მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ ხუთშაბათს ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საპროტესტო აქციებმა, რომელიც ორშაბათს მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო, სამი დღეა ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
ორშაბათს საღამოს, თეთრკანიანმა პოლიციელმა დააკავა შავკანიანი მამაკაცი, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი, რომელიც მალე გარდაიცვალა. ფართოდ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს დაკავების მომენტი: ხელბორკილდადებული ფლოიდი პირქვე წევს და რამდენიმე წუთის მანძილზე შველას ითხოვს. თეთრკანიან პოლიციელს მუხლი მის კისერზე უდევს და არ უშვებს. თანამოქალაქეები ფიქრობენ, რომ 46 წლის ფლოიდი პოლიციელს დაკავების მომენტში შემოაკვდა.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მინესოტის შტატის მკვიდრის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამოძიებას "უმაღლეს პრიორიტეტად" მიიჩნევს. საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოცდილი პროკურორები და გამომძიებლები ჩაერთნენ. პოლიციის ოფიცერი და მისი თანმხლები ჯგუფი, რომელმაც ფლოიდი დააკავა, სამსახურიდან გაათავისუფლეს, მაგრამ არ დაუკავებიათ.
მინესოტის შტატის გუბერნატორმა ტიმ უოლზმა წესრიგის აღსადგენად და შემდგომი არეულობის თავიდან ასაცილებლად, ეროვნული გვარდია მოიხმო. 500 ჯარისკაცია მობილიზებული და იგზავნება მინეაპოლისში, სენტ-პოლში და მიმდებარე რეგიონებში - განაცხადა ხუთშაბათსვე "ტვიტერზე" მინესოტის ეროვნულმა გვარდიამ. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, გვარდიის მანქანები ქალაქში პარასკევს, გამთენიისას გამოჩნდა.
ეროვნული გვარდიის განცხადება:
დღეს დილით მინეაპოლისის მერმა ჯეიკობ ფრეიმ თქვა, რომ ქალაქში "დიდი ტკივილი და ბრაზია" დაგროვილი, მაგრამ ძარცვა, ცეცხლის წაკიდება და ვანდალიზმი "მიუღებელია". მისი თქმით, დაზიანებული შენობები ქალაქის საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხუთშაბათს საღამოს, საპროტესტო დემონსტრაცია თავიდან მშვიდობიანად დაიწყო. მოულოდნელად, ქალაქის პოლიციის შენობა აალდა. ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ, ყვებიან, რომ ადგილზე პოლიცია საერთოდ არ იყო და ეს მათ უცნაურად ეჩვენათ. თითქოს, პოლიციის შენობა სრულიად მიტოვებული იყო - ამბობენ ისინი, არც მეხანძრეები იყვნენ შორიახლოს. პარალელურად, ქალაქის მერია "ტვიტერზე" მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს გაზის გაყვანილობები ჩაჭრილია და შენობის აფეთქება გამორიცხული არ არის.
მერი ფრეი ამბობს, რომ მან გადაწყვიტა ხუთშაბათს ხანძრისთვის ხელი აღარ შეეშალა, მას შემდეგ რაც მიიღო შეტყობინება, რომ დემონსტრანტები იქ შესვლას გეგმავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ევაკუირებულები იყვნენ. ფრეის თქმით, პოლიციის და მის მიმდებარე შენობებში ხანძარი დემონსტრანტებმა მოაწყვეს.
შენობები ხუთშაბათს მიმდებარე ქალაქ სენტ-პოლშიც დაწვეს. ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მათ ქვებს და ბოთლებს უშენდნენ. სენტ-პოლის პოლიციის ანგარიშით, ქალაქში 170 ბიზნესია დაზიანებული, ან გაძარცული. თუმცა, სერიოზული დაშავება არავის მიუღია.
საპროტესტო აქციები ამერიკის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ასობით ადამიანი გამოვიდა კოლორადოს შტატის დედაქალაქ დენვერში, სადაც ასევე იყო ვანდალიზმის ფაქტები. წინა დღით დემონსტრაცია გაიმართა ლოს-ანჯელესში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ სამართალდამცავებს სთხოვა, გამოძიება დაეჩქარებინათ. "ვუსამძიმრებ ჯორჯის ოჯახს და მეგობრებს. სამართალი უნდა აღდგეს" - დაწერა მან "ტვიტერზე".
მოგვიანებით, კი პრეზიდენტმა ქალაქის ლიდერები გააკრიტიკა და მათ "სუსტი" უწოდა. "როცა ძარცვა იწყება, სროლა იწყება" - განაცხადა პრეზიდენტმა. ამ განცხადებას "ტვიტერმა" შემდეგ ძალადობის თაობაზე იარლიყი მიაკრა, განმარტებით: "არღვევს "ტვიტერის" წესებს ძალადობისთვის ხოტბის შესხმის თაობაზე".
დღეს დილით, "სი-ენ-ენის" (CNN) ჟურნალისტი გადამღებ ჯგუფთან ერთად, საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დააკავეს. ჯგუფი ერთ საათში გაათავისუფლეს. ვიდეო პირდაპირ ეთერში რეპორტაჟის წაყვანისას, ჟურნალისტის დაკავების მომენტს ასახავს:
Facebook Forum