ზელენსკი პუტინის შესაჩერებლად, ამერიკა-ევროკავშირის ერთობისკენ მოუწოდებს

იმის შიშით, რომ ნატოს მიმართ სკეპტიკურად განწყობილი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი კიევს ამერიკულ სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს, ხუთშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს დაჟინებით მოუწოდა ევროპასთან მოკავშირეობით რუსეთი შეაჩეროს და მისი ქვეყანა გადაარჩინოს.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთობა შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს შორის“, თქვა ზელენსკიმ სანამ მიმართავდა ევროკავშირის ლიდერებს ევროკავშირის სამიტზე, სადაც დომინანტური საკითხია უკრაინაში ომი, რომლის დასრულების პირობაც ტრამპმა დადო.

„ჩვენ ეს ერთობა მშვიდობის მისაღწევად გვჭირდება. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებს და ევროპას სინამდვილეში მხოლოდ ერთად შეუძლიათ პუტინის შეჩერება და უკრაინის გადარჩენა“, დაამატა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ: ზელენსკი ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებს ხვდება

ევროკავშირის დიპლომატებმა თქვეს, რომ მათი მიზანია ტრამპს ნათელი სიგნალი გაუგზავნონ უკრაინისადმი მათ უწყვეტ მხარდაჭერაზე და გააკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში უკრაინა უნდა იყოს ჩართული და მის ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ.

ანტონიო კოსტამ, რომელიც ევროკავშირის სამიტს, ევროსაბჭოს ახალი პრეზიდენტის რანგში პირველად თავმჯდომარეობდა, განაცხადა, რომ ევროკავშირმა სამართლიანი და ხანგამძლე მშვიდობისთვის უნდა იმუშაოს.

„ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს მხოლოდ ევროპას არ ეხება, ეს საერთაშორისო სამართლის საკითხია. საერთაშორისო სამართალმა უნდა გაიმარჯვოს და აგრესია უნდა დამარცხდეს“, უთხრა კოსტამ ჟურნალისტებს.

ტრამპმა ომის სწრაფად დამთავრებისკენ არაერთხელ მოუწოდა. ორშაბათს მან თქვა, რომ ზელენსკი მზად უნდა იყოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს, თუმცა არ უთქვამს ეს თუ ნიშნავს იმას, რომ კიევმა შეთანხმების ფარგლებში მოსკოვს ტერიტორია დაუთმოს.

ევროკავშირის სამიტის დასკვნის პროექტში ნათქვამია, რომ „რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ და იქვე ნათქვამია, რომ უკრაინის საკითხზე არანაირი ინიციატივა კიევის ჩართულობის გარეშე არ უნდა განხორციელდეს.