უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამერიკელ კანონმდებლებს არწმუნებენ, რომ სამხედრო დახმარების განახლება და გაგრძელება უკრაინისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება სულ რამდენიმე კვირაში - წლის დასასრულამდე ამოიწურება.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ოქტომბერში კონგრესს დაახლოებით 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი გაუგზავნა, აქედან დაახლოებით 60 მილიარდი უკრაინის დასახმარებლადაა განკუთვნილი. პაკეტში უკრაინის დახმარებასთან ერთად, გათვალისწინებულია ისრაელის დახმარება და ამერიკის საზღვრის დაცვის ღონისძიებებიც. თუმცა წარმომადგენელთა პალატის წევრ რესპუბლიკელ კონგრესმენთა ნაწილი ამ პაკეტის დახმარების წინააღმდეგია.
Your browser doesn’t support HTML5
სენატის უმრავლესობის დემოკრატმა ლიდერმა ჩაკ შუმერმა ორშაბათს თქვა, რომ ადმინისტრაციამ პრეზიდენტ ზელენსკის სენატორებისადმი მიმართვა შესთავაზა. სამშაბათს ზელენსკი კონფიდენციალურად ჩაერთვება ვიდეო კონფერენციას, რომლის დროსაც კანონმდებლები პირადად მისგან მოისმენენ, "რა დევს სასწორზე ამ კენჭისყრისას".
სენატორებს დღეს სავარაუდოდ ასევე მიმართავენ თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. შუმერმა ასევე დაიწყო უკრაინა-ისრაელის დახმარების პაკეტის განსახილველად წარდგენის ოფიციალური პროცედურები.
ჩაკ შუმერის თქმით, უკრაინის დახმარების პაკეტის გადაუწყვეტელი საკითხი ამერიკის ეროვნულ ინტერესს მთელ მსოფლიოში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. "ავტოკრატები, დიქტატორები დემოკრატიის, ჩვენი ღირებულებების, ჩვენი ცხოვრების წესის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ. სწორედ ამიტომაა ამ დაფინანსების დამტკიცება ასეთი მნიშვნელოვანი. ამას შეუძლია გადაწყვიტოს დემოკრატიის ტრაექტორია მომავალი წლების განმავლობაში", განაცხადა დემოკრატმა ლიდერმა.