ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელ 4 კანდიდატს შორის მწვავე დებატები გაიმართა


რესპუბლიკელი კანდიდატების ბოლო დებატები საკმაოდ მწვავედ წარიმართა. ხუთშაბათს საღამოს 9 საათზე ტელეკომპანია „ფოქსის“ მიერ ორგანიზებულ დებატებში მხოლოდ 4 კანდიდატი მონაწილეობდა, რომლებიც გამოკითხვებში ლიდერობენ. მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ოპონენტების მოგერიებას ისეთი ეპითეტებით ცდილობდა, როგორიცაა „მატყუარა ტედი“ და „პატარა მარკო“, რაც თავისთავად სენატორების ტედ კრუზის და მარკო რუბიოს ხშირი თავდასხმებითაც იყო განპირობებული. მათგან განსხვავებით, ოჰაიოს გუბერნატორმა ჯონ კეისიქმა დრო არა სხვების კრიტიკას, არამედ საკუთარი საქმიანობის წარმოჩენას დაუთმო.

მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში გამართულმა დებატებმა ყვირილით, შეურაცხყოფებით და მწვავე კამათით, კიდევ ერთხელ დაადასტურა ანალიტიკოსების შეშფოთება რესპუბლიკური პარტიის დანაწევრების თაობაზე. ექსპერტები ამ ფაქტს ძირითადად ტრამპის კამპანიის უხეშ სტილს, მის ხშირად ექსტრემალურ პოზიციებს და პარტიაში აუტსაიდერობას მიაწერენ. რესპუბლიკური პარტიის წამყვანი ფიგურები და კონგრესში კანონმდებლების ერთი ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ტრამპს მხარს არასოდეს დაუჭერენ, ნომინაციის მოპოვების შემთხვევაშიც კი.

XS
SM
MD
LG