ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ჩაშლილი პუტჩის მეოთხე წლისთავს აღნიშნავს


თურქეთი, მთავრობის წინააღმდეგ 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის მეოთხე წლისთავს, ცერემონიებით და მსხვერპლთა მოსაგონებელი ღონისძიებებით აღნიშნავს.

ოთხშაბათს, პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელსაც პუტჩის წინააღმდეგ მებრძოლი სამოქალაქო “ვეტერანები” ახლდნენ, ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში მოწყობილი მემორიალი გვირგვინით შეამკო და ილოცა. ერდოღანმა პუტჩის განადგურების გასახსენებელი ღონისძიებების სერია დაიწყო, მათ შორის პარლამენტშიც. “კოვიდ-19” პანდემიის გამო, ღონისძიებების მონაწილეებს პირბადეები ეკეთათ.

2016 წლის 15 ივლისს, ჯარის შემადგენლობაში მყოფმა ერთმა ჯგუფმა, ერდოღანის მთავრობის დასამხობად ტანკები, სამხედრო თვითმფრინავები და შვეულმფრენები გამოიყენა. პუტჩისტების მიერ ადამიანების მიმართ ცეცხლის გახსნის, პარლამენტის და სხვა სამთავრობო შენობების დაბომბვის შედეგად, მთლიანობაში 251 ადამიანი დაიღუპა. პუტჩის დაახლოებით 35 სავარაუდო მონაწილეც დაიღუპა.

თურქეთმა პუტჩის მცდელობაში ბრალი ამერიკაში მცხოვრებ, ერდოღანის ყოფილ მოკავშირე ფეთულა გულენს დასდო. გულენი ბრალდებას უარყოფს. მის ქსელს ტერორისტული ჯგუფის კვალიფიკაცია მიანიჭეს და სახელად ფეთულაჰისტი ტერორისტული ორგანიზაცია, იგივე “ფეტო” უწოდეს.

“მარტვილთა” და დაჭრილთა ნათესავებისთვის გამართულ საუზმეზე ერდოღანმა თქვა: “გავაგრძელებთ გადამჭრელ ბრძოლას ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, სანამ “ფეტო”-ს ბოლო წევრი მართლმსაჯულების წინაშე არ წარსდგება.”

პუტჩის მცდელობის შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა გულენის ქსელის წინააღმდეგ რეპრესიები დაეწყო.

ორი წლის განმავლობაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამოყენებით, პუტჩთან და გულენთან სავარაუდო კავშირის გამო, ათობით ათასი ადამიანი დააპატიმრეს და სასამართლო გარჩევები გრძელდება. საგანგებო დეკრეტებით, საჯარო სამსახურიდან 130 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები და პოლიციელები დაითხოვეს.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ დაპატიმრებები და დათხოვნები ძალიან შორს წავიდა და თურქეთის, ტერორთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი კანონების გამოყენებით, სამიზნედ მთავრობის მთელი ოპოზიცია გადაიქცა.

ერდოღანმა თქვა, რომ საზღვარგარეთ გულენთან სავარაუდო კავშირის მქონე ასზე მეტი ადამიანი დაიჭირეს და სასამართლოზე გადასაცემად თურქეთში ჩაიყვანეს. გულენის ტრანსნაციონალური ქსელის მიერ მთელ მსოფლიოში დაარსებული სკოლები, კულტურული ცენტრები და ასოცოაციები დაიხურა ან თურქეთის მთავრობასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებად გადაკეთდა.

მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, შეერთებულმა შტატებმა 79 წლის გულენის ექსტრადირება არ მოახდინა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG