ზელენსკი ბუქარესტში უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუმინეთში თავის კოლეგა კლაუს იოჰანისს და ქვეყნის სხვა მაღლი თანამდებობის პირებს ხვდება. რუსეთის შეჭრის შემდეგ მეზობელ ქვეყანაში ზელენსკის პირველი ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების საკითხზე მსჯელობაა.

გაეროს შუამავლობით მიღწეული შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების ჩავარდნის შემდეგ, უკრაინა მარცვლეულის გასატანად ნატოს წევრ რუმინეთის საზღვარზე მდებარე დუნაის პორტებს, რენის და იზმაილს იყენებდა.

რუსეთი რენის და იზმაილს დრონებით თავს რამდენჯერმე დაესხა და პორტის ინფრასტრუქტურა და მარცვლეულის ობიექტები დააზიანა. რუსული დრონების ნარჩენები რუმინეთის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა და იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი და ზიანი არ გამოუწვევია, ადგილობრივები შეაშფოთა.

ასევე ნახეთ: რუმინეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გასაზრდელად კონსტანცას პორტს გააფართოვებს

რუმინეთი, უკრაინელი პილოტების ამერიკულ F-16 თვითმფრინავებზე წვრთნის სავარაუდო ადგილად მოიაზრება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 26 ირანული დრონი ჩამოაგდო, რომელიც სამხრეთ რეგიონების წინააღმდეგ იყო მიმართული.

უკრაინულმა სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ ბრძოლის ველზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკივის აღმოსავლეთ - ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონებში ხუთი რუსული კონტრიერიში მოიგერია. უკრაინული ძალები აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტის მიდამოებში და ზაპორიჟიის რეგიონში, დონეცკის და მელიტოპოლის მიმართულებებზე.

უკრაინული ჯარი ყურადღებას ამახვილებს ქალაქ მელიტოპოლთან გასვლაზე, რათა გადაკეტოს სახმელეთო ხიდი, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.

ბრძოლის ველის ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხდა.