ღარიბი და ომებით განადგურებული ქვეყნები პანდემიის პირისპირ

მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 10 მილიონზე მეტი, გარდაცვალების კი - 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს რიცხვები გაცილებით მცირეა იმ რეალურ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, ქვეყნებში არსებობს. ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობების თუ მსუბუქი შემთხვევების არ აღრიცხვის და სხვა პრობლემების გამო, პანდემიის მასშტაბები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.

თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ყველაზე მეტი კეთილდღეობის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც კი კორონავირუსის მქონე პაციენტების რაოდენობას გაჭირვებით უმკლავდებოდნენ, ჯანდაცვის ექსპერტები შიშობდნენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მალე ღარიბი ან ომგამოვლილი თუ ახლაც ომში მყოფი ქვეყნები და მათი მოსახლეობა აღმოჩნდებოდა. ამ შიშების ნაწილი უკვე გამართლდა.

მუმბაი, ინდოეთი

იემენის სამხრეთში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები საკუთარ პოზიციებს მასობრივად ტოვებენ, რადგან საკმარისი დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ, ზოგიერთი ჰოსპიტალი კი სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტებსაც კი უკან აბრუნებს.

ომით განადგურებულ სუდანის დარფურის რეგიონში კი, სადაც ტესტირების ძალიან მცირე შესაძლებლობებია, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში მცხოვრებთა შორის კოვიდ-19-ის მსგავსი, მაგრამ მაინც უცნობი ვირუსი ვრცელდება.

დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კვლავ იზრდება ინდოეთსა და პაკისტანში. ორივე ქვეყნის საერთო 1.5 მილიარდი მოსახლისთვის, სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობის აზრით, კარანტინის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

სამხრეთ ამერიკა

ბრაზილიას ახლა დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მხოლოდ შეერთებული შტატები უსწრებს. ქვეყნის ლიდერს ვირუსის გავრცელების შესაჩერებელი მკაცრი ზომების გატარება არ სურს. შემაშფოთებლად იზრდება მაჩვენებლები პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და პანამაშიც, თუმცა აქ საკარანტინე ზომები საკმაოდ ადრე მიიღეს.

ასევე ნახეთ: ამერიკაში კორონავირუსის ერთ დღეში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა


სამხრეთ ამერიკაში სიღარიბემ პანდემია გაამწვავა, რადგან მილიონობით ადამიანი იძულებული იყო არაფორმალური სამუშაო გაეგრძელებინა, შემდეგ კი იმ სახლებში დაბრუნებულიყო, სადაც ხშირად დიდ ოჯახებთან თუ ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა.

კარანტინმა ვირუსი ვერ შეაჩერა პერუშიც, ქვეყანაში, რომელიც სამთვიანი მკაცრი შეზღუდვების შემდეგაც კი დადასტურებული შემთხვევებით მე-6 ქვეყანაა. პერუს მოსახლეობა 32 მილიონი ადამიანია. სახელმწიფოს ინტენსიური ზრუნვისა და რეანიმაციის 88 % უკვე გამოყენებულია. ვირუსის გავრცელება კი არ ნელდება.

აფრიკა

სამწუხარო ცნობები ვრცელდება სამხრეთ აფრიკიდანაც, ქვეყნიდან, რომელსაც კონტინენტზე ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აქვს. ინფიცირებული პაციენტები კორიდორებში წვანან, რადგან საავადმყოფოში ადგილი აღარ არის.

იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა

მთლიანად კონტინენტზე დაფიქსირებული შემთხვევების ერთ მესამედზე მეტი სწორედ სამხრეთ აფრიკაშია. ის პანდემიის პიკს უახლოვდება. მხოლოდ კეიპ ტაუნში იმაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე კონტინენტის რომელიმე სახელმწიფოში, ეგვიპტის გარდა. ზოგიერთმა ქვეყანამ აფრიკაში, გაცილებით ადრე დაიწყო მოქმედება და სხვა დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილება გამოიყენა, მათ შორის, უგანდამაც.

მაგრამ მცირე გამონაკლისების გარდა, ღარიბი ქვეყნები მაინც გამორჩეულად მძიმე ვითარებაში არიან. დამცავი აღჭურვილობის სიმცირის გამო, მისი ფასი განსაკუთრებით გაიზარდა, ტესტირების შესაძლებლობა ასევე შეზღუდულია. კარანტინის ზომების დაცვა და კონტაქტების კვლევაც ბევრ რესურსს მოითხოვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები ამბობენ, რომ ტესტირება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პანდემიის რამდენიმე თვის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე განვითარებად ქვეყანას თუ შეუძლია, რომ კვირაში ათეულობით ათასი ტესტი ჩაააროს, რაც ვირუსის შესაკავებლადაა საჭირო.

ინდოეთი
ინდოეთში საკარანტინე შეზღუდვებმა ქვეყნის უმთავრეს ქალაქებში ურიცხვი მიგრანტის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. შიმშილისა და უსახლკარობის შიშით ათასობით ადამიანმა ავტომაგისტრალებს მიაშურა და მშობლიურ სოფლებსა თუ ქალაქებში ფეხით დაბრუნება გადაწყვიტა. ბევრი მათგანი ავიაკატსტროფებში დაიღუპა, ზოგიც - დეჰიდრატაციას შეეწირა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ საკარანტინე დაწესებულებები შექმნა და შინ დასაბრუნებლად ადამიანებს რკინიგზის სპეციალურ რეისებს სთავაზობს. ცალკე საკითხია ის, რომ მიგრაციამ ქვეყნის სასოფლო დასახლებებში ვირუსის გავრცელება უკვე გამოიწვია. ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურა კი ამგვარ დაწესებულებებში გაცილებით სუსტია.