ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დემოკრატიული პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. პირველად, შეერთებული შტატების ისტორიაში, პარტიის ყრილობა, ე.წ. კონვენცია, რომელიც არჩევნებზე დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად დაასახელებს და მას პარტიის ნომინაციას გადასცემს, ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.
გადაწყვეტილების შესახებ ოთხშაბათს გახდა ცნობილი. პანდემიით შექმნილი საფრთხეების გამო, შტატების დელეგატებს, რომლებიც ხმას აძლევენ საპრეზიდენტო კანდიდატს, უთხრეს შინ დარჩენილიყვნენ და ონლაინ რეჟიმში ემუშავათ. მასპინძელი ქალაქი ისევ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მილუოკი იქნება და კენჭისყრა 4 დღის მანძილზე, პირდაპირ ეთერში მოხდება.
დემოკრატიული პარტიის ყრილობა თავიდან ივლისში იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო, სიტუაციის უკეთ გარკვევამდე აგვისტოში გადაიტანეს. ვინაიდან მისი ვირტუალურად ჩატარება გადაწყდა, ახლა საბოლოო თარიღი აღარ შეიცვლება. ე.წ. კონვენცია 17 აგვისტოს გაიხსნება და მუშაობას 20 აგვისტოს დაასრულებს.
მსგავსი რამ ამერიკის ისტორიას არ ახსოვს. პარტიის ყრილობაზე მასობრივი თავშეყრა 1860 წელს, ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიუხედავად, მაინც არ გაუქმებულა. ტრადიციული ფორმით ყრილობისთვის ხელი არც მეორე მსოფლიო ომს შეუშლია.
დემოკრატთა სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის კამპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ის ვისკონსინის შტატში ჩასვლას გეგმავს. ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ამაყად მიიღებს თავისი პარტიის ნომინაციას მილუოკიში" - აცხადებენ კამპანიის მენეჯერები.
ტრადიციულად, ეს პარტიის ყველაზე მასობრივი თავშეყრაა, რომელიც ყრილობათა დარბაზში, დიდ არენაზე იმართება და რამდენიმე დღე გრძელდება. მასში ათობით ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. საზეიმო ცერემონიაზე გამოდიან პარტიის ცნობილი წარმომადგენლები, აქტივისტები, მომღერლები. ზოგჯერ სწორედ ამ ყრილობაზე ხდება პარტიის ვიცე-პრეზიდენტის საზეიმოდ დასახელებაც.
"ჩვენ ვუსმენთ ჯანდაცვის ექსპერტებს და ჩვენი გეგმების ადაპტირებაც შესაბამისად ხდება" - განაცხადა დემოკრატიული პარტიის კომიტეტის თავმჯდომარემ ტომ პერეზმა. "ამ პრეზიდენტისგან განსხვავებით, ჯო ბაიდენი და დემოკრატები ამერიკელი ხალხის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის ერთგულნი არიან" - დასძინა მან.
რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათი ყრილობის ჩატარება ტრადიციული წესით, მასობრივი თავშეყრის გზით გადაწყდა. ის დემოკრატთა ღონისძიების დასრულებისთანავე დაიწყება. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე დაიწყო საპრეზიდენტო კამპანია და ამისთვის პირველი მასობრივი ღონისძიებებიც გამართა.
პირვანდელი გეგმით, რესპუბლიკელთა ე.წ. კონვენცია ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ შარლოტში უნდა გაიმართულიყო, 21-24 აგვისტოს. მაგრამ, შტატის გუბერნატორი რეი კუპერი პანდემიის გამო, უარს ამბობს საკუთრ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მსგავსი თავშეყრით შექმნილ უსაფრთხოების რისკებზე.
სანაცვლოდ, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარტიის ნომინაციას ფლორიდის შტატში, ქალაქ ჯექსონვილში მიიღებს. საზეიმო ცერემონია ოდნავ გვიან, 25-27 აგვისტოს გაიმართება. თავად საპრეზიდენტო არჩევნები კი შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს გაიმართება. მის ფორმატზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
Facebook Forum