ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 აპრილის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა


დღეს 25 წელი შესრულდა 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედიიდან. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილს დაღუპული ადამიანები საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით დააჯილოდვა. ორდენები დაღუპულთა ოჯახების წევრებს პრეზიდენტმა რეზიდენციაში გადასცა.
რუსთაველის მოედანზე, 25 წლის წინ საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, ნიჩბებით და მომწამლავი გაზით სასტიკად დაარბია. ტრაგედიიდან ორის წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დაკოუკიდებლობა გამოაცხადა.

დღეს რუსთაველის გამზირზე საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის, პრემიერ მინისტრმა, პრეზიდენტმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთაველის მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„ეს დღე იქცა ერთგვარ სიმბოლოდ, ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და თავგანწირვის სიმბლოლოდ. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ყველასი ვალი არის, რომ პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს სწორედ ამ ბრძოლას.“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღე ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღეა:

„ერთდროულად ვზეიმობთ და ვგლოვობთ იმ ღვაწლს და იმ თავგანწირვას, რომელიც ჩვენმა თაობამაც, უფროსმა თაობამაც აქ გასწია ძალიან მაღალი იდეალისთვის - ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. თავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ღირებულება არის, რომლისთვისაც სიცოცხლის შეწირვა ღირს.“
XS
SM
MD
LG