ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრას. ეს შეხვედრა ამ კვირაში ჩრდილოეთ მაკედონიაში უნდა გაიმართოს. ბალტიისპირელი ლიდერები კი კიევთან ერთად, მასში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას აპროტესტებენ.
ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პირველმა დიპლომატებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ძლიერ წუხან შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობის გადაწყვეტილების გამო. „ეს რუსეთს პროპაგანდის კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ ისინი.
ლავროვმა ორშაბათს განაცხადა, რომ აპირებს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დასასწრებად გამგზავრებას. ეს იშვიათი ვიზიტია ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.
უკრაინამაც ასევე განაცხადა, რომ შეხვედრას ლავროვის მონაწილეობის გამო ბოიკოტს გამოუცხადებს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსეთი "ეუთოს იძულებაში“ დაადანაშაულა.
„შანტაჟითა და ღია მუქარით რუსეთის ფედერაცია სისტემატურად ბლოკავდა კონსენსუსს საკვანძო საკითხებზე (ეუთოში)“, - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია 2024 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე ესტონეთის კანდიდატურის დაბლოკვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილება ბოიკოტის შესახებ „არაფერს ნიშნავს ეუთო-ს მომავლისთვის".
შეხვედრაზე რუსეთის დელეგაცია „დაჟინებით მოითხოვს, რომ ეუთო თავის საწყისებს, თავდაპირველ პრინციპებს, თავდაპირველ მიზანს დაუბრუნდეს“, - განაცხადა გრუშკომ.
„სინამდვილეში მას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჰქვია, მაგრამ ახლა არ არსებობს უსაფრთხოება და თანამშრომლობა. თუ ეუთოს სურს რაიმე როლის შესრულება მაინც, მაშინ ის უნდა დაუბრუნდეს იმას, რისთვისაც შეიქმნა“, - განაცხადა მან. მას კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინის განცხადებაზე, რომ შეხვედრას ისიც ბოიკოტს უცხადებს.
მოსკოვის ახლო მოკავშირე ბელარუსის გარდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ლავროვი არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ ყოფილა.
2022 წლის მარტში ლავროვს ჟენევაში გაეროს კონფერენციაზე გაფრენა მას შემდეგ აეკრძალა, რაც ევროკავშირის წევრებმა რუსულ თვითმფრინავებს ევროპის ცა ჩაუკეტეს. ლავროვმა მაშინ სესიისთვის ვიდეომიმართვისას ეს ნაბიჯი დაგმო, "აღმაშფოთებელი" უწოდა და თქვა, რომ "ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ, აირიდონ "გულწრფელი პირისპირ დიალოგი ან პირდაპირი კონტაქტები", რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო საკითხების "პოლიტიკური გადაწყვეტის იდენტიფიცირებას".
ქვეყნები ეუთოს მონაცვლეობით თავმჯდომარეობენ და წელს მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიაა. მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვი იმ ორდღიან შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც ხუთშაბათს დაიწყება.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ ცდილობდა ეუთოს ერთი მონაწილე სახელმწიფო მეორის განადგურებას“, - ნათქვამია ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. „მოდით, ვიყოთ ძალიან მკაფიო: რუსეთის აგრესიული ომი და სისასტიკე მისი სუვერენული და მშვიდობიანი მეზობლის - უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს“.
ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუჯარ ოსმანიმ თქვა, რომ მიწვევა არა მის ქვეყანას, არამედ ეუთოს უკავშირდება.
"ლავროვი სკოპიეში არ მოდის. ლავროვი ეუთოში მოდის ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ იყო მისი ვიზიტი [გაეროში] ნიუ-იორკში", - თქვა ოსმანიმ. „მე მას არ შევხვდები როგორც ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ როგორც - ეუთოს თავმჯდომარე“, - დაამატა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ეუთოს სამიტის ფარგლებში მოსკოვის პირველ დიპლომატთან პირისპირ შეხვედრაზე არაერთი მოთხოვნა მიიღო. „შემიძლია დავადასტურო, რომ ბევრი მოთხოვნაა ორმხრივი შეხვედრებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
Facebook Forum