ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩავუშოღლუ: NATO-ს საქართველოსნაირი მოკავშირე სჭირდება, ამიტომ საჭიროა გაფართოება


მევლუთ ჩავუშოღლუ და გიორგი გახარია დავოსში
მევლუთ ჩავუშოღლუ და გიორგი გახარია დავოსში

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც შვეიცარიაში, რეტის ალპებში, წელს 50-ედ გაიმართა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოულოდნელად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემა წამოჭრა.

2020 წლის მთავარ საერთაშორისო ფორუმზე, პანელური დისკუსიის დროს, რომელშიც ჩავუშოღლუს გარდა, ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგი, პოლონეთის პრეზიდენტი დუდა, ავსტრალიის საგარეო მინისტრი ბიშოპი და იტალიის ევროპული საქმეების მინისტრი ამენდოლა მონაწილეობდნენ, ჩავუშოღლუმ ბრძანა, რომ თურქეთი ნატოს ზოგიერთი წევრისგან განსხავვებით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აწევრიანებენ საქართველოს ნატოში იმის გამო, რომ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ საქართველოს ვჭირდებით, ჩვენ კი საქართველოსნაირი მოკავშირე გვჭირდება, ამიტომ საჭიროა გაფართოება და საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს“
მევლუთ ჩავუშოღლუ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


„ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აწევრიანებენ საქართველოს ნატოში იმის გამო, რომ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ საქართველოს ვჭირდებით, ჩვენ კი საქართველოსნაირი მოკავშირე გვჭირდება, ამიტომ საჭიროა გაფართოება და საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

დავოსში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსის შიგნით გარკვეული უთანხმოების მიუხედავად, ნატო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად რჩება.

„მოსაზრება, რომ თითქოს ჩვენ თვალს ვადევნებთ ნატოს დასუსტებას, სინამდვილეში არასწორია. ამერიკა არ ტოვებს ევროპას“ - მიიჩნევს სტოლტენბერგი.

საქართველოს დელეგაციას დავოსში პრემიერი გახარია ხელმძღვანელობდა. მზარდი საერთაშორისო კრიტიკის და ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერების ფონზე, „ოცნების“ მთავრობის მეთაური, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებას შავი ზღვაზე გააქტიურებით გეგმავს:

„ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ უსაფრთხოების კონტექსტზე, განსაკუთრებით შავი ზღვის კონტექსტში და ეს ის ფუნქციაა, რომლითაც დღეს საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნაში. ამას ჩვენი პარტნიორები აფასებენ, ასევე აფასებენ საქართველოს ინტეგრირების ხარისხს ნატოსთან“ - ბრძანა გახარიამ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ბიზნესის და პოლიტიკის ლიდერებს დავოსში 1971 წლიდან მასპინძლობს. ფორუმის დამაარსებლისა და უცვლელი პრეზიდენტის - კლაუს შვაბის - თქმით, ის ამაყია იმ საზოგადოებით, რომელიც დავოსში ყოველწლიურად იკრიბება, რადგან სწორედ აქ წყდება, როგორი უნდა იყოს მსოფლიო ხვალ.

დავოსის ფორუმში მონაწილეობა ძვირადღირებული სიამოვნებაა. ფორუმის სტრატეგიული პარტნიორები, ყოველწლიურად, ორგანიზაციას 560 000 ევროს უხდიან, უბრალო წევრები - 56 000 ევროს. ამასთან ერთად, დავოსში ჩასული დელეგაციის ყოველ წევრზე 23 800 ევროა გადასახდელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG