"მოდენა" იუწყება, რომ ახალი კორონავირუსის კანდიდატი ვაქცინის პირველი მასშტაბური კლინიკური გამოცდა, ივლისშია დანიშნული. ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად მუშაობს.
ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, "მოდენა" ამბობს, რომ კვლევაში 30 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ნაწილს კანდიდატი ვაქცინით აცრიან, მეორე ნაწილს კი პლაცებოს ინექციას გაუკეთებენ.
ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანია "სინოვაკიც" ივლისში გამოცდის თავის კანდიდატ ვაქცინას. კვლევა ბრაზილიაში ჩატარდება და მასში 9 000 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. ბრაზილია იქნება ერთგვარი საცდელი პოლიგონი კიდევ ერთი კანდიდატი ვაქცინისთვის. ის ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიქმნა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო ლაბორატორიებთან. თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინის პირველ 300 მილიონ დოზას საკუთარი მოქალაქეების ასაცრელად, უკვე 2021 წლის იანვარში მიიღებს.
თუმცა, სპეციალისტები საქმეს მეტი სკეპტიციზმით უდგებიან. ეპიდემიოლოგები და ვაქცინოლოგები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არსებობს იმის გარანტია, რომ ვაქცინა ნამდვილად იმუშავებს და ის უსაფრთხო იქნება. არც ის არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს გასტანს აცრის საშუალებით მიღებული თავდაცვა.
ბოლო პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი, განსაკუთრებით - უსიმპტომო ვირუსის მატარებლებზე გაკეთებული წინააღმდეგობრივი განცხადებების ფონზე. ექიმი ენტონი ფაუჩი, შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ამბობს, რომ ორგანიზაცია სრულყოფილი არ არის, მაგრამ ის მსოფლიოს სჭირდება.
"მათ ნამდვილად გადადგეს რამდენიმე არასწორი ნაბიჯი, თუმცა ძალიან ბევრი კარგი საქმეც აქვთ გაკეთებული" - უთხრა შეერთებული შტატების წამყვანმა ინფექციონისტმა ხუთშაბათს კანადის სამაუწყებლო კორპორაციას. "იმედი მაქვს, გავაგრძელებთ იმ სიკეთით სარგებლობას, რომლის კეთებაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუძლია და იმავე დროს ისინი დახვეწას გააგრძელებენ... მსოფლიოს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" - ამბობს ექიმი ფაუჩი.
Facebook Forum