ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: ტრამპი საიმიგრაციო შეზღუდვებით ყურადღების გადატანას ცდილობს


ჯო ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი

დემოკრატიული პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია საიმიგრაციო შეზღუდვებით ცდილობს, გადაფაროს ადმინისტრაციის „ჩავარდნა“ კოვიდ-19-თან ბრძოლაში.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი და სეზონური მუშახელისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას აწესებს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების დაცვაა.

შეერთებულ შტატებში უმუშევრობის სტატისტიკამ, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, 13 პროცენტს მიაღწია და 40 მილიონზე მეტმა ამერიკელმა გამოაცხადა თავი უმუშევრად.

ახალი ბრძანება ადრეული საიმიგრაციო შეზღუდვებს ამკაცრებს, რომელიც თეთრმა სახლმა ორი თვის წინ მიიღო. შეზღუდვები ეხება ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს ტექნოლოგიის მიმართულებით, ლანდშაფტის მენეჯმენტის და მომსახურების სფეროში. თუმცა, შეზღუდვები არ ეხებათ სოფლის მეურნეობასა და კვების სფეროში დასაქმებულებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების კატეგორიაში გადის.

„პრეზიდენტი ვერ შეძლებს ამ კრიზისში განტევების ვაცის პოვნას“, - თქვა ბაიდენმა „ტვიტერზე“.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი საიმიგრაციო გეგმა მართალია შეიცავს მკაცრს ზომებს არაკანონიერი იმიგრაციის შესაზღუდად, მაგრამ დემოკრატთა კანდიდატობის პრეტენდენტის განცხადებით, ის იმიგრაციისადმი უფრო მეტად „სამართლიან და ჰუმანურ მიდგომას“ ითვალისწინებს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი შეზღუდვები შეეხება ვიზების კატეგორიას, როგორიცაა ეიჩ-1-ბ (H-1B), ელ-1 (L1) და ასევე ჯეი-1 (J1) ტიპის ვიზები. დროებითი აკრძალვა ასევე მოიცავს ეიჩ-2ბ (H-2b) ტიპის ვიზას, რომელიც სეზონურ მუშახელზე გაიცემა. შეზღუდვების მიუხედავად, პრეზიდენტის ბრძანებაში ბევრი გამონაკლისია დაშვებული. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მკვლევარებს (J1-ის შემთხვევაში) და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, ჯანდაცვის მუშაკებს და ძიძებს.

ბევრმა დიდმა კომპანიამ და ბიზნეს ჯგუფმა გამოთქვა უკმაყოფილება ვიზების შეზღუდვის გადაწყვეტილების გამო. მათ შორის ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და სავაჭრო პალატამ. ისინი აცხადებენ, რომ უცხოელი მუშახელი მათი საქმიანობის ცენტრალური ნაწილია.

ტრამპის ადმინისტრაციამ ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ მწვანე ბარათებზე არსებულ შეზღუდვას გააგრძელებს. მწვანე ბარათების გაცემა, შეერთებული შტატების გარეთ მყოფი პირებისთვის, პრეზიდენტმა ორი თვის წინ შეზღუდა. ეს გადაწვეტილება ძირითადად ოჯახის წევრებს შეეხება. თუმცა, ამერიკის მოქალაქეებს შეუძლიათ კვლავ დაასპონსორონ საკუთარი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG