გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისმა პარასკევს განაცხადა, რომ ღაზაში, ომის გამო დაღუპულთა თითქმის 70%, ქალი და ბავშვია. გაეროში ამბობენ, რომ ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემატურ დარღვევას გმობენ.
გაეროს ეს მონაცემები, ღაზის სექტორში, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტის პირველ შვიდ თვეს მოიცავს.
გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ამ შვიდთვიანი პერიოდის განმავლობაში დადასტურებული და გადამოწმებული 8 119 მსხვერპლი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების მიერ გამოცხადებული მსხვერპლის რაოდენობა, რომელიც, მათი განცხადებით, მთელი 13 თვის განმავლობაში, 43 000-ს აღწევს. მაგრამ, გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია მსხვერპლთა ასაკისა და სქესის შესახებ, ემთხვევა პალესტინელთა მტკიცებას, რომ ომში დაღუპულთა დიდ ნაწილს, ქალები და ბავშვები წარმოადგენენ.
ეს დასკვნა მიუთითებს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სისტემურ დარღვევაზე“, - ნათქვამია გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის განცხადებაში, რომელიც თან ახლავს 32-გვერდიან მოხსენებას.
„აუცილებელია, რომ საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევის შესახებ ბრალდებები სათანადოდ განიხილებოდეს ავტორიტეტული და მიუკერძოებელი სასამართლო ორგანოების მიერ, ამავდროულად, შეგროვდეს და შენარჩუნდეს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება“, - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა.
ისრაელს, ანგარიშის მიგნებებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზის სექტორზე შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს, „ჰამასის“ მებრძოლებმა მოკლეს დაახლოებით 1 200 ადამიანი სამხრეთ ისრაელში და აიყვანეს 250-ზე მეტი მძევალი. ისრაელი ამ დრომდე აცხადებს, რომ ზრუნავს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის აცილებაზე.