ამერიკის ზრდასრული მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობა მქონეა. 30 წლის წინ შეერთებულ შტატებში მიიღეს „აქტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამერიკელთა შესახებ“. კანონის თანახმად, შშმ პირთა დისკრიმინაცია აიკრძალა და მილიონობით ამერიკელის ცხოვრება გაუმჯობესდა. საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტები შეიქმნა საქართველოშიც, თუმცა უფლებადამცველები მის დეკლარაციულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის რეალურ გარანტიებს არ უზრუნველყოფს.
„მე რომ დავიბადე, დედაჩემთან ექიმი მივიდა და უთხრა: „თქვენი შვილი ჯუჯაა, ისეთი, როგორიც ცირკში გინახავთ“. ფაქტობრივად, ამ ერთი წინადადებით მან დედაჩემს მთელი ჩემი ცხოვრება და მომავალი განუსაზღვრა“, - ამბობს დენი ვუდბარნი, ამერიკელი კომიკოსი მსახიობი და აქტივისტი.
წლების განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაცია მთლ მსოფლიოში დაბადებისთანავე იწყებოდა. თუმცა გარემო და ეპოქა შეიცვალა... ვუდბარნს წარმატებული სამსახიობო კარიერა ჰქონდა, 30-ზე მეტ ფილმში ითამაშა, ეკრანებზე კი 150-ზე მეტჯერ გამოჩნდა ამა თუ იმ სატელევიზიო შოუში.
კარენ გოსი, შშმ პირთა შესახებ ამერიკის კანონის საინფორმაციო ცენტრების ქსელის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ეს აქტი, არის კანონი „სამოქალაქო უფლებების შესახებ“, და მაშინ, როდესაც ამერიკას სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორია აქვს, წლების მანძილზე შშმ პირები ამ ბრძოლით მოპოვებული უფლებებით და დაცვის გარანტიებით ვერ სარგებლობდნენ. “ცხადი იყო, რომ ისინი არ იგულისხმებოდნენ, არ იყვნენ ჩართულნი ისევე, როგორც სხვა, მანამდე მარგინალიზებული ჯგუფები. ამ კანონის უმნიშვნელოვანესი ასპექტი ისაა, რომ ის ყველასთვის სამართლიანი, თანაბარი შესაძლებლობის შექმნის საშუალებას იძლევა“, - ამბობს გოსი.
აქტი კანონად პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის ხელმოწერის შემდეგ, 1990 წლის 26 ივლისს იქცა და დაიცვა მილიონობით ამერიკელი დისკრიმინაციისგან სკოლებში, სამუშაო ადგილზე, საჯარო თუ კერძო სივრცეებში. შედეგად, მილიობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა გოსი აღიარებს, რომ დასაქმების კუთხით ციფრები ჯერ ისევ დაბალია. 2019 წელს ამერიკის შრომის ბიუროს სტატისტიკის თანახმად, ზრდასრულ შშმ პირთა მხოლოდ 20 %-ზე ნაკლებს ჰქონდა სამსახური.
დენი ვუდბარნი ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ, შშ პირთა ჩართულობის ხაზგასმა და ამ უფლებების დაცვაზე საუბარი კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩემი ადვოკატირების ნაწილი, ჩემს საკუთარ ინდუსტრიაში, იყო იმისთვის, რომ შეიცვალოს დასაქმების ლანდშაფტი, მაგალითად შშმ მსახიობებისთვის, რადგან რწმენა ასეთია: თუ ვერ ხედავ, არ შეგიძლია, რომ ის გახდე“. მაშინ, კი როდესაც სამყარო უფრო ადვილად მისაწვდომი ხდება, საზოგადოებაში ბევრად მეტ შშმ პირს უნდა ვხედავდეთ, რაც მათ მიმართ სტიგმის დამარცხებაში დაგვეხმარება. თუმცა ცვლილებების 30 წლის შემდეგაც, ვუდბარნი ამბობს, რომ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრი რამაა:
„ჩვენ ჩართულნი უნდა ვიყოთ, ყველა ნაბიჯზე. იმედი მაქვს, რომ რა დისკუსიაც არ უნდა იყოს, მრავალფეროვნების თუ ჩართულობის საკითხებზე, კორპორაციის ლიდერი იქნება ეს თუ უფლებადამცველი, მათ ყოველთვის უნდა იგულისხმონ შეზრუდული შესაძლებლობები, რამდენად არაკომფორტულიც არ უნდა იყოს ეს მათთვის“, - ამბობს მსახიობი.
საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის რატიფიცირება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა, გადაიდგა ნაბიჯები ინკლუზიური განათლების, დასაქმების ხელშეწყობის თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ უფლებადამცველები წუხდნენ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობაზე. 2020 წლის ივლისიდან კი სწორედ ასეთი, საერთო აქტი - „კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ“ ამოქმედდა.
ნანა გოჩიაშვილი, ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, განმარტავს, რომ ეს აქტი, შშმ ამერიკელთა უფლებების დაცვის აქტის მსგავსად, უნდა გამხდარიყო დოკუმენტი, რომელიც ყველა უფლებას და მათი დაცვის გარანტიებს განსაზღვრავდა: „ეს იყო განაცხადი, მიზანი: ეს კანონი ყველა უფლებას უნდა შეხებოდა, ყოფილიყო ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ყველა უფლებასთან მიმართებით დაადგენდა სტანდარტს, რომლის მოთხოვნებსაც შემდეგ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტები დაეფუძნებოდა. კანონს აქვს ეს ამბოცია, მაგრამ დღეს არსებული ვერსიით, ეს შეუძლებელი იქნება“, - ამბობს უფლებადამცველი.
გოჩიაშვილი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განმარტავს, რომ 14 ივლისს ამოქმედებული კანონის მიღებამდე, ქვეყანაში შშმ პირთა უფლებები სხვადასხვა აქტში იყო გაბნეული და არ არსებობდა კანონი, რომელიც ამ საკითხებს გაააერთიანებდა და მოაწესრიგებდა. 2013-14 წლების შემდეგ კი, მას მერე, რაც გაეროს კონვენციის რატიფიცირება მოხდა, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი გადასინჯვა არ მომხდარა.
„ეს ახალი კანონი უნდა გამხდარიყო სწორედ ასეთი საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რომელიც მოაწესრიგებდა ყველა მიმართულებას შშმ პირთა უფლებების დაცვის სფეროში და შექმნიდა რეალურ გარანტიებს. თუმცა კანონმდებლობას აქვს ხარვეზები - როგორც უშუალოდ შემუშავების პროცესს, ასევე იმ რეგულაციებს, რომლებიც 2020 წლის 14 ივლისს შევიდა ძალაში. ის არ შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს, გარკვეულ შემთხვევაში უფრო დაბალ სტანდარტს აწესებს და რაც მთავარია, კანონის მიღმა არის დარჩენილი მთელი რიგი ისეთი უფლებები, რომლებიც ყველაზე უფრო დიდი გამოწვევაა ქვეყანაში“, - ამბობს გოჩიაშვილი.
უფლებადამცველი განმარტავს, რომ ამგვარი კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ხელისუფლების განაცხადი: შშმ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. მაგრამ მისივე თქმით, კანონში გამოტოვებულია ამ უფლებების დაცვის, აღსრულების კონკრეტული მექანიზმები, ნაბიჯები თუ ვალდებულებები: ახალმა კანონმა საერთოდ „ვერ დაინახა“ ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის დიდი ზომის ინსტიტუციების პრობლემა, ამბულატორიებისა და რეაბილიტაციის ცენტრების სისტემის გაუმართაობა და ამ კუთხით სერვისების უხარისხობა. ასევე, განათლების სხვადასხვა საფეხურზე მისაწვდომობის გაზრდა თუ დასაქმების და დასაქმების ადგილზე რეალური ხელშეწყობის მექანიზმების შექმნა:
„ასეთი კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის და ფაქტობრივად ხელისუფლებამ გააკეთა განაცხადი, რომ აღიარებს შშმ პირთა უფლებებს პრიორიტეტულად. ეს ნამდვილად არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა პრობლემები მდგომარეობს აღსრულებასთან დაკავშირებით. შშმ პირთა თემი და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები კანონს ვითხოვდით იმისთვის, რომ რეალურად გაუმჯობესებულიყო ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება. მთავარი გამოწვევა კი, რაც ამ კანონმდებლობას აქვს, არის მისი დეკლარაციულობა. ერთი მხრივ აღიარებულია ცალკეული უფლებები, მაგრამ ამ უფლებების აღსრულების ვალდებულება კანონმდებლობაში განსაზღვრული არ არის“, - ამბობს გოჩიაშვილი.
ქართველი უფლებადამცველები კანონის მიღებას მიესალმებიან, თუმცა სახელმწიფოსთვის ხარვეზებზე მითითებას და მათ გამოსწორებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებენ.
Facebook Forum