სამხრეთ კორის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ უნს შორის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენელი ამბობს, რომ მათ თეთრ სახლს უკვე გაუგზავნეს შესაბამისი სამიტის დაგეგმვის თხოვნა: "ამერიკულ მხარეს კი "ესმის" მუნის პოზიცია და ამ საკითხზე მუშაობს", - ამბობს ის.
ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ კომენტარი იმ განცხადებებზე, რომლებიც პრეზიდენტმა მუნმა ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივ ბიგანმა ამ კვირის დასაწყიში აღნიშნა, რომ ტრამპისა და კიმის სამიტი ნოემბრამდე ნაკლებ მოსალოდნელია, თუნდაც მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების გამო.
"იმ დროში, რაც [არჩევნებამდე] დარჩა და იმ მდგომარეობის გამო, რაშიც კოვიდ-19-მა მთელი მსოფლიო ჩააგდო, ძნელია იმ გარემოებების წარმოდგენა, როდესაც პირისპის შეხვედრა და საერთაშორისო სამიტის ჩატარება შესაძლებელი იქნება", - განაცხადა ბიგანმა "გერმანიის მარშალის ფონდის" ონლაინ კონფერენციისას.
ბიგანმა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან ამერიკის წამყვანი მომლაპარაკებელია, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ფხენიანთან საუბრისთვის მზადაა და ამერიკის მიზანი კვლავ იგივეა, მოხდეს კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღება.
სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ბიგანი ქვეყანას, სავარაუდოდ, ივლისში ესტუმრება.
წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ტრამპი და კიმი ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სპეციალურ დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ. 2019 თებერვალში კი ორი ლიდერის შეხვედრა, რომელსაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს, მოულოდნელად და შეთანხმების გარეშე დასრულდა. ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებები დატოვა, არაერთი მუქარა გაავრცელა და ბალისტიკური რაკეტების ბევრი გამოცდა ჩაატარა. თუმცა დაძაბულობის მიუხედავად, ტრამპი კვლავ ამბობდა, რომ კიმთან მისი ურთიერთობა მტკიცე და კარგია. არჩევნებამდე მხოლოდ 4 თვე რჩება და ანალიტიკოსების აზრით, კიმ ჩენ უნი და ჩრდილოეთ კორეა ახლა ტრამპისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ არის.
ასევე, ჯერ კიდევ უცნობია თავად ჩრდილოეთ კორეა თანახმა იქნება თუ არა კიდევ ერთ სამიტზე. ქვეყნის ოფიციალური პირები ხშირად იმეორებდნენ, რომ ორი ლიდერის "კარგ ურთიერთობაზე" მეტი იყო საჭირო იმისთვის, რომ ბირთვული მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.
ჩრდილოეთ კორეა ამერიკას არ პატიობს იმას, რომ შტატებმა უარი თქვა მის მიმართ სანქციების მოხსნისა და უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე. ეს, მათი აზრით, ბირთვული განიარაღების პროცესის ნაწილი უნდა ყოფილიყო. თეთრი სახლი ჩრდილოეთ კორეისგან უპირველეს ყოვლისა, ბირთვულ იარაღზე სრულად უარის თქმას ითხოვს.
ჩრდილოეთ კორეა არც სამხრეთ კორეასთან ბოლოდროინდელი ურთიერთობითაა კმაყოფილი და მას 2018 წლის შეთანხმებების და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით უმოქმედობაში ადანაშაულებს. სამხრეთ კორეა კი აცხადებს, რომ სანქციების გამო ამ სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება არ შეუძლია.
გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთელ მეზობელთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა და დე-ფაქტო საერთო კორეული საელჩო ააფეთქა. ამით სამხრეთ კორეასთან კომუნიკაცია შეწყდა.
Facebook Forum