ბაიდენს ირანის მსხვერპლთა ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ

1000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო ვეტერანი და ირანის და მისი მოკავშირეების თავდასხმების დროს მოკლული და დაჭრილი ადამიანების ოჯახის წევრები პრეზიდენტ ბაიდენს მოუწოდებენ, თეირანთან ბირთვული მოლაპარაკებების ფარგლებში, ირანისთვის მისი გაყინული ფონდების გადაცემამდე, ირანის თავდასხმების მსხვერპლთა კომპენსაცია მოახდინოს.

პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილში, რომლის შინაარსიც „ამერიკის ხმამ“ მოიპოვა, ვეტერანებმა და სამხედრო ოჯახების წევრებმა ბაიდენს მისწერეს, რომ იმ დროს, როდესაც იზიარებენ ბაიდენის “ხედვას, რომ ირანს ბირთვული იარაღის შემუშავების და შეძენის უფლება არასდროს უნდა მიეცეს“, ისინი გრძნობენ, რომ გაყინული ფონდების გადაცემის ვარიანტი არ უნდა განიხილებოდეს, სანამ ირანის და მისი "კლიენტების" წინააღმდეგ არსებული, ტერორიზმთან დაკავშირებული ყველა სასამართლო განჩინება „სრულად არ დაკმაყოფილდება“. განჩინებები დაახლოებით 60 მილიარდ დოლარს მოიცავს.

ასევე ნახეთ: ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე, თეირანმა ქუჩაში რაკეტები გამოფინა

შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს გაცხადებული აქვთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა, ერაყის ომში ასობით ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს. ირანმა ეს განცხადება უარყო.

ირანმა იკისრა პასუხისმგებლობა 2020 წლის თავდასხმაზე, რომელიც ერაყში, სამხედრო ბაზაზე განხორციელდა, სადაც საერთაშორისო ძალები იყო განლაგებული. თავდასხმის შედეგად ასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა. ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები ერაყში და სირიაში ამერიკული ძალების წინააღმდეგ რაკეტებით და შეიარაღებული დრონებით თავდასხმებს აგრძელებენ.