ერთი კვირაში, სტამბოლში მდებარე ქრისტიანული მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლი, აია სოფია მუსლიმ მლოცველებს მიიღებს. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, აია სოფია მეჩეთად იქცა. თუმცა, მეექვსე საუკუნის საკათედრო ტაძარი თანამედროვე თურქეთის დამფუძნებელმა მუსტაფა კემალ ათათურქმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ქრისტიანული მემკვიდრეობის მუზეუმად გამოაცხადა. ამით, აია სოფია თურქეთის სეკულარიზმის და დასავლეთისთვის ხელის გაწვდენის სიმბოლოდ იქცა.
თურქეთის პრეზიდენტ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით აია სოფია მეჩეთად გადაკეთდა. თითქმის საუკუნის მანძილზე პირველად, 24 ივლისს იქ მუსლიმური ლოცვები ჩატარდება.
„ის [აია სოფია] ცივილიზაციებს აერთიანებს. ის უფრო მეტად, ვიდრე სხვა ნებისმიერი ძეგლი სტამბოლში, აჩვენებს ქალაქის ისტორიას. მათთვის ვისაც ეს გადაწვეტილება არ მოსწონს, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც ისლამისთვის ქვეყანაში უფრო დიდ როლის მინიჭება. ზოგი ამას ხედავს როგორც ავტორიტარის გადაწვეტილებას, როგორც უნდა ისე მოიქცეს, ან როგორც ათათურქის მემკვიდრეობის ნაბიჯ-ნაბიჯ განადგურების მცდელობას. ვფიქრობ, ყველა ეს მოსაზრება სწორია“, - ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ლისელ ჰინცი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.
ეს ნაბიჯი არა მხოლოდ ერთი ისტორიული ძეგლის ბედს განსაზღვრავს, არამედ ის თურქეთის ტრაექტორიაზე მიუთითებს და პრეზიდენტ ერდოღანის მიერ დასავლეთთან ურთიერთობაში აღებულ კურსზე მეტყველებს.
„საგარეო პოლიტიკური პერსპექტივიდან, ვფიქრობ ეს არის მცდელობის ნაწილი, რომ დასავლურმა სამყარომ ყურადღება დაუთმოს თურქეთს და ის სერიოზულად აღიქვას. დიდი ხანია, თუმცა განსაკუთრებით, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთს აქვს განწყობა, რომ მას როგორც ძლიერ ისლამურ ძალას, სხვები ვერ დაჩაგრავენ. თურქეთი ცდილობს თავი რეალურ გლობალურ და რეგიონულ მოთამაშედ წარმოაჩინოს“, - განმარტავს ჰინცი.
2002 წელს, როცა ერდოღანის ისლამისტური “სამართლიანობისა და აღორძინების პარტიამ” (AKP) საპარალამენტო არჩევნებში დიდ გამარჯვებას მიაღწია, თურქეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი თეზისი, საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს დოქტრინა „მეზობლებთან ნულოვანი პრობლემების“ პოლიტიკა გახდა. თუმცა ერდოღანის ხელისუფლებაში ყოფნის მეორე ათწლეულის გასვლასთან ერთად, რთულია იმ მეზობლების პოვნა, რომლებთანაც ანკარას პრობლემები არ აქვს.
თავდაპირველად, ერდოღანის პარტიის წარმატებამ საერთაშორისო დამკვირვებლები შეაშფოთა. ერდოღანის განცხადებამ, რომ ის მეტ ყურადღებას დაუთმობდა მის სამეზობლოს, დასავლეთის დედაქალაქებში აღქმული იქნა, როგორც ანკარის მცდელობა ზურგი შეექცია დასავლეთისთვის. მაშინ, ერდოღანის მთავრობა აცხადებდა, რომ სურდა წინ წაეწია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ბრიუსელის მხრიდან კი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პროცესის გაწელვამ ქვეყანაში იმედგაცრუება გააჩინა.
„ადრეულ ეტაპზე, ერდოღანი ცდილობდა ევროკავშირის მხარდაჭერა მოეპოვებინა, რადგან მას ქვეყნის შიგნით სამხედროები და სეკულარული ელიტა აშინებდა. თუმცა როგორც კი ძალაუფლება გაზარდა, ეს შიშები გაქრა და დაიკარგა ევროკავშირთან ურთიერთობის ინტერესი”, - ამბობს „კატონის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი მუსტაფა აკიოლი.
უთანხმოება დაიწყო ვაშინგტონის და ანკარის ურთიერთობებშიც - იქნებოდა ეს ერაყის ომი, ქურთების თუ ირანთან კავშირების საკითხი. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში ნაკლებად იყო ჩართული. ამან ანკარას მისცა იმედი, რომ ის რეგიონში ვაკუუმს შეავსებდა.
თუმცა, ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა, რომლის მიზანიც, კულტურული და რელიგიური წარსულის გათვალისწინებით, რეგიონში თურქეთის როლის გაზრდა იყო, თავდაყირა დადგა. ამის მიზეზი რეგიონში ისეთი მოვლენები გახდა, როგორიც იყო არაბული გაზაფხულის საპროტესტო ტალღა, სირიის სამოქალაქო ომი, ისრაელ-პალესტინელების ურთიერთობების დაძაბვა, ირანთან ურთიერთობების გართულება და ეგვიპტეში მუსლიმური საძმოს ლიდერის მოჰამედ მორსის რეჟიმის დამხობა.
„უნდა შეხედო, თუ ვინ ესაზღვრება თურქეთს: ესაა სირია, ირანი, ერაყი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი... ბევრი მეზობელი, ბევრი პრობლემით. ამიტომ ვფიქრობ, [ნულოვანი პრობლემების პოლიტიკა] ზედმეტად ოპტიმისტური გათვლა იყო, რადგან როცა ცდილობ, რომ ერთი პრობლემა მოაგვარო, მაგალითად დაათბო ურთიერთობა სომხეთთან, ეს აზერბაიჯანს არ მოსწონს. დღესაც ვხედავთ რა ხდება [აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის]. თურქეთი შეიძლება ამ კონფლიქტში ჩაერიოს“, - ამბობს ჰინცი.
თავად ერდოღანის სამომავლო ტრაქტორია მნიშვნელოვნად 2016 წლის გადატრიალების მცდელობამ განსაზღვრა. ანკარა მომხდარს ფეტულა გულენს აბრალებდა და შეერთებულ შტატებს პენსილვანიაში მცხოვრები თურქი რელიგიური ლიდერის ანკარისთვის გადაცემას სთხოვდა. ქვეყნის შიგნით კი რადიკალური ზომები იქნა მიღებული ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების და ე.წ. გულენისტების წინააღმდეგ. გადატრიალების მცდელობის შემდგომმა სადამსჯელო ღონისძიებებმა, უკვე დაძაბული ურთიერთობები დასავლეთთან კიდევ უფრო გააცივა.
„ერდოღანი 15 წლის წინ და ერდოღანი დღეს ორი სხვადასხვა ლიდერია. თუმცა რაღაცეები უცვლელია. ის მაშინაც მორწმუნე მუსლიმი იყო და დღესაც. მაგრამ შეიცვალა მისი რწმენის გამოხატვა პოლიტიკური თვალსაზრისით. მისი სიხისტე რამდენიმე მოვლენამ გამოიწვია, იქნება ეს 2016 წლის გადატრიალების მცდელობა, არაბული გაზაფხული თუ მუსლიმთა საძმოს ჩამოგდება ეგვიპტეში. პოლიტიკოსებს, რომლებიც დიდხანს რჩებიან ხელისუფლებაში, გარკვეული მიდრეკილებები უჩნდებათ. თურქეთის შემთხვევაში, ერდოღანის პიროვნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, ეს ავტოკრატიული პოპულიზმია“, - თქვა აკიოლმა.
დღეს, დასავლეთსა და თურქეთს შორის უთანხმოებების სია გრძელია, იქნება ეს ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებისა და ლტოლვილების თემა, გადაუჭრელი სასაზღვრო დავა საბერძნეთთან, ქურთების საკითხი თუ რუსეთთან დაახლოება.
ნატოს წევრი თურქეთი უფრო და უფრო ახლოს ურთიერთობს მოსკოვთან და ამას დასავლეთთან ურთიერთობაში ბერკეტად იყენებს.
ერდოღანის მიერ რუსული სარაკეტო სისტემა ეს-400-ის შესყიდვას ამერიკის კონგრესის და ნატოს შეშფოთება მოჰყვა. კონგრესი ამერიკული უახლესი სამხედრო მოიერიშე თვითმფრინავების, F-35-ების პროგრამიდან თურქეთის გარიცხვას განიხილავს. თუმცა, ადმინისტრაცია ამ დრომდე თავს იკავებს თურქეთის წინააღმდეგ ზომების მიღებისგან.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სირიიდან ამერიკული შენაერთების გაყვანა, ერდოღანისთვის მომგებიანი ნაბიჯი იყო. ოფიციალური ანკარა სირილ ქურთებს ქურთისტანის მუშათა პარტიის განშტოებად მიიჩნევს, რომელიც თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა ცნობილი. ანკარა წლების განმავლობაში გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამერიკის მიერ ქურთი მებრძოლების მხარდაჭერის გამო. ამერიკა კი აცხადებდა, რომ ქურთების მხარდაჭერა სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
„ფაქტს, რომ შეერთებულ შტატებს სურს საკუთარი გავლენის შემცირება ახლო აღმოსავლეთში, სირიაში და შესაძლოა ერაყშიც, თურქეთი, ისევე როგორც რუსეთი, ხედავს როგორც შესაძლებლობას“, - აცხადებს ჰინცი.
ახლო აღმოსავლეთში დასავლეთისა და შეერთებული შტატების როლის შემცირების კვალდაკვალ, ანკარა ცდილობს რეგიონული ძალის როლი მოირგოს. აია სოფიას მეჩეთად გარდაქმნაც ამ გზავნილს შეიცავს, რომ ერდოღანი ცდილობს თურქეთს, წარსული დიდება, ოსმალეთის იმპერიის დიდება დაუბრუნოს.
Facebook Forum