ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული მედია-სააგენტოს ახალი ანგარიში უსაფრთხოების ნორმების წლობით უგულვებელყოფას ავლენს


შეერთებული შტატების გლობალურმა მედია-სააგენტომ (USAGM) ორგანიზაციის შიდა მოხმარებისთვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ამ ფედერალურ ორგანიზაციაში უსაფრთხოების მიღებული ნორმების დაცვა სათანადოდ არ ხდებოდა. სააგენტო ზედამხედველობს საქართველოში ცნობილ ორ მაუწყებელს: "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას".

ანგარიში კიდევ უფრო აღრმავებს ფედერალური სააგენტოს ყოფილ და ახალ ხელმძღვანელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას. მას შემდეგ, რაც სააგენტოს ხელმძღვანელად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი მაიკლ პეკი ივნისში სენატმა დაამტკიცა, უწყების ქუდის ქვეშ მომუშავე მაუწყებლების ყველა ლიდერმა პოსტი ან თავისი ნებით დატოვა, ან ისინი პეკმა გააათავისუფლა.

96-გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, ფედერალურ უწყებაში დარღვევები თითქმის ბოლო 10 წლის მანძილზე ფიქსირდება. უსაფრთხოების ნორმების დაცვის გადამოწმება მაიკლ პეკმა, ორგანიზაციის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ივლისის ბოლოს მოითხოვა.

ანგარიშში დარღვევებს შორის სახელდება "დაუდევარი მიდგომა" როგორც თანამშრომელთა წარსულის გადამოწმების მიმართ, ასევე აღნიშნული მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით. ანგარიში ამტკიცებს, რომ უსაფრთხოების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება "სერიოზულ რისკს უქმნის ორივეს: სააგენტოს და მთლიანად ფედერალურ მთავრობას". საქმე იმაშია, რომ სააგენტოს თანამშრომლებს ხელი მიუწვდებათ სამთავრობო სისტემებზე, შენობებზე და ზოგჯერ ე.წ. მგრძნობიარე, ან საიდუმლო ინფორმაციაზეც კი.

ვითარების გამოსწორების მიზნით, ანგარიში მოითხოვს "სასწრაფოდ დაიწყოს ახალი გამოძიება" ყველა იმ ინდივიდის მიმართ, რომელთა წარსულის გადამოწმება 2012 წლის შემდეგ ჩატარდა. ეს შეეხება 1 527 თანამშრომელს, რომელთაგან 314 თებერვალში ხელახალ გადამოწმებას ექვემდებარებოდა.

აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს ჯონ ლანსინგი. ის შეერთებული შტატების გლობალურ მედია-სააგენტოს წლების მანძილზე უძღვებოდა. "გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია მაიკლ პეკის მცდელობა დაასუსტოს და არალეგიტიმური გახადოს "ამერიკის ხმა" და სააგენტოში შემავალი სხვა უწყებები, რომელთაც კონგრესმა მსოფლიოში მიუკერძოებელი და პროფესიონალური ჟურნალისტიკის მიწოდების მისია მიანიჭა" - განაცხადა ლანსინგმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG