთან ურთიერთობა დაარეგულიროს და რომ მათ სურთ საქართველო გამოიყენოს ბუფერად, რუსეთის წინააღმდეგ, რომ ეს არ არის ორი ქვეყნის, საქართველოსა და რუსეთის, დაპირისპირება, არამედ ორ დიდ იმპერიას შორის პაექრობა, რასაც ეწირება ჩვენი ინტერესები. ეს არის ნარატივი, რომელიც ასაზრდოებს მოსაზრებას, რომ ომის დაწყება არის საქართველოს ბრალი“, - ამბობს კინწურაშვილი.

პროპაგანდის იარაღი

რუსული ტელეკომპანიების სახელმწიფო სამსახურში ჩაგდომა, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება. 2001 წელს „ენ-ტე-ვეს“ რეიდმა, რომლის მიზეზიც ტელევიზიის მიერ ჩეჩნეთის მეორე ომში, მოსკოვის ქმედებების კრიტიკა გახდა, მედიაგარემო რუსეთში დრამატულად შეცვალა. ამას, მოსკოვის მიერ „რაშა თუდეის“ (RT) და "სპუტნიკის" შექმნა მოჰყვა. დღეს, "RT" და "სპუტნიკი" 34 ქვეყანაში მოუწყებლობენ და ინფორმაციას 30 ენაზე გადასცემენ. რუსული დეზინფორმაციის მანქანა სწორედ 2008 წლიდან დაიხვეწა. საქართველოსთან ომის შემდეგ „რაშა თუდეი“ – „RT”-იდ რებრენდინგდა. მისი მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი უარყოფს, რომ ამის მიზეზი არხის რუსული კავშირების დაფარვა იყო. გამოცემა მაყურებელს "მეტი კითხვის დასმისკენ" მოუწოდებდა.

პროპაგანდის წყარო, სახელმწიფო მედიასთან ერთად, სხვა უფრო პატარა მედია გამოცემები და არასამთავრობო ორგანიზაციებია. საქართველოში რუსეთთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს შორის, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიხედვით, „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“ არიან, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“, „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“ და „რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირი“.

ეს ორგანიზაციები ასევე უკავშირდებიან ისეთ მედია გამოცემებს, როგორიცაა „საქართველო და მსოფლიო" (geworld.ge), „საქინფორმი““ და "ივერიონი“. რუსეთთან კავშირების გამყარებაზე მუშაობენ ასევე ორგანიზაციები, როგორიცაა „კავკასიური თანამშრომლობა“, „გლობალური კვლევების ცენტრი“, „ერეკლე მეორის საზოგადოება“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციებს რუსეთში პარნტნიორები ჰყავთ. მათ შორის, რუსი ევრაზიონისტი და კრემლის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერი, ალექსანდრ დუგინი და სამთავრობო ფონდები: „რუსული სამყარო“ და „გორჩაკოვის ფონდი".

„საქართველოში გვხდება პირდაპირი რუსული პროპაგანდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებული მედიების მეშვეობით - ესაა „სპუტნიკ საქართველო“, რომელსაც გაცილებით ნაკლები აუდიტორია ჰყავს. ასევე, რუსულენოვანი ტელეარხები უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მაგრამ იგივე ნარატივს ავრცელებენ ქართულენოვანი მედიებიც, როგორიცაა „ობიექტივი“, „ასავალ-დასავალი“ და „საქართველო და მსოფლიო“, რომელთაგანაც ზოგს პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთთან და ზოგს ირიბი“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

ამ ორგანიზაციებს ერთი რამ აერთიანებს: ისინი რუსეთთან, როგორც მართლმადიდებელ ძალასთან კავშირებზე და მეგობრობის აღდგენაზე აპელირებენ, წარმოაჩენენ მოსკოვს, როგორც ტრადიციების დამცველს, ხოლო დასავლეთს, როგორც მორალურად გარყვნილს. ეს რიტორიკა საქართველოსა და სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუსული ნარატივის ნაწილია. რუსეთი ცდილობს ნოსტალგიის, საერთო საბჭოთა კულტურის, ისტორიის, მართლმადიდებლური მეგობრობის და ძლიერი მმართველის ხატის გამოყენებას იმ ქვეყნებში, რომლებმაც 1990-იან წლებში არასტაბილურობა გამოიარეს. ამ პროცესში კრემლი დასავლეთს წარმოაჩენს, როგორც ნაკლებად დაინტერესებულს ადგილობრივების ბედით. მედია და ეს ორგანიზაციები რუსეთს აღწერენ, როგორც კონსერვატიზმის და ტრადიციული ღირებულებების დამცველს და დასავლური ლიბერალიზმის ანტიდოტს, პუტინს კი როგორც მორალურ ლიდერს, რომელიც რელიგიურ და ოჯახის ღირებულებებს იცავს.

თუმცა, ნოსტალგიური, ისტორიული და კულტურული ფაქტორების მიღმა, პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ფიზიკური საფრთხის, იდენტობის თუ არასტაბილურობის გარშემო შიშის გაღვივებაა.

„ომის შიში არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელსაც იყენებენ. ერთი ის, რომ წინა ხელისუფლებამ ომი ამერიკის წაქეზებით დაიწყო. მეორე ის, რომ თუ ჩვენ ვითანამშრომლებთ ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ჩვენ გავაღიზიანებთ რუსეთს და მის პროვოცირებას მოვახდენთ“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი. „NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების 40 პროცენტი, რომელთაც არ სურთ ნატოსთან თანამშრომლობა, ერთ-ერთ მიზეზად ომის დაწყების შიშს ასახელებდა. ბუნებრივია, ადამიანებს აქვთ ფიზიკური უსაფრთხოების შიში. შეიძლება ეს ყველაზე არ მოქმედებდეს, თუმცა გარკვეულწილად, შიშების დათესვა რუსული პროპაგანდის იარაღია. ფიზიკური უსაფრთხოების შიში უკავშირდება, ძირითადად, ან ლუგარის ლაბორატორიას, რომ ვირუსი მოგკლავს, ან რომ რუსეთთან განახლებული ომი ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას“, - თქა მან.

რუსულმა ქმედებებმა უკრაინაში აჩვენა, რომ კრემლი არა მხოლოდ ტერიტორიისთვის, არამედ ადამიანის გონებებისთვისაც იბრძვის. შიშის ფაქტორი ამ მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მესიჯი შეიცავს გარკვეული ძალადობის ფაქტორს, რათა ადამიანთა გონებაში დააკავშიროს ის, რომ დამოუკიდებლობის სურვილი სისხლისღვრას გამოიწვევს. ამის მიზანი ხალხში დამოუკიდებლობის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულების გაღვივებაა“, - ამბობს პიტერ პომერანცევი. „რუსეთი ადამიანის გონებაში ქმნის ფილმს - ასოციაციების წყებას, რომელიც აკავშირებს დამოუკიდებლობის სურვილს განცდასთან, რომ ეს საშიშია. მათი ნაბიჯების მიზანი სამხრეთ ოსეთში თუ დონბასში ინფორმაციულია. მათ არ აღელვებთ არც დონბასი და არც სამხრეთ ოსეთი სტრატეგიულად. ეს არაა კლასიკური ომი, რომლის მიზანიც ტერიტორიულია, არამედი ეს ინფორმაციული ომია“, - ამბობს ის.

რუსული დეზინფორმაციის კამპანიის მიუხედავად, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ მომავალს დასავლეთის ნაწილად ხედავს. ისინი მხარს უჭერენ ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, ხოლო რუსეთს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ აღიქვამენ. მოსკოვი სწორედ ამ კონსენსუსის შერყევას ცდილობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG