უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 22-ე თვეს ვოლოდიმირ ზელენსკი სკანდინავიის ქვეყნებისგან მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტი ნორვეგიაში ვაშინგტონიდან ჩავიდა და უკვე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გაჰარ შტოერს.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებსაც შეუძლია ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენა და აგრესორზე [რუსეთზე] ზეწოლის გაზრდა“, - ამბობს ოსლოში მყოფი ზელენსკი.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა კიევს მხარდაჭერის პირობა მისცა და უკრაინის სამხედრო საჭიროებისთვის დამატებით გამოჰყო 273 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც ნორვეგიის მთავრობისა და პარლამენტის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული დახმარების ნაწილია.
ასევე ნახეთ: ნიკო ლანგე: ომი 2024 წელსაც ნელი ტემპით გაგრძელდება და ეს იქნება ჩვენი და უკრაინელების გამძლეობის ტესტი„ნორვეგია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ უზრუნველვყოფთ მიზანმიმართულ, გრძელვადიან მხარდაჭერას, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. უკრაინის ძალისხმევა მნიშვნელოვანია ნორვეგიაში თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად“,- თქვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
ტურის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი სკანდინავიის ქვეყნების სამიტს ესწრება. ზელენსკი ცდილობს გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა და მოიპოვოს დამატებითი შეიარაღება, რომელიც კიევს რუსეთთან ომის გასაგრძელებლად და თავდასაცავად სჭირდება.
ზელენსკი, რომელიც 12 დეკემბერს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, ამბობს, რომ უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, ბოლო დღეების განმავლობაში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა იერიში. ზელენსკი ამბობს, რომ გვიან ღამით, რუსეთის იერიშების მთავარი სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.
ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლამდე არგენტინაში იმყოფებოდა, სადაც არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ვიზიტის დროს ის მსოფლიო ლიდერებს შეხვდა და მათ დამატებითი დახმარების მნიშვნელობაზე ესაუბრა.