ზიკას ვირუსი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტებზე 20-ზე მეტ ქვეყნაში უკვე დაფიქსირდა. ვირუსი ზრდასრულებში არ იწვევს სიკვდილიანობას და დაინფიცირებულ ადამიანებში მას გართულებები არ მოჰყვება. ერთადერთი იშვიათი გართულება, რომელსაც ექიმები ვირუსს უკავშირებენ გიიენ-ბარის სინდრომია. ეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც დამბლის გამოწვევა შეუძლია. ზიკას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში სიმპტომები ან არ აღინიშნება, ან გამოიხატება სიცხით, სახსრების ტკივილით, დაღლილობით, გამონაყარით და თვალების ჩაწითლებით.
რატომ არის ზიკა საშიში ორსული ქალებისთვის?
ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს. ამ ეტაპზე ზიკასა და ჩანასახის განვითარებას შორის კავშირი დამტკიცებული არ არის. თუმცა იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახს დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკა მიკროცეფალიას იწვევს.
რა არის მიკროცეფალია?
მიკროცეფალია სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ჩვილის თავის ქალა მოსალოდნელზე პატარაა, რასაც შეიძლება უარყოფითი გალენა ჰქონდეს მის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.
ორსულობის პერიოდში ნაყოფის ტვინი ვითარდება და იზრდება, რასაც თავის ქალის პროპორციული ზრდა მოჰყვება. მიკროცეფალიის დროს, ნაყოფის ტვინი ან არ იზრდება ან გარკვეულ ეტაპზე ზრდას წყვეტს. შესაბამისად, თავის ქალაც პატარა რჩება. მიკროცეფალიის სიმძიმიდან გამომდინარე, მას ჩვილის სიკვდილის გამოწვევა შეუძლია.
როგორ ვრცელდება ზიკა?
ზიკას თეთრქალიანი, ეგრეთ წოდებული, დღის კოღოები ავრცელებს. მათგან თავის დასაცავად კოღოს წინააღმდეგ საძილე ბადეები გამოუსადეგარია, რადგან მათ ღამით სძინავთ. ამ კოღოებისგან თავის დასაცავად რეკომენდირებულია შესაბამისი ტანისამოსი, გრილი და მშრალი გარემო და გარეთ ყოფნის მინიმუმამდე შეზღუდვა. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ არის. ამ ეტაპზე, ზიკას წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, თუმცა თუ ადამიანი ერთხელ დაინფიცირდა, ორგანიზმი მის წინააღმდეგ იმუნიტეტს იმუშავებს. ვირუსი ორგანიზმში 5-7 დღე რჩება.
როგორია ზიკას წარმომავლობა და რა იწვეს ამჟამად აფეთქებას?
2015 წლამდე ზიკას ვირუსი მხოლოდ ეკვატორულ სარტყელში, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იყო გავრცელებული. სამხრეთ ნახევარსფეროში ზიკა პირველად ბრაზილიაში შარშან მარტში აღმოაჩინეს. წლის ბოლომდე ვირუსით მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და ნოემბრის შემდეგ ახალშობილებში 4 180-ზე მეტი მიკროცეფალიის შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეისათვის, ზიკა ამერიკის ორივე კონტინენტის 20-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. სამხრეთ ამერიკაში ვირუსის პირველადი მიგრირების ერთ-ერთი ვერსია ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. მაშინ ქვეყანაში ასობით ათასი ტურისტი მთელი მსოფლიოდან ჩავიდა, მათ შორის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდანაც.