ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 000 გარდაცვლილი 11 დღეში - ამერიკაში კოვიდ-19-ის ახალი რეკორდული მაჩვენებლებია


ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხშაბათს 150 000-ს გადააჭარბა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში. ამასთან, ბოლო 11 დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა.

ეს ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ყველაზე სწრაფი მატებაა მას შემდეგ, რაც ივნისის დასაწყისში 11 დღეში ამერიკაში შემთხვევების რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა.

ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო სამი კვირაა უწყვეტად იზრდება. გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა კი ივნისის შემდეგ პირველად იკლებს.


ინფექციის გავრცელების სწრაფმა ზრდამ არიზონაში, კალიფორნიაში, ფლორიდასა და ტეხასში საავადმყოფოების გადატვირთვა გამოიწვია. შტატების ნაწილი იძულებული გახდა ბიზნესების ეტაპობრივი გახსნა შეენელებინა და პირიქით, იმ შეზრუდვების ნაწილი აღედგინა, რომლებიც მარტის და აპრილის თვეებში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესდა.

ტეხასში ივლისში კორონავირუსით ყველაზე მეტი - 4 000 ადამიანი გარდაიცვალა. შემდეგია ფლორიდა, სადაც დაავადებას 2 900 ადამიანი ემსხვერპლა და მესამე კალიფორნიაა გარდაცვალების 2 500 შემთხვევით.

მიუხედავად ივლისის თვეში ინფიცირების სწრაფი ზრდისა, ნიუ-იორკი და ნიუ-ჯერსი მოსახლეობის რაოდენობაზე გაანგარიშებული გარდაცვლილთა რიცხვით კვლავ წამყვანი შტატებია.

მსგავსი გაანგარიშებით, პანდემიით 20 ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის, ამერიკა მეექვსე ადგილს იკავებს. 10 ათას სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პერუსა და ჩილეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG