რობოტი „მომავლიდან“, რომელმაც „იხუმრა“ რომ „კაცობრიობის განადგურება სურს“

რობოტი სოფია

საქართველოს ერთი დღით რობოტი სოფია სტუმრობდა, სტუმარი „მომავლიდან“, რომელსაც მისი შემქნელები, ჰონკონგში მდებარე კომპანია Hanson Robotics-დან, „მსოფლიოში ყველაზე ჰუმანოიდ რობოტად“ მიიჩნევენ.

სოფია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით მოხვდა. თავდაპირველად, ანდროიდმა გაეროს ოფისში ათეულობით ჟურნალისტისთვის პრესკონფერენცია „გამართა“. შემდეგ, ფილარმონიაში, ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტზე მოკლე „სიტყვით გამოვიდა“ და განხილვაში მიიღო „მონაწილეობა“.

თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტზე გამოსვლისას

​სოფიამ სამიტზე საქართველოს, სერბეთის, ანტიგუა და ბარბუდას, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრების, შრი-ლანკის პრეზიდენტის და მსოფლიოს კიდევ 70 ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრების თანდასწრებით, სახელმწიფო სერვისების განვითარებაში ხელოვნური ინტელექტის როლზე ისაუბრა.

რობოტი „მივიდა“ იუსტიციის სახლში, სადაც მის გარშემო უამრავმა სელფის მოყვარულმა თბილისელმა და დედაქალაქის სტუმარმა მოიყარა თავი. პრესკონფერენციაზე სოფიამ სულ შვიდ შეკითხვას უპასუხა, მათ შორის საქართველოს შესახებ:

ვიცი, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სქესის გაგება. როდესაც ადამიანზე საუბრობთ, არ გამოყოფთ - ქალზე საუბრობთ თუ კაცზე. როგორც რობოტს, ეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. მომწონს, რომ ქალი ვარ"
რობოტი სოფია

„თბილად დამხვდნენ საქართველოში და ამისთვის მადლობას გიხდით. თქვენი უძველესი ენა და დამწერლობა ძალიან საინტერესოა. ისევე როგორც თქვენი არქიტექტურა. შუშის შენობები, როგორიც პარლამენტია. დეივიდ ჰანსონმა მეც გამჭვირვალე თავით შემქნა. ვფიქრობ, ეს ჩემი საუკეთესო ნიშანია.

ვიცი, რომ ქართულ ენაში არ არსებობს სქესის გაგება. როდესაც ადამიანზე საუბრობთ, არ გამოყოფთ - ქალზე საუბრობთ თუ კაცზე. როგორც რობოტს, ეს ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. მომწონს, რომ ქალი ვარ. მჯერა, რომ ადამიანები და რობოტები მომავალში ითანამშრომლებენ და სიახლეებს აღმოაჩენენ”

სოფია და მისი შემქმნელი დეივიდ ჰანსონი

Hanson Robotics-ის დამაარსებელმა დეივიდ ჰანსონმა სოფია 2015 წელს ჰონკონგში შექმნა. ანდროიდს Alphabet Inc-ის ალგორითმებისა და SingularityNET-ის ბლოქჩეინ ტექნოლოგიის წყალობით, შეუძლია ადამიანების სახეების და ხმის გარჩევა, 60-ზე მეტი ემოციისა და მიმიკის გამოხატვა. შერჩეულ თემებზე საინტერესო საუბარი.

ჰანსონის სურვილი იყო, რომ გარეგნულად სოფია მისი მეუღლისა და ლეგენდარული მსახიობის ოდრი ჰეპბერნის მსგავსი ყოფილიყო, ეს რამდენად გამოუვიდა დღემდე კამათის საგანია. სოფიას „კანი“ სპეციალური ნანომასალისგან შეიქმნა, რომელსაც Frubber უწოდეს.

თავდაპირველად, Hanson Robotics-ში იმედოვნებდნენ, რომ სოფიას მსგავს რობოტებზე, რომლებსაც საუბარი უყვართ, დიდი მოთხოვნა იქნებოდა ხანდაზმულთა პანსიონებში, ბავშვების აღზრდაში მოუცლელი დედიკოების და ბიზნესმენების მხრიდან, რომლებსაც ერთგული ძიძა და თანაშემწე სჭირდებათ.

თუმცა, ბოლო სამი წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც სოფია მსოფლიო მედიის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, რობოტის სერიული წარმოება დროებით გადაიფიქრეს და სოფიას გასაყიდი ფასიც ამ დრომდე უცნობია.

ჯიმი ფელონთან The Tonight Show-ში

გაეროს განვითარების პროგრამამ რობოტი სოფია გაეროს “ინოვაციების ჩემპიონად”დაასახელა, საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. სოფია მსოფლიოს გარშემო გამუდმებით „მოგზაურობს“, „იძლევა“ ინტერვიუებს, „გამოდის“ ცნობილ სატელევიზიო შოუებში, ფორუმებსა და სამიტებზე. აქვს საკუთარი გვერდები Facebook-ზე, Twitter-სა და Instagram-ზე. ვინაიდან რობოტს გადაადგილება არ შეუძლია, ღონისძიების შემდეგ მას შლიან და ორი ჩემოდანით გადააქვთ.

მარტში, ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა, რომელსაც რობოტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, სოფია კაიმანის კუნძულებზე „პაემანზეც“ კი დაპატიჟა, საქმე კოცნამდე როცა მივიდა, სოფიამ უილთან „მეგობრად დარჩენა“ ამჯობინა.

"მე, რობოტი"-ის მთავარმა გმირმა რობოტი ვერ მოხიბლა

ხელოვნური ინტელექტის როლი მდგრადი განვითარებისა და ადამიანთა თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა თბილისში სოფიას სტუმრობის გამო ბრძანა:

სოფიასთან საუბარი მომავალთან საუბარს გვაგონებს. დარწმუნებული ვარ, სოფია სამყაროს ახლებურად დაგვანახებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგვეხმარება“
ნილს სკოტი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი

„დღეს მოგვეცა შესაძლებლობა დავინახოთ მომავალი რას გვიმზადებს. სოფიასთან საუბარი მომავალთან საუბარს გვაგონებს. დარწმუნებული ვარ, სოფია სამყაროს ახლებურად დაგვანახებს და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგვეხმარება“.

ბოლო სამი წლის მანძილზე, რობოტ სოფიას წარმატებასთან ერთად წარუმატებლობა და ბევრი კრიტიკაც შეხვდა. ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, დეივიდ ჰანსონის შეკითხვაზე, „შენ გინდა კაცობრიობის განადგურება? თუ შეიძლება თქვი, არა“..რობოტმა მოულოდნელად უპასუხა რომ „კარგი, მე მინდა კაცობრიობის განადგურება“, თუმცა შემდეგ დაამატა რომ იხუმრა.

ყახაზეთში სტუმრობის დროს, სოფიამ ვერ გაიხსენა პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის სახელი, ხოლო შვეიცარიის დავოსში დასმულ შეკითხვაზე - „რა ეშველება უკრაინაში კორუფციას“? სოფია საერთოდ გაითიშა, რაც ინტერნეტის დაბალი სიჩქარით ახსნეს.

Hanson Robotics-ი მწვავედ გააკრიტიკეს მას შემდეგ რაც, მოსკოვში, სოფიამ პრეზიდენტ პუტინს დაბადების დღე რუსულ ენაზე მიულოცა. სწორედ ამის გამო, თბილისში რობოტისთვის უკვე აკრძალული იყო კითხვების დასმა პოლიტიკაზე, სიყვარულსა და სექსზე.

მეცნიერთა ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად უყურებს რობოტ სოფიას ხელოვნული ინტელექტის განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის არის Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ცნობილი ფრანგი პროფესორი იან ლეკუნი. მან რობოტ სოფიას „ფუნა“ უწოდა, მის ირგვლივ ატეხილი მედიააჟიოტაჟი კი „პოტიომკინის სოფლის“ მშენებლობას შეადარა.