ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა


სააგენტო “როიტერის” ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს პირველად გამოაცხადა, რომ კორონავირუსის აფეთქებას ახლა უკვე პანდემიად განიხილავს. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა: “ღრმად ვართ შეშფოთებული გავრცელების და სიმძიმის საგანგაშო დონით და ასევე - უმოქმედობის საგანგაშო დონით. ამიტომ, ჩვენი შეფასებით, “კოვიდ-19” შეიძლება დახასიათდეს როგორც პანდემია”.

დეკემბერში, ჩინეთში გაჩენილი კორონავირუსი, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა, აჩერებს წარმოებებს, ფრენებს, კეტავს სკოლებს და იძულებულს ხდის, რომ სპორტული ღონისძიებები, კონფერენციები, კონცერტები და სხვა მასობრივი ღონისძიებები გადაიდოს. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადაც კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პანდემია არის ეპიდემია, რომელიც არამარტო ერთი ქვეყნის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოში ვრცელდება, ფარავს ბევრად მასშტაბურ გეოგრაფიულ არეალს და ადამიანების გაცილებით დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომენტარამდე, ბრიტანეთმა და იტალიამ დაავადებასთან საბრძოლველად, მრავალ მილიარდ დოლარიანი საომარი ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადეს. შეერთებულმა შტატებმა კი თქვა, რომ 8-მილიარდიანი ბიუჯეტის შექმნის შემდეგ, ახალ ნაბიჯებს განიხილავს.

ინგლისის ბანკი ბევრ სხვა ქვეყანას, საპროცენტო განაკვეთის შეკვეცაში შეუერთდა. ის განაკვეთს ნახევარი პროცენტით ამცირებს და საბანკო სესხებისადმი მხარდაჭერას აცხადებს.

შეერთებულმა შტატებმა, სადაც “სტანდარტ და ფურ 500”-ის საფონდო ინდექსმა თითქმის 4 პროცენტით დაიწია, გამოაცხადა, რომ ვირუსთან ბრძოლის ნაბიჯებში, შესაძლოა საგადასახადო შეღავათიც ჩაერთოს, რომელსაც შეერთებული შტატების ეკონომიკისკენ ასობით მილიარდი დოლარის მიმართვა შეეძლება.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ იმ დროს, როდესაც მკურნალობის არარსებობის პირობებში, ვირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება, სავარაუდოდ მოსახლეობის 70 პროცენტი ინფიცირებული აღმოჩნდება.

სამშაბათისთვის, სავაჭრო ბირჟებზე მომხდარი ბოლო ვარდნის დროს, გლობალურმა საფონდო ბაზრებმა 8.1 ტრილიონის ღირებულება დაკარგა.

მსოფლიოში დღეს 119 100 ადამიანია ინფიცირებული და 4 298 გარდაიცვალა. შემთხვევების უმეტესობა ჩინეთში აღირიცხა. იტალიას ჰქონდა 10 149 ინფიცირების შემთხვევა და 631 დაღუპვის ფაქტი. ირანში ეს მონაცემები იგივე თანმიმდევრობით, 9 000 და 354-ია. შეერთებულ შტატებში 975 ინფიცირებული და 30 გარდაცვალება აღირიცხა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG