რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა რუსებს ერთიანობისკენ მოუწოდებს. საკუთარი "ტელეგრამის" არხზე მან განაცხადა, რომ მტერი რუსეთში სამოქალაქო დაპირისპირებას ვერ ეღირსება.
„ერთი მთავარსარდალი გვყავს. არა ორი, არა სამი. ერთი. და მან ყველას გაერთიანებისკენ მოუწოდა. ეს არის ახლა მთავარი. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც პიროვნული საჭიროება უნდა გადავდოთ. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ 100%-ით მართალი ხართ“, - წერს ზახაროვა და ამატებს: „მტერი მხოლოდ ჩვენს სამოქალაქო დაპირისპირებას ელოდება. ვერ ეღირსება!“
Your browser doesn’t support HTML5
23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.
ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.
პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
ასევე, პარასკევს, 23 ივნისს, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხემძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ბრალდებით. აღნიშნულის შესახებ, რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინებოდა, რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.