ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამ დღეში 1,4 მილიონით მეტი ინფიცირებული და 20 000-მდე გარდაცვლილი - პანდემიის მეორე ტალღის საწყისი?


Მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში კოვიდ-19-ით ინფიცირებით ასობით ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არის ეს თუ არა პანდემიის მეორე ტალღის საწყისი ამის შესახებ სპეციალისტები ვერ საუბრობენ, მაგრამ ფაქტია რომ იზრდება როგორც ინფიცირებულთა ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. დღემდე ინფიცირებულია 17 მილიონზე მეტი, ხოლო გარდაცვლილია 700 000-მდე ადამიანი.

მხოლოდ ბოლო 3 დღეში მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1.4 მილიონით გაიზარდა, რაც მაისის მონაცემებს 2,5-ჯერ, ხოლო ივნისის მონაცმებს 2-ჯერ აღემატება.

ყველაზე რთული ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში. ამ ქვეყნებში ინფიცირებულთა ჯამური მონაცემი 9 მილიონს აჭარბებს.

ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებში

ამერიკის შეერთებულ შტატებში 4,2 მილიონს გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, დაახლოებით, 150 000 შეადგენს. Მხოლოდ გასულ 11 დღეში აშშ-ში ახალი კორონავირუსით 10 000 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე რთული ვითარება ფლორიდის და ტეხასის შტატებში. Მაჩვენებლები სწრაფად ამ დროისთვის ამერიკის დაახლოებით 30 შტატში მატულობს.

კოვიდ-19-ით ამერიკაში ყველაზე მეტი გარდაცვლილი ნიუ-იორკში, კალიფორნიაში, ვაშინგტონის შტატში და ფლორიდაშია. კალიფორნიასა და ფლორიდაში ვითარება ამ დრომდე რთულია. ფლორიდაში დახურულია თავშეყრის ადგილები და სანაპირო ზოლები, საავადმყოფოებში კი ათასობით მძიმე პაციენტი გადის მკურნალობას. მძიმე ვითარებაა ტეხასშიც, სადაც საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია.

Მიუხედავად რთული ვითარებისა ფლორიდაში ადამიანების გარკვეული ნაწილი სოციალური დისტანცირების წესების დაცვაზე უარს ამბობს. ასევე იმართება პირბადის ტარების საწინააღმდეგო აქციებიც.

ინდოეთი

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კოვიდ-19-ი 45 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ამავე პერიოდში კი 700 აღემატება. გასულ 24 საათში ინდოეთში კოვიდ-19 - 50 000 ადამიანს დაუდასტურდა. ეს მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული რაოდენობაა. ქვეყანაში პანდემიური ვითარება ბოლო კვირების განმავლობაში გართულდა.

Ბრაზილია

Ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 2,4 მილიონი ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 88 000- აღემატება. Ბრაზილიის პრეზიდენტი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. Მხოლოდ გასულ 24 საათში ბრაზილიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 40 000-ით გაიზარდა.

Საქართველო

Საქართველოში კოვიდ-19-ით ცოტა ხნის წინ მეჩვიდმეტე პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 1 155 ადამიანს დაუდასტურდა, მონაცემებს საქართველოს მთავრობა აქვეყნებს. ოფიციალური მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 927 ადამიანი. ამ დრომდე კარანტინშია 6 489 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ თუ საქართველოში ასეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება შენარჩუნდება სკოლები გაიხსნება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაზემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღა შესაძლოა საქართველოში სულაც არ იყოს. “მეორე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, ისიც რბილი ან საერთოდ არ იქნება,” - თქვა მან. საქართველო ამ დრომდე არ ანახლებს რეგულარულ ავიარეისებს, რის გამოც მთავრობის მიმართ კრიტიკა არ წყდება.

გერმანია

გერმანიაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება. რობერტ კოხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ლოტარ ვიელერი ამბობს, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას დაუდევრობა იწვევს.

"გერმანიაში არსებული ვითარება ძალიან მაღელვებს. ზრდა დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჩვენ გავხდით დაუდევრები,"- ამბობს კოხის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და აქვე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ დაარღვიონ სოციალური დისტანცირებისთვის აუცილებელი წესები.

ახალი შემთხვევების 40 პროცენტზე მეტი, ქვეყნის დასავლეთში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში ფიქსირდება.

გასული კვირიდან მოყოლებული გერმანიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. გერმანიაში ამ დროისთვის კოვიდ-19 206 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 9 000 აჭარბებს.

დიდი ბრიტანეთი

Ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში პანდემიის მეორე ტალღის ნიშნებია - ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. მან ასევე ახსნა მთავრობის რეკომენდაცია, რომ ბრიტანელებმა ესპანეთში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ. აქვე დიდი ბრიტანეთი ორკვირიან სავალდებულო საკარანტინე პერიოდს აწესებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ესპანეთიდან ჩამოვლენ.

“რისკი კვლავ იზრდება. Ჩვენ უნდა მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება და მივიღოთ გადამწყვეტი ზომები, იმ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც ინფიცირების რისკი მატულობს,”- თქვა ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთი ესპანეთთან ფრენებს არ აჩერებს და მთავრობის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით არის გამოცემული, წავლენ თუ არა ბრიტანელები ესპანეთში ამ გადაწყვეტილებას ისინი თავად მიიღებენ.

ესპანეთი

ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 282 000 აჭარბებს. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ-19 8 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ესპანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა 28 000 აჭარბებს. ქვეყნის მთავრობა ამბობს, რომ ვითარებას აკონტროლებს და ვირუსის აფეთქება არ მოხდება.

ევროკავშირი საზღვრებზე

ევროპაში შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული ევროკავშირმა საერთაშორისო ვიზიტორების მიღება კვლავ შეზღუდოს და ზოგიერთი ქვეყანა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. Გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირში შესვლა შესაძლოა დამატებით აეკრძალოთ კანადიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. ეს ქვეყნები ამ დრომდე უსაფრთხო სიაში არიან. ამავე სიაში საქართველოც იმყოფება.

Კოვიდ-19 და ტურიზმი

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ტურიზმი ასობით მილიარდი დოლარით აზარალა. ინფორმაცია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. Მონაცემებით ირკვევა, რომ მხოლოდ 2020 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ტურიზმის სფერომ 320 მილიარდის ოდენობის ზარალი ნახა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე 2009 წელს ფინანსური კრიზისის დროს ამავე სფეროსთვის მიღებული ზარალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსი არ მოქმედებს, როგორც გრიპი და ის სეზონური არ არის.

"ადამიანები კვლავ ფიქრობენ სეზონებზე. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ახალი ვირუსია... და ის სხვაგვარად იქცევა" - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში გამართულ ონლაინ კონფერენციაზე. მან ქვეყნებს სიფრთხილისკენ და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის ზომები მიღებისკენ მოუწოდა.

Მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვირუსი განსაკუთრებით, მასობრივი შეკრებების დროს ვრცელდება. ჰარისმა ასევე განმარტა, რომ ვირუსის ტალღებს ვადები არ აქვს. "ეს იქნება ერთი დიდი ტალღა. [კოვიდ-19-ის შემთხვევები] მაღლა აიწევს და შემდეგ ოდნავ დაბლა წამოვა. ყველაზე კარგი ის იქნება, თუ მრუდს გავასწორებთ და გავაკონტროლებთ," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG