„ვფიქრობ ქართველ მოსწავლეებს გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდათ. ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც კარგად ჩანს მათ მიერ გაწეული რთული ფიზიკური შრომა. საქართველოს ჯგუფმა ძალიან საინტერესო პროტოტიპი შექმნა და ცდები ჩაატარა. მჯერა, რომ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი გამარჯვების კანდიდატები იქნებოდნენ,“ - ასე აფასებს ფლორიდაში, კენედის სახელობის ნასას კოსმოსურ ცენტრში ჩამოსული ქართველი მოსწავლეების გუნდს „სოლარი“ ჯეკ გრიმი, კონრადის ფონდის პრეზიდენტი.
ოთხი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი „სოლარი“ მეორე გუნდია, რომელიც საქართველოდან კონრადის ინოვაციების სამიტზე საკუთარი გამოგონებით ჩამოვიდა და „ელჩის“ სტატუსით, კონკურსგარეშე წარსდგა.
მათ გამოგონებას "მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია" ჰქვია და მისი მეშვეობით მზის ელემენტი 3 პროცენტით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს.
ჩვენს ტექნოლოგიას მსოფლიო ბაზარზე ანალოგი არ აქვსბექა მიქაძე, გამომგონებელი მოსწავლე
გიორგი მარგიანი, ბექა მიქაძე, გიორგი ნიორაძე და ვახტანგ კონტრიძე ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები არიან. შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით ინოვაციის კონკურსი საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოში მეორე წელია იმართება და მიზნად ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების წახალისებას ისახავს.
„ჩვენ ჯორჯიიდან ვართ, მაგრამ არა იმ ჯორჯიიდან, რომელიც გაიფიქრეთ, ჩვენ სხვა ჯორჯიიდან ვართ, ქვეყნიდან და დღეს ჩვენს გამოგონებას გაგაცნობთ,“ ამ სიტყვებით იწყებს პრეზენტაციას „სოლარის“ წევრი გიორგი მარგიანი, სცენაზე მასთან ერთად მისი სამი თანაგუნდელი დგას. მეცნიერებით, ასტრონავტებით, ჟუირის წევრებით და სხვასადხვა ქვეყნიდან ჩამოსული კონკურსანტებით სავსე დარბაზს დიდ ეკრანზე საქართველოს რუკას აჩვენებს.
გუნდის წევრები მათ გამოგონებაზე, ენერგიაზე, მზის ელემენტებზე, მათი ტექნოლოგიის უნიკალურობაზე და მნიშვნელობაზე სწრაფად და მონაცვლეობით ყვებიან. „სოლარი“-ს წევრებს ჟიური არ აფასებს, მაგრამ მათთან ერთად დარბაზში სერვანტესის სახელობის გიმნაზიის ორი დირექტორი ღელავს.
2002 წელს დაფუძნებული ქართულ-ინგლისურ-ესპანური სკოლის მოსწავლეებს ბევრ საერთაშორისო კონფერენციაში მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ „ნასაში“ პირველად არიან:
„ძალიან ვღელავდი, მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ ბავშვების გამოსვლით. გვასახელეს ჩვენმა ბავშვებმა,“ ამბობს ლელა ბოჭოიძე.
საქართველოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. მათ შესანიშნავი გამოგონება წარმოადგინეს.ნენსი კონრადი
ამაყია სკოლის დამფუძნებული ნონა ბოლქვაძეც: „როგორც კი ინოვაციების კონკურსი გამოცხადდა, დავუკავშირდით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ თემურ ჩიჩუას, რომელიც ამ ახალგაზრდების მენტორი გახდა. ერთად შუაღამემდე მუშაობდნენ, თავისი ხელით აქვთ აწყობილი მთელი ეს ხელსაწყო,“ ყვება ის.
სცენიდან ჩამოსულებს მათ გამოგონებაზე ვეკითხები, ვთხოვ ამ „ხელსაწყოზე“ ისე მოყვნენ, რომ მისი გაგება 10 წლის მოსწავლემ შეძლოს.
„მზის ელემენტის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია,“ ამბობს გუნდის წევრი გიორგი მარგიანი... მალევე ცდილობს ეს პროექტი, როგორც თვითონ ამბობს, უფრო „გასაგებ ენაზე“ ახსნას და დასძენს: „ანუ მათი ეფექტურობის გაზრდა," ამბობს და ისევ გამომგონებლის ენაზე ერთვეა: "ეს ხდება მათზე მოთავსებული სილიკონის აპკის ფორმირებით, რომელიც ახდენს სინათლის ინტენსივობის გადანაწილებას.“
გიორგი ნიორიძეს კი, ასევე გუნდის წევრს, სჯერა მათი მეთოდის მნიშვნელობის, „რადგან ჩვენ გავხდით ელექტრო-ენერგიას ხელმისაწვდომს და უფრო იაფს ვიდრე დღეს არის.“
ამ ტექნოლოგიაზე რამდენიმე თვიან მუშაობასთან ერთად რაც გუნდის წევრებს აერთიანებთ, მათი გამოგონების რწმენაა.
ბექა მიქაძისთვის მნიშვნელოვანთან ერთად გამოგონება უნიკალურიცაა: „მას მსოფლიო ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მის მიერ გამომუშავებული ელექტრული ენერგია მეტია, ვიდრე ქარხნების მიერ წარმოებული მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ენერგია.“
ვახო კონტრიძე კი მიიჩნევს, რომ გამოგონება მიმზიდველი უნდა იყოს ინვესტორებისთვისაც, რადგან: „ის უფრო ეფექტური იქნება და დააკმაყოფილებს მეტ ოჯახს მსოფლიოს მასშტაბით.“
„ელჩის სტატუსით“ წარდგენილი გუნდი სამიტის მასპინძლებისგან ქებას ისმენს, თანატოლი გამომგონებლებისგან კი ინტერესს და კითხვებს.
„საქართველოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს. მათ შესანიშნავი გამოგონება წარმოადგინეს. მზის ენერგიის 3 პროცენტით გაზრდა დიდი მიღწევაა," ამბობს ნენსი კონრადი, ფონდის დამფუძნებელი. 2008 წელს დაფუძნებული კონრადის ფონდი „აპოლო 12“-ს ასტრონავტის ჩარლზ პიტ კონრადის სახელს ატარებს.
ყოველწლიურ სამიტზე ახალგაზრდა გამომგონებლები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. „სოლარის“ წევრებმა იციან, რომ წინ კიდევ ბევრი კონკურსია, კონრადის ინოვაციების კონკურსში გასამარჯვებლად კი სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილებაა საჭირო: გამოგონების უნიკალურობა, მოთხოვნა და კომერციული მდგრადობა.
ყველაზე მთავარი მიზანი კი ისაა, რომ „ახალგაზრდებმა იფიქრონ,“ ამბობს ნენსი კონრადი და სამიტის მონაწილეების დიდ ჯგუფთან ერთად კოსმოსური ხომალდების ფონზე საერთო ფოტოს გადასაღებად მიდის.