ოქტომბერში, ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს, ლიბანში დაღუპული სამი ჟურნალისტისა და სხვათა დაჭრის ფაქტი, დიდი ალბათობით, იყო მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე და აშკარა ომის დანაშაული - შეფასებას, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩი" (Human Rights Watch) აკეთებს.
დამოუკიდებელ გამოძიებაზე დაფუძნებული განცხადება, მათ ვებგვერდზე, დღეს, 25 ნოემბერს გამოქვეყნდა. ისრაელის სამხედრო უწყებას მასზე პასუხი ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.
ორგანიზაციის განცხადებით, 25 ოქტომბრის თავდასხმის დროს, ისრაელმა ბომბში ამერიკული აღჭურვილობა გამოიყენა. "ჰიუმან რაითს ვოჩი" ამბობს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა შეაჩეროს ისრაელისთვის შეიარაღების გადაცემა, რადგან ისრაელი მას იყენებს "მშვიდობიან მოსახლეობაზე უკანონო თავდასხმებისთვის, რის გამოც, შესაძლოა, ამერიკის ოფიციალური პირები ომის დანაშაულის თანამონაწილენი გახდნენ."
25 ოქტომბერს, ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰასბაიას დასახლებაზე. ლიბანელ ჟურნალისტებს, ამ დროს, ეძინათ.
მედიისთვის ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვერპლიანი თავდასხმა ბოლო 13 თვის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, მას ღაზის სექტორში ომი გამოუცხადა. პარალელურად, ისრაელი ლიბანში "ჰამასის" სატელიტ დაჯგუფებას, "ჰეზბოლას" ებრძოდა, რადგან ის ისრაელს დრონებით თუ სარაკეტო დანადგარებით ათასობით რაკეტას უშენდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ლიბანში 3 500 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 900-ზე მეტი ქალი და ბავშვია, 11 კი ჟურნალისტი. ომის გამო, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, მილიონზე მეტი იძულებით ადგილნაცვალია.
Facebook Forum