ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორონავირუსი მსოფლიო სავაჭრო უთანხმოებებს ხელახლა აღვივებს


ამ წლის დასაწყისში, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის შემდეგ, მათ შორის დაძაბულობა მცირდებოდა, ბრიუსელი და ტოკიო, სუბსიდიების შესაზღუდად, ახალ გლობალურ სავაჭრო წესებზე შეთანხმდნენ. შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა და მერე ახალი კორონავირუსი გამოჩნდა.

შვეიცარიული სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად,მსოფლიოს ქვეყნებმა, სამედიცინო აღჭურვილობის, წამლების და ზოგიერთ შემთხვევაში სურსათის ექსპორტს 222 შეზღუდვა დაუწესეს. სამედიცინო ნაწარმის შემთხვევაში, ის ჩვეულ დონეს 20-ჯერ აჭარბებდა.

ის შეზღუდვები ახლა იხსნება, მაგრამ პანდემიამ გააძლიერა პროტექციონისტული არგუმენტები იმის ხაზგასმით, თუ მომარაგების გლობალურ ჯაჭვებს როგორ შეუძლია ადამიანები ძირითადი სამედიცინო დაცვის გარეშე დატოვოს, სურსათით მომარაგება შეაფერხოს და ამასთან ერთად, სამუშაო ადგილებს საფრთხე შეუქმნას.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთთან კავშირების გაწყვეტა სურს, ევროკავშირი გეგმავს წინაღობები შეუქმნას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ჩინურ და სხვა წყაროებიდან წამოსულ ინვესტიციებს, ჩინეთი კი ითხოვს რომ იმპორტირებულ სურსათზე გაკეთდეს დეკლარაციები, რომ ის ვირუსით დასნებოვნებული არ არის.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ წელს, საქონლით გლობალური ვაჭრობა სარეკორდოდ დაბალ დონეზე დაეცემა.

პოლიტიკური რიტორიკა, გარკვეულწილად რეალობას წინ უსწრებს. “კოვიდ-19”-ით გამოწვეული ვარდნის შემდეგ, ამერიკა-ჩინეთის ვაჭრობა აპრილში გაიზარდა და ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ჩინეთი სავაჭრო შეთანხმების პირველი ფაზის შესაბამისად, მეტი ამერიკული საქონლის ყიდვას აპირებს.

ჩინეთმა ევროკავშირს “კოვიდ-19”-ის საკითხზე თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა და დაჟინებით მოუწოდა ექსპორტზე კონტროლი შესმსუბუქოს. პეკინმა განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შვიდ სექტორს გახსნის.

ჩინეთი და ევროპა, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერიოდის რთული ურთიერთობისთვის ემზადებიან, მაგრამ ტრამპის მეტოქე ჯო ბაიდენის გამარჯვებაში გარკვეულ იმედს ხედავენ.

შანხაის ფუდან უნივერსიტეტის, საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის დეკანი ჟუ ფენგი ამბობს: “ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობის რაციონალურობის აღდგენის ერთადერთი შანსია ბაიდენი - როგორც პრეზიდენტი”. თუმცა არ მოელის, რომ მოკლე ხანში ურთიერთობები დრამატულად შეიცვლება, რადგან ჩინეთთან ურთიერთობის გამკაცრებას კონგრესში ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ვაშინგტონთან მეტი თანამშრომლობის ევროპელთა ოპტიმიზმიც შეზღუდულია.

ევროპარლამენტის “მწვანეთა” ვაჭრობის ექსპერტი რაინჰარდ ბუტიკოფერი, ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, კლინტონის და ობამას ადმინისტრაციების “ოქროს ხანის” დაბრუნების პერსპექტივას ვერ ხედავს.

ამერიკული სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2018 წელს, ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტმა 109 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვაჭრობის საკითხების კვლევითი ცენტრის, “ესიპ”-ის დირექტორის, ჰოსუკი ლი-მაკიამას თანახმად, ევროპასთან ურთიერთობის, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობის დაბალანსება, ამერიკის საკვანძო ეროვნული ინტერესი იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG