ინტერაქციული ხელთათმანი გეიმერებისთვის, რომელიც ოპტიმუს პრაიმის ხელს მოგაგონებთ; ახალი თაობის ფოტორატორი - სურათების ბეჭდვისა და სელფის ფანებისთვის; მობილური აპლიკაცია - Plex, კონფერენციების სპიკერებისა და მსმენელთათვის; ვირტუალური სამარკეტო ტერმინალი ს-მარტი, ბავშვების მეგობარი რობოტები ედი და მაქსიმუსი და ჭკვიანი დათუნია TeddyBot, რომელიც თქვენი პატარის აღზრდისას საუკეთესო მეგობარი იქნება - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ინოვაციური პროექტებისა, რომელსაც ოქროყანაში, ინოვაციის ქუჩის 7 ნომერში, ნახავთ.
რაც მთავარია, აქ შეხვდებით უამრავ ფართოდ გახელილ და განცვიფრებულ თვალებს, გამომგონებლებსა და ინოვატორებს, რომლებიც პირველმა ქართულმა ტექნოლოგიურმა პარკმა გააერთიანა. საკმარისია, კარგი იდეა და აქ ყველაფერია: აქსელერატორითა და ინკუბატორით დაწყებული და თანამედროვე სატესტო აპარატურითა და საერთო სამუშაო სივრცით დამთავრებული.
მთავარი მიზანი: ქართველი ბილ ჰიულეტის (Hewlett-Packard), სტივ ჯობსის (Apple), ლარი ელისონის (Oracle), ელონ მასკისა( PayPal) და ჯეფ ბეზოს (Amazon) აღმოჩენაა. მთავარი კონცეფცია ქართული ტექნოპარკისა კი ის გახლავთ, რომ მრავალი კარგი იდეა, გამოგონება, სტარტაპები, თუნდაც ერთ დიდ ბიზნესად, მსოფლიო მნიშვნელობის ტექნოლოგიად ტრანსფორმირდეს.
გიორგი კინწურაშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს:
“ეს არის იდეალური სივრცე, ახალგაზრდებისთვის, გამომგონებლებისთვის, რომლებსაც აქვთ იდეა, იმისთვის, რომ ეს იდეა მიიყვანონ ბოლო ეტაპამდე და გახადონ პროდუქტი და ჩამოაყალიბონ კომპანია. აქ, ასეთი იდეების მქონე ადამიანებს, შეუძლიათ მიიღონ ყველა თანამედროვე რესურსი, რაც საჭიროა ამ უნიკალური იდეის კომერციულ პროდუქტად გარდაქმნისთვის.“
5 მილიონი ლარი, სწორედ ამ ოდენობის თანხა ჩაიდო ოქროყანის ტექნოპარკში, რომელსაც პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „მომავლის ინვესტიცია“ უწოდა. რეალურად ეს, რა თქმა უნდა უმნიშვნელო თანხაა იმ ქვეყნისთვის, სადაც ცოდნის ანუ ინოვაციური ეკონომიკა ამ დრომდე, შეიძლება ითქვას, რომ ჩანასახის მდგომარეობაშიც კი არ არსებობს.
დამოუკიდებელ საქართველოში არ ხდება გამოგონებების მატერიალიზება ინოვაციურ პროდუქტებში, თითზე ჩამოსათვლელია სახელმწიფოს და დიდი ბიზნესის დანახარჯები ინოვაციურ, მეცნიერულ კვლევებზე, დარღვეულია ე.წ ცოდნის სამკუთხედი: განათლება-მეცნიერება-ინოვაციური ბიზნესი.
ცოდნის ეკონომიკისა და გამოგონებების მხრივ, საქართველოში არსებულ უმძიმეს სიტუაციაზე არაერთი მსოფლიო რეიტინგი მეტყველებს. 2015 წლის ინოვაციის გლობალურ ინდექსში ჩვენი ქვეყანა მხოლოდ 73-ე ადგილს იკავებს. ყოფილი საბჭოთა ბანაკიდან წინ არიან: ესტონეთი(23), ლატვია(33), ლიტვა(38), მოლდოვა(44), რუსეთი(48), ბელორუსი(53), სომხეთი(61) და უკრაინა(64). რომ აღარაფერი ვთქვათ რეიტინგის ლიდერებზე: შვეიცარიაზე, დიდი ბრიტანეთზე, შვედეთზე, ჰოლანდიასა და აშშ-ზე.
2015 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 69-ეა, თუმცა, როგორც ინოვაციების, ისე ინოვაციის შესაძლებლობის კომპონენტში აქაც სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს, შესაბამისად: 121-ე და 118-ე ადგილები გვიკავია.
ქვეყნიდან პროფესიონალების გადინების, განათლების ხარისხის, სამეცნიერო კვლევების, უნივერსიტეტებისა და მრეწველობის კოოპერაციის, ვენჩერული კაპიტალის ხელმისაწვდომობის და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით, ამ დრომდე კრიტიკული მდგომარეობაა, რაც ნათლად ჩანს ცოდნის ეკონომიკისა მსოფლიო ინდექსში - 68 ადგილი საქართველოს.
მსოფლიო ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბორი ამბობს, რომ ჯერ ინოვაციების სააგენტოს, ახლა კი ტექნოპარკის დაფუძნება, საქართველოს მთავრობის სწორი სტრატეგიის ნაწილია.
„თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირება საქართველოს მთავრობის სწორი გადაწყვეტილებაა. სამყაროს მომავალი სწორედ ტექნოლოგიებისაა. ეს ძალიან ღირებული ინვესტიციაა, რომელიც სწორი გათვლების შემთხვევაში დიდ მოგებას მოუტანს როგორც საქართველოს, ისე რეგიონსა და მთელ მსოფლიოს.“
მსოფლიოში ტექნოლოგიური პარკების ისტორია გასული საუკუნის 50-იან წლებში იღებს სათავეს. მაშინ პროფესორმა ფრედერიკ ტერმანმა სტენფორდის უნივერსიტეტს, ინდუსტრიული ზონის შექმნის იდეა მიაწოდა, სადაც მაღალტექნოლოგიური კომპანიები იჯარით შევიდოდნენ და თან სტუდენტებს დაასაქმებდნენ.
მოგვიანებით, სწორედ ეს ზონა, კალიფორნიის ლეგენდარულ „სილიციუმის ველში“ ტრანსფორმირდა, ინოვაციური ტექნოლოგიების ნამდვილ აკვანში, სადაც დღეს ყველასთვის ცნობილი, მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტები (Apple, Oracle, HP, Google, Facebook, Symantec, PayPal, Gilead, EA, Yahoo, Cisco, Sandisk, Seagate და ა.შ) მუშაობენ.
ყოველწლიური სუფთა მოგება „სილიციუმის ველზე“ 200 მილიარდ დოლარს აღემატება, კალიფორნიის შტატი რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს, „სილიციუმის ველის“ გენიოსების წყალობით, ის მსოფლიოს მერვე ეკონომიკა იქნებოდა.