ზელენსკი დღეს კონგრესსა და თეთრ სახლში შეხვედრებს მართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გეგმავს, ამერიკელ კანონმდებლებს თხოვნით მიმართოს, რათა შეინარჩუნოს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა, რუსეთთან ბრძოლაში. ზელენსკი დღესვე, კონგრესის შემდეგ თეთრ სახლს ეწვევა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

„თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმის ბორცვზე გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი გარემოცვაა“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, ვაშინგტონში, სამხედრო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას.

აშშ-ის ახლად გასაჯაროებული სადაზვერვო მონაცემები აჩვენებს, რომ „როგორც ჩანს, რუსეთს სჯერა, რომ ზამთარში სამხედრო ჩიხი, უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერას შეაფერხებს“ და საბოლოოდ, დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს უპირატესობას მისცემს. ამ სადაზვერვო ინფორმაციის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ადრიან უოტსონმა ისაუბრა.

ასევე ნახეთ: ყველაზე დიდ უკრაინულ მობილურ ოპერატორზე კიბერ შეტევა განხორციელდა


კონგრესის წლიურ შესვენებამდე სულ რაღაც სამი დღეა დარჩენილი და წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ამ დრომდე უარს ამბობდნენ 106 მილიარდი დოლარის ღირებულები კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც შეიცავს უკრაინის დახმარებას. რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებების გარეშე, წარმოდგენილ დახმარების პაკეტს მხარს არ დაუჭერენ.

პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ზელენსკის თანაშემწეები თვლიან, რომ პუტინი, რომელმაც გასულ კვირას, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, ელოდება, როდის შესუსტდება დასავლეთის დახმარება და ინტერესი უკრაინის მიმართ. ამ მოსაზრებას იზიარებენ ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც დღესვე, კონგრესს, უკრაინისადმი დახმარებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ თხოვნას გაუგზავნიან.

პრეზიდენტმა ბაიდენმა კი თქვა, რომ „ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ზურგს აქცევს თავისუფლებას.“

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ პუტინი, ნატო წევრ ევროპელ მოკავშირეს თავს დაესხმება, ამერიკელ ჯარისკაცებს მოუწევთ, რუსული ძალების წინააღმდეგ იბრძოლონ.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა, ბაიდენის ადმინისტრაციისადმი გასულ კვირას გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა, რომ კანონმდებლებს სჭირდებათ მეტი დეტალები უკრაინაში ადმინისტრაციის მიზნების შესახებ და ეს საკითხი იმიგრაციას დაუკავშირა.

„უკრაინის დამატებითი დაფინანსება დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების კანონებში ტრანსფორმაციული ცვლილებების ამოქმედებაზე“, - ნათქვამია სპიკერის წერილში.

ასევე ნახეთ: ზელენსკის თეთრ სახლში ელიან


ჯონსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის კვლავ ელოდება თეთრი სახლის პასუხს. "მათ უკან არაფერი გამოუგზავნიათ“, - უთხრა მან კონსერვატიულ რადიოს წამყვანს ჰიუ ჰიუიტს. მან ასევე მოითხოვა დემოკრატი პრეზიდენტის უშუალო ჩართვა კანონპროექტზე მოლაპარაკებებში და თქვა, რომ ეს იყო "ძალიან დაგვიანებული".

თეთრმა სახლმა კონგრესს 4 დეკემბერს განუცხადა, რომ წლის ბოლოს მთავრობას აღარ ექნება დაფინანსება უკრაინისთვის მეტი იარაღის მისაწოდებლად. კონგრესმა დაამტკიცა 110 მილიარდ დოლარზე მეტი უკრაინას 2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მაგრამ ახალი თანხები მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა იანვარში დემოკრატებისგან პალატა გადაიბარეს, ჯერ კვლავ დავის საკითხია.