კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებს „განზრახ ტყუილში“ ადანაშაულებს. საქმე ეხება იმ საიდუმლოებით მოცულ "ბგერით თავდასხმას", რომლის შედეგადაც კუბაში ამერიკელი დიპლომატები დაშავდნენ.
ბრუნო როდრიგესმა „ვაშინგტონის ნაციონალური პრესის კლუბში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდა, რომ „თქვან სიმართლე ან წარმოადგინონ მტკიცებულებები“:
„ვამბობ, რომ არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი წინასწარ განზრახული ქმედება. არანაირი კონკრეტული ინციდენტი. თუკი შეერთებული შტატების მთავრობას აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება, მოვუწოდებ, წარმოადგინონ მტკიცებულებები“, - განაცხადა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კუბელი ოფიციალური პირები უარყოფენ ამერიკის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ჰავანაში მომხდარ თავდასხმასთან მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ. ინიციდენტის შედეგად ამერიკის საელჩოს 24 თანამშრომელი დაშავდა და როგორც ამბობენ, მათ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, აწუხებთ თავის ტკივილი, სმენის შეზღუდვა და თავბრუსხვევა.
როდრიგესმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა, რომლებიც, როგორც გამომძიებლები ამბობენ, დაშავებულებმა ჩაიწერეს.
კუბის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აქვს ისეტი ტექნოლოგია, რომელსაც შესაბამისი თავდასხმის გამოწვევა შეუძლია.
შეერთებულმა შტატებმა ჰავანაში მდებარე საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა ამ ინციდენტის შემდეგ 60 %-ით შეამცირა, ვაშიგტონში მდებარე კუბის საელჩოდან კი 17 დიპლომატი გააძევა. ამასთან, გავრცელდა სპეციალური გაფრთხილება ამერიკის მოქალაქეებისთვის, რომლებიც კუბაში მოგზაურობას აპირებენ. კუბის მოქალაქეებისთვის კი ამერიკის ვიზების გაცემა შეჩერდა.
Facebook Forum