ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის შემუშავებულ გრძელვადიან გეგმას, რომელიც "დიდმა შვიდეულმა" კიევს შესთავაზა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ის ვერ ჩაანაცვლებს ნატოში მისი ქვეყნის გაწევრიანების მკაფიო ვადების საჭიროებას.
"დიდი შვიდეულის" გეგმის შესახებ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც კიევმა არ დამალა თავისი უკმაყოფილება ვილნიუსში გამართულ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. ლიეტუვის დედაქალაქში გაკეთებულ, ნატოს ლიდერთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინის მიწვევა ალიანსში მოხდება მაშინ, როცა მოკავშირეები ამაზე შეთანხმდებიან და წინაპირობები შესრულდება". თუმცა, განცხადება არაფერს ამბობს კონკრეტულ ვადებზე, ან იმაზე, თუ რა პირობების შესრულებაზეა საუბარი.
"საუკეთესო გარანტია უკრაინისთვის ნატოში ყოფნაა", - თქვა ზელენსკიმ ვილნიუსში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 12 ივლისს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს.
ასევე მიმდინარეობს შეხვედრები ახლადშექმნილ ნატო-უკრაინის საბჭოში. მუდმივი საკონსულტაციო ორგანოს მუშაობაში უკრაინასთან ერთად, ნატოს 31-ვე მოკავშირე იღებს მონაწილეობას.
ასევე ნახეთ: ზელენსკი ნატოზე: „აბსურდულია, რომ არ არის დადგენილი უკრაინის არც მიწვევის და არც წევრობის ვადები"იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა "ნატოსთან ახლა უფრო ახლოსაა, ვიდრე - როდესმე". ალიანსის გენერალური მდივანი ხაზს უსვამს, რომ დღეს მთავარია ამ ომის დასრულება და ამ მიზნით "უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სანდო ზომების მიღება გრძელდება, რათა არ მოხდეს ისტორიის მაგალითის განმეორება". ზელენსკის გვერდით მდგომმა სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას დასძინა: "მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ჩვენ ერთმანეთს მოკავშირეების როლში შევხვდებით".
რაც შეეხება "დიდი შვიდეულის" გეგმას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შემუშავდა, მის შესახებ განცხადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. რიში სუნაკის განმარტებით, უკრაინას მიეწოდება მეტი თავდაცვითი საშუალება, გაღრმავდება და დაჩქარდება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება, გაიზრდება მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვაში კიბერ- და ჰიბრიდული საფრთხეების მიმართულებით, გაფართოვდება სამხედრო და სხვა სახის საწვრთნელი პროგრამების მასშტაბი და მოხდება უკრაინის სამრეწველო ბაზის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა.
"ნატოს წევრობის გზაზე მათი პროგრესის ხელშეწყობა, მრავალმხრივი თუ ორმხრივი ფორმალური ხელშეკრულებებით უზრუნველყოფასთან ერთად, და ასევე ნატოს წევრების უსაზღვრო მხარდაჭერით, ეს ძლიერ სიგნალს გაუგზავნის [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.
"დიდი შვიდეულის" მიერ მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ფორმალურ განცხადებას ვილნიუსში ბაიდენის და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ ელოდებიან. თუმცა, რუსეთს უკვე ჰქონდა საპასუხო რეაქცია და თქვა, რომ ეს "შეცდომაა".
მოსკოვში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის მთავრობის აზრით, ეს "ძალზე არასწორი და პოტენციურად სახიფათო" ნაბიჯია. პესკოვი აცხადებს, რომ "უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემით, ისინი რუსეთის უსაფრთხოებას არღვევენ".