ქარიშხალმა "ისაიამ", ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირია. ქარიშხალი, რომელმაც ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია, სავარაუდოდ ხუთშაბათ დილით კანადისკენ გადაინაცვლებს. ამერიკის ამინდის ეროვნული სამსახურის თქმით, მან ძალა დაკარგა და სამშაბათს პოსტ-ტროპიკულ ციკლონად იქცა.
"ისაია" ოკეანის სანაპიროზე, ჩრდილოეთ კაროლინაში გამოჩნდა და თავიდან ის შეაფასეს, როგორც პირველი კატეგორიის ქარიშხალი. შემდეგ მან სწრაფად გადაინაცვლა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ძალა დაკარგა. თუმცა, გზად მოიტოვა მოგლეჯილი ხეები, წყალდიდობა და მთელ რიგ დასახლებებში ელექტროენერგიის გამორთვა.
მერილენდის შტატში, ხარიშხლის დროს მოგლეჯილი ხე მანქანას დაეცა, მანქანის მძღოლი ქალი კი გარდაიცვალა. კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ასევე მანქანას ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. მსგავსი სიტუაციის გამო გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი დელავერის შტატში, ერთი კი პენსილვანიაში.
ძლიერი ქარი დაფიქსირდა დელავერის, მერილენდის, ნიუ-ჯერსისა და ვირჯინიის შტატებში. მსუბუქი ტრავმები დაუფიქსირდა რამდენიმე ბავშვს ფილადელფიაში, სადაც ქარმა საბავშვო ბაღს სახურავი ახადა.
Facebook Forum